თურქეთის საგარეო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში მომხდარზე ესაუბრა - Anadolu
ბათუმში საფეხბურთო მატჩზე მომხდარი დაპირისპირების გამო თურქეთის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგებს ტელეფონით ესაუბრნენ. თურქული მხარე აცხადებს, რომ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავს, თურქულმა კლუბებმა კი პოლიციის ქმედებები დაგმეს.

ამ ინფორმაციას, მათ შორის, თურქეთის ახალი ამბების სამთავრობო გამოცემა Anadolu ავრცელებს. რადიო თავისუფლება ცდილობს საგარეო უწყების პრესცენტრისგან ინფორმაციის მიღებას - ამ ეტაპზე უშედეგოდ.
თურქული მედიის თანახმადვე, სატელეფონო საუბარი შედგა შინაგან საქმეთა მინისტრებს, მუსტაფა ჩიფთჩისა და სულხან თამაზაშვილს შორის.
სააგენტოს ცნობითვე:
ბათუმის მოედანზე იმყოფებიან საქართველოში თურქეთის საელჩოსა და ბათუმში გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები;
„მიიღება ყველა საჭირო ზომა მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მათი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად“;
„ყურადღებით ხდება თურქეთის იმ მოქალაქეების მდგომარეობის მონიტორინგი, რომლებიც ბათუმში იმყოფებიან“.
არსებული ცნობებით, არიან დაშავებულებიც.
მცირე ხნით ადრე თურქეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და პრესსპიკერი ომერ ჩელიქი ეხმაურება ბათუმში ბეშიქთაში-ჰაპოელის მატჩის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ქართველი სამართალდამცავები გააკრიტიკა.
ამასთან, 6-მა თურქულმა საფეხბურთო კლუბმა „ბეშიქთაშის“ მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა და „პოლიციის არაპროპორციული ჩარევა“ დაგმო.
ბათუმის ქუჩებში თურქეთიდან ჩამოსულ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოედანზე, „ბათუმი არენაზეც“ გაგრძელდა.
საფეხბურთო მატჩი თურქულ და ისრაელურ კლუბებს შორის დროებით შეაჩერეს და 22:45 საათზე კვლავ განახლდა.
გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე სკამები დაამტვრიეს. პოლიციამ აქაც გამოიყენა წიწაკის სპრეი.
დაპირისპირება უშუალოდ მოედანზეც გადავიდა.
გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, მობილიზებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.
სავარაუდოდ, არიან დაკავებულები - რადიო თავისუფლება ცდილობს მათი საერთო რაოდენობის დაზუსტებას შსს-სთან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…