პოლონელი ევროპარლამენტარი: არ მესმის, როგორ შეიძლება უკრაინისთვის თითქმის ხუთი წლის განმავლობაში აღჭურვილობისა და ფულის გადაცემის, უზარმაზარი რაოდენობის ლტოლვილების მიღებისა და მათთვის უმეტესწილად უფასო ჯანდაცვის უზრუნველყოფის შემდეგ, კვლავ „ბანკომატის“ როლი შევასრულოთ და ყველაფერს დავთანხმდეთ ყოველგვარი პირობის წამოყენების გარეშე
ევროპარლამენტარმა ევა ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკმა უკრაინისთვის გამოყოფილი ევროკავშირის სესხების პროცენტების დაფარვაში პოლონეთის შესაძლო მონაწილეობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქვეყანა „ბანკომატის“ როლს არ უნდა ასრულებდეს.

პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ევა ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკმა სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა განცხადება, რომელშიც უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების პროცენტების დაფარვაში პოლონეთის შესაძლო მონაწილეობა გააკრიტიკა.
მისი თქმით, ევროკავშირის 2028-2034 წლების ახალ ბიუჯეტში უკრაინისთვის გაცემული ორი ევროპული სესხის პროცენტებმა შესაძლოა 40 მილიარდ ევროს მიაღწიოს. პოლონურ რადიოსადგურ RMF FM-ზე დაყრდნობით, დეპუტატი აღნიშნავს, რომ თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ თანხას დამატებითი შენატანებით დაფარავენ, პოლონეთის წილი დაახლოებით 2 მილიარდი ევრო, ანუ 8 მილიარდ ზლოტზე მეტი იქნება.
„არ მესმის, როგორ შეიძლება უკრაინისთვის თითქმის ხუთი წლის განმავლობაში აღჭურვილობისა და ფულის გადაცემის, უზარმაზარი რაოდენობის ლტოლვილების მიღებისა და მათთვის უმეტესწილად უფასო ჯანდაცვის უზრუნველყოფის შემდეგ, კვლავ „ბანკომატის“ როლი შევასრულოთ და ყველაფერს დავთანხმდეთ ყოველგვარი პირობის წამოყენების გარეშე“, - წერს ზაიონჩკოვსკა.
ევროპარლამენტარის შეფასებით, პოლონეთის მთავრობა ქვეყნის ინტერესებს სათანადოდ არ იცავს და სხვისი სესხის პროცენტების გადახდისგან პოლონეთის გათავისუფლებას მაინც უნდა ითხოვდეს. მან ქვეყანაში არსებულ რთულ ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება.
„გვაქვს ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი, სახელმწიფო ვალის რეკორდული მაჩვენებელი, ჩვენი საჯარო ფინანსების პროგნოზები კი კატასტროფულია ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის შეფასებითაც კი, ჩვენ კი ბრმად მივდივართ მეზობლის მიმართ ახალ, მრავალმილიარდიან ვალდებულებებზე“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა და დასძინა, რომ მომავალი წლის არჩევნებზე ხელისუფლების შეცვლა პოლონეთის მოქალაქეების ინტერესების დასაცავად აუცილებელია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…