პროკურატურა ჭიათურაში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე მსჯავრდადებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე განცხადებას ავრცელებს
პროკურატურის განცხადებით, ჭიათურაში ჯგუფურ ძალადობაში მსჯავრდადებული ოთხი პირიდან ერთმა საპროცესო შეთანხმების სურვილი თავად გამოთქვა, დანარჩენებთან შეხვედრის ორგანიზებისთვის კი უწყებამ შსს-ს მიმართა.

საქართველოს პროკურატურა ჭიათურაში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე მსჯავრდადებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე განცხადებას ავრცელებს.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჭიათურაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ოთხი პირი დამნაშავედ ცნო. კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 20 იანვრის განაჩენით, ორი პირი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო ორი პირი ცნობილ იქნა დამნაშავედ ამავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 9 სექტემბრის განაჩენით.
მითითებულ საქმეზე ოთხი მსჯავრდებულიდან ერთმა თავად გამოთქვა სურვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. დანარჩენი სამი მსჯავრდებულის პოზიციის გარკვევის მიზნით, მათი ოჯახის წევრების ინფორმირებისა და პროკურატურაში შეხვედრის ორგანიზების უზრუნველსაყოფად, დახმარებისთვის მიემართა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის თანამშრომლებს.
თანამშრომლებმა ოჯახის წევრებს განუმარტეს, რომ სურვილის შემთხვევაში, შეეძლოთ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოცხადება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრა,"- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…