კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებზე: ეს ყველაფერი იფუთებოდა, თითქოს კეთილი საქმეები უნდა გაეკეთებინათ, რეალურად კი დაქირავებული აგენტურა იყო
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში რევოლუციურ სცენარებსა და გადატრიალებას აფინანსებდნენ, თანხის 95% კი ამ მიზნებზე იხარჯებოდა.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ არასამთავრობოების სახელით მოქმედი ორგანიზაციები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობასა და რევოლუციურ სცენარებს აფინანსებდნენ, რაც მოქმედი ხელისუფლებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო.
ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ იმ მონაცემებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) თანამშრომლობდნენ.
მისი განმარტებით, ქვეყნის ხელისუფლებამ ამ თემაზე საუბარი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცოდა, თუ რასთან ჰქონდა საქმე.
"რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, თუმცა ჩვენთვის ახალი არ არის. ჩვენ ამაზე რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ საუბარი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცოდა და არ ჰქონდა ინფორმაცია, რასთან გვქონდა საქმე - ვინ აორგანიზებდა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს, ვინ აორგანიზებდა ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნას, ვინ აორგანიზებდა საზოგადოების პოლარიზებას. ამაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა წლების განმავლობაში. ეს ყველაფერი იფუთებოდა, თითქოს რაღაც კეთილი საქმეები უნდა გაეკეთებინათ, თუმცა რეალურად, თანხის 95% მიდიოდა სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობაში. მათ ადგილზე ჰქონდათ შექმნილი ეს ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რეალურად კი დაქირავებული აგენტურა იყო", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი მიდგომა ვრცელდებოდა ყველა იმ ქვეყანაზე, სადაც საკუთარი პოლიტიკური ხაზის გატარების სურვილი არსებობდა.
"მხოლოდ საქართველოში არ მოქმედებდნენ ამ პრინციპით. ზოგადად, ყველა იმ ქვეყანასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა ჰქონდათ, სადაც საკუთარი ინტერესის, პოლიტიკური ხაზის გატარების სურვილი ჰქონდათ, რათა თავიანთი ქვეყნის ინტერესები გაეტარებინათ სხვა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე. როცა დასჭირდებოდათ, ამ ვითომ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ააყვირებდნენ და მზად იყვნენ, გადაედგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნის, სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ იქნებოდა გადადგმული. გვაქვს ამის კონკრეტული მაგალითები. ეს ძალიან მძიმე კრიმინალია", - აღნიშნა თბილისის მერმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…