არქიტექტორი ჯოა ჰარტი "იგლ ჰილსის"პროექტზე: გზები და კომუნალური ქსელები ისე დაიგეგმება, რომ ჰარმონიულად ერგებოდეს ადგილზე არსებულ ბუნებას და გარემოს - უნდა შენარჩუნდეს ბუნებაში ცხოვრების განცდა
თბილისსა და გარდაბანში „იგლ ჰილსის“ 6,6-მილიარდიანი პროექტის განაშენიანების გეგმა განიხილეს. არქიტექტორ ჯოა ჰარტის განცხადებით, ინფრასტრუქტურა ისე დაიგეგმება, რომ ბუნებაში ცხოვრების განცდა შენარჩუნდეს.

გარდაბნის კულტურის ცენტრში, თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა. განაშენიანების გეგმას "იგლ ჰილს საქართველო" სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ განსაზღვრული ტექნიკური დავალების შესაბამისად ამუშავებს. საჯარო განხილვის ფარგლებში წარმოადგინეს ტერიტორიის განვითარების ხედვა, დაგეგმილი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი და რეკრეაციული სივრცეები.
საჯარო განხილვის მიზანი დაინტერესებული პირებისთვის დოკუმენტაციის გაცნობა, მათ კითხვებზე პასუხის გაცემა და მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მოსმენაა.
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის, "იგლ ჰილსის" უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციის მოცულობა 6,6 მილიარდი ამერიკული დოლარია. ეს საქართველოს ისტორიაში საერთაშორისო ინვესტორის მხრიდან ყველაზე მასშტაბური კაპიტალდაბანდებაა, რომელიც თბილისსა და გონიოში საცხოვრებელი ბინების, სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების, იახტ კლუბის, კომერციული ფართებისა და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობას უნდა მოხმარდეს.
არქიტექტორი ჯოა ჰარტი აღნიშნავს, რომ ამ პროექტის მიზანია შენარჩუნდეს ბუნებაში ცხოვრების განცდა და მაქსიმალურად კომფორტული გახდეს რეკრეაციული სივრცეები, ასევე უსაფრთხოების დაცვის მიზნით გათვალისწინებული იქნება ყველა საჭიროება.
"ჩვენ მსგავსი პროექტები არაერთ ქვეყანაში გვაქვს განხორციელებული. "იგლ ჰილსს" საქართველომ 6 პრიორიტეტი დაგვისახა. პირველი სამი მათგანი უკავშირდება მიწას, ჩვენ დაგვევალა შეგვენარჩუნებინა ტერიტორიის ბუნებრივი სილამაზე და დაგვეშვა, რომ ეს გეგმარება ხეების და წყლის თავისებურებებზე იქნებოდა დაფუძნებული და მორგებული.
ასევე პრიორიტეტია ინფრასტრუქტურა, გზები და კომუნალური ქსელები ისე დაიგეგმება, რომ ჰარმონიულად ერგებოდეს ამ ადგილზე არსებულ ბუნებას და გარემოს. უნდა შენარჩუნდეს ბუნებაში ცხოვრების განცდა. სახლებს შორის რეკრეაციული სივრცეები და ბილიკებია, რაც ფეხით გადაადგილებას კომფორტულს და სასიამოვნოს გახდის. წყლის ნაპირები, რომელიც უბნებში იქნება უცვლელი დარჩება, უსაფრთხოების დაცვის მიზნით გათვალისწინებული იქნება ყველა ზომა", - აცხადებს ჯოა ჰარტი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…