კობახიძემ რუსეთთან მოლაპარაკების წარუმატებლობაც “დიპ სტეიტს” დაუკავშირა
ირაკლი კობახიძემ რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის კომპანიების წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს „სრული აბსურდი“ უწოდა და პროცესში „დიპ სტეიტის“ როლი და მოსყიდული საშუალო რგოლის კვალი დაინახა.

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იზიარებს რუსეთთან მომლაპარაკებლის, გიორგი ზურაბაშვილის შეფასებებს გალუზინთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით. რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის კომპანიების წინააღმდეგ დასახელებულ ბრალდებებს „სრული აბსურდი“ უწოდა და ამ ამბავშიც “დიპ სტეიტის” როლი დაინახა.
კობახიძის თქმით, ის მიესალმება გიორგი ზურაბაშვილის მიერ საზოგადოების ინფორმირებას და მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების შინაარსის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირთან, ისე რუსეთთან დიალოგის შემთხვევაში.
მისი განმარტებით, ქართული მხარის მოლოდინი იყო, რომ ღვინის კომპანიებთან დაკავშირებული საკითხი უმარტივესად მოგვარდებოდა და სანქციების სია სრულად ანულირდებოდა. კობახიძემ აღნიშნა, რომ მიხაილ გალუზინის მიერ დაყენებული სამივე საკითხი: ღვინის ხარისხი, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და ანტირუსულ პროპაგანდაში ჩართულობა – შვიდივე კომპანიის შემთხვევაში „სრული აბსურდია“. მისი შეფასებით, რუსული მხარის ინფორმაცია სიიდან გარკვეული კომპანიების ამოღებისა და დამატებით ორი კომპანიის შეყვანის შესაძლებლობაზე „აბსოლუტურად არასწორი დამოკიდებულებაა“.
აღნიშნული გადაწყვეტილების კომენტირებისას კობახიძემ პარალელი გაავლო “დიპ სტეიტის მიერ მართული” ევროპულ ბიუროკრატიასთან მოლაპარაკებებთან და განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებშიც „იგივე ტენდენცია“ იკვეთება:
„დიფ სთეითს“ აქვს საკმაოდ დიდი გავლენები, შეიძლება თავისუფლად საშუალო რგოლი აქაც იყოს მოსყიდული. ხელწერა არის ზუსტად იგივე: საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება… ეს [სანქცირებული კომპანიების] სია პირდაპირ არის წინააღმდეგობაში რუსეთის ფედერაციის, მათ შორის, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან“.
კობახიძემ გვარების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხს „კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში“ და პრობლემა ამოიწურება.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა კონკრეტულ შეთანხმებებს მიაღწიეს მხარეებმა და რა იყო შეხვედრის პოზიტიური შედეგი, რის შესახებაც მანამდე კეთდებოდა განცხადებები, კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბაშვილმა სამი კატეგორიის საკითხები გამოყო: ნეგატიური (ღვინის საკითხი), ტექნიკური და ეგრეთ წოდებული პოზიტიური საკითხები.
მისი თქმით, „პოზიტიურ“ ნაწილში ნახსენები უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა და ერთობლივი კონფერენციების მოწყობა, ერთი შეხედვით, ცუდი არ არის, თუმცა მასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს. მისი თქმით, დღევანდელ ვითარებაში მსგავსი ინიციატივები შესაძლოა ოპოზიციამ პროვოკაციებისთვის და მოქმედი ხელისუფლების ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენოს.
დეოკუპაციის საკითხზე დასმული კითხვების საპასუხოდ კობახიძემ განმარტა, რომ შეხვედრაზე ამ თემაზე ორივე მხარემ თავისი პრინციპული, დღემდე არსებული პოზიცია დააფიქსირა.
ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა უარი თქვა დეოკუპაციაზე.
მისი თქმით, ღვინის თემისგან განსხვავებით, ეს „ძალიან მძიმე მემკვიდრეობა“ და რთული საკითხია, რომელიც ერთ დღეში ან ერთ წელიწადში ვერ გადაიჭრება. კობახიძის შეფასებით, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება და დეოკუპაცია ქვეყნის უმთავრესი ამოცანაა, ხოლო ტექნიკური საკითხების მოგვარება შეიძლება „ირიბად იყოს გასაღები“ საბოლოო მიზნის მისაღწევად.
დიალოგის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე საუბრისას კობახიძემ აღნიშნა:
„დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო: რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა. პოლიტიკა იცვლება, მაგრამ ხალხი რჩება ხალხად და, ბუნებრივია, ანტარქტიდაც რომ დადნეს, ჩვენ დავრჩებით მაინც მეზობლებად“.
ამასთან, მან დასძინა, რომ დიალოგი კონკრეტულ პრინციპებსა და ობიექტურ ინტერესებს უნდა ეფუძნებოდეს.
კობახიძემ განაცხადა, რომ თუ მხარეები შეთანხმებიან შემდეგი შეხვედრების დედაქალაქებში გადატანას, პრინციპულად მნიშვნელოვანია შეხვედრები მონაცვლეობით გაიმართოს როგორც მოსკოვში, ისე თბილისში.
ჟურნალისტებმა მიუთითეს, რომ გიორგი ზურაბაშვილი იმავდროულად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა, დაინტერესდნენ, ხომ არ უკავშირდება ეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და რატომ იყო შეხვედრაზე გამოფენილი საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო დროშები მაშინ, როცა აბაშიძე–კარასინის ფორმატში სახელმწიფო სიმბოლიკა არ გამოიყენებოდა.
კობახიძემ უარყო კავშირი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან და განმარტა, რომ მოსკოვში ზურაბაშვილი გაემგზავრება არა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი:
„მთავარი რა არის: არც ერთმა თუნდაც ჟესტმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს არაღიარების პოლიტიკას… რეალურად, არც დროშების განთავსება და არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ ეწინააღმდეგება არაღიარების პრინციპს“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…