პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანექსიისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ამზადებს - სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაქართველოს პარლამენტი

სუს-ის უფროსის მოადგილე დავით არჩვაძე აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში ანექსიისთვის ნიადაგს ამზადებს და პროცესების მართვაზე პასუხისმგებლობა სერგეი კირიენკოს დაეკისრა.

რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანექსიისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ამზადებს - სუსი
BM.GE

რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანექსიისკენ მიმართულ პოლიტიკას აგრძელებს და ამ მიზნით ადგილობრივ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზე კონტროლს აძლიერებს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ დავით არჩვაძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სუს-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, მოსკოვის მიზანი ოკუპირებულ რეგიონებში მხოლოდ მიმდინარე პროცესების მართვა არ არის - მოსახლეობის განწყობებსა და აღქმებზე ზემოქმედებით იგი ანექსიისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნასაც ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ 25 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუს-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშით უწყების უფროსი თამაზ ბორაშვილი წარსდგა, თუმცა მოადგილისგან განსხვავებით, მას 15-წუთიან გამოსვლაში ანექსიაზე არ უსაუბრია.

„რუსეთის პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებში არა მარტო პროცესების მართვას ისახავდა მიზნად, არამედ მოსახლეობის განწყობებსა და აღქმებში ანექსიისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ამზადებდა“, - განაცხადა დავით არჩვაძემ.

სუს-ის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს სერგეი კირიენკოს დაეკისრა. უწყება ამ გადაწყვეტილებას, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთში 2024 წლის ნოემბერში გამართული ანტირუსული საპროტესტო გამოსვლებისა და რუსეთისთვის სასურველი ე.წ. შეთანხმებების გატარების შეფერხებას უკავშირებს. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლების უკმაყოფილების მიზეზი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის არაეფექტიანი საქმიანობაც გახდა. შედეგად, კირიენკოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე უფრო სისტემური კონტროლი დაევალა.

ანგარიშის მიხედვით, კირიენკო 2025 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხრაჯერ იმყოფებოდა, მათ შორის აფხაზეთში - შვიდჯერ, ცხინვალის რეგიონში - ორჯერ. სუს-ის შეფასებით, მისი ჩართულობა ადგილობრივი ადმინისტრაციული პროცესების მართვაშიც გამოიკვეთა.

რუსეთის ახალი მიდგომის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ადგილობრივი მოსახლეობის განწყობებზე ზემოქმედებაა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსკოვი, ერთის მხრივ, საოკუპაციო რეჟიმების მხარდაჭერას ფინანსური დახმარებით ამყარებდა, მეორეს მხრივ კი, ანექსიის პროცესის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას აძლიერებდა, მათ შორის - ახალგაზრდების მონაწილეობით; მიმდინარეობდა ასეთი პირების დევნა და დისკრედიტაცია, ხოლო საოკუპაციო რეჟიმები ცდილობდნენ იმ ადამიანების იზოლირებას, რომლებსაც ანტირუსული განწყობების გავრცელება და ადგილობრივ მოსახლეობაზე გავლენის მოხდენა შეეძლოთ.

სუს-ის ანგარიშში ანექსიის პოლიტიკის ერთ-ერთ მიმართულებად ოკუპირებული ტერიტორიების რუსიფიკაციაა დასახელებული. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი ამ პროცესისთვის საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ პროექტებს იყენებს. ოკუპირებულ რეგიონებში აქტიურად მუშაობდნენ რუსული საგანმანათლებლო ცენტრები და „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობები, ხოლო ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობები ფართოვდებოდა.

ანგარიშის თანახმად, ოკუპირებული რეგიონების ე.წ. განათლების სამინისტროები და უნივერსიტეტები რუსულ ორგანიზაცია „ოდინთანაც“ თანამშრომლობდნენ, რომლის საქმიანობაც რუსეთის იდეოლოგიური ნარატივების გავრცელებას უკავშირდება. აფხაზეთში მისი წარმომადგენლობაც შეიქმნა.

უწყების შეფასებით, ეს პროექტები მხოლოდ განათლების სფეროში თანამშრომლობით არ შემოიფარგლება - მათი მიზანი ახალგაზრდებზე გავლენის გაძლიერება, რუსულ საინფორმაციო და იდეოლოგიურ სივრცეში მათი ინტეგრირება და ადგილობრივი იდენტობის შეცვლაა. ანგარიშში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ რუსეთის მიზანს ახალგაზრდების, მათ შორის ეთნიკურად ქართველი ახალგაზრდების იდეოლოგიური და კულტურული ასიმილაცია წარმოადგენს.

რუსეთის გავლენის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი ოკუპირებული რეგიონების ფინანსური დამოკიდებულებაა. სუს-ის მონაცემებით, 2025 წელს ცხინვალის რეგიონის ე.წ. ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით 80% რუსეთისგან მიღებული დაფინანსება იყო, აფხაზეთის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 38%-ს შეადგენდა. უწყების შეფასებით, ასეთი დამოკიდებულება მოსკოვს ადგილობრივ პროცესებზე ზემოქმედებისა და კონტროლის დამატებით შესაძლებლობას აძლევს.

ანგარიშში ასევე საუბარია რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის სავაჭრო, სატრანზიტო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე. ამ კონტექსტში სუს-ი გამოყოფს ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის ე.წ. აეროპორტის საკითხს, ასევე ოჩამჩირეს პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტის შექმნის გეგმებს. დოკუმენტის მიხედვით, მსგავსი პროექტები ოკუპირებული რეგიონის რუსეთის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ სივრცესთან დაკავშირებას ემსახურება.

ანექსიის პროცესის კიდევ ერთ მიმართულებად ანგარიშში უსაფრთხოების სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაა განხილული. კერძოდ, საუბარია რუსეთის „როსგვარდიასა“ და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის შესაბამის სტრუქტურებს შორის შეთანხმებაზე, რომელიც გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი წვრთნების დაგეგმვასა და ოპერატიული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. სუს-ის შეფასებით, ეს შეთანხმება რუსეთის სამხედრო-პოლიციური კონტროლის მექანიზმებს აფართოებს და ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებსა და რუსულ უწყებებს შორის პირდაპირ კოორდინაციას აძლიერებს.

უწყების შეფასებით, ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის კონტროლს არ ემსახურება - ისინი თბილისზე ზეწოლის ინსტრუმენტადაც გამოიყენება და პარალელურად ანექსიისთვის პოლიტიკური და საზოგადოებრივი საფუძვლის მომზადებას ისახავს მიზნად.

დავით არჩვაძის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავლენის გაძლიერების პარალელურად, საოკუპაციო ძალა ჰიბრიდული ინსტრუმენტების, მათ შორის ფინანსური და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებასაც აგრძელებდა.

„ძლიერდებოდა უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია, რაც აზიანებდა ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოს“, - აღნიშნა მან.

სუს-ის მონაცემებით, 2025 წელს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების 34, აფხაზეთის მიმართულებით კი 40 შემთხვევა დაფიქსირდა. ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევების რაოდენობამ, შესაბამისად, 55 და 3 შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი ცხელი ხაზი 1 960-ჯერ გააქტიურდა. ამასთან, ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობიდან 75 ადამიანი გათავისუფლდა, მათ შორის 33 - ცხინვალის რეგიონიდან, 42 - აფხაზეთიდან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურირუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანექსიისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ამზადებს - სუს
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საოკუპაციო ძალის აქტივობები დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული აგრესიული კამპანიის ფონზე ხორციელდებოდა - დავით არჩვაძემ პარლამენტში სუს-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები