ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ანტიდემოკრატიული ზომები, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ყველა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჰენა ვირკუნენი საქართველოს ხელისუფლებას ანტიდემოკრატიული ზომების გაუქმებისკენ, თვითნებურად დაკავებულთა გათავისუფლებისკენ და პაატა ბურჭულაძისთვის სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, კურსის შეუცვლელობის შემთხვევაში გაწევრიანება შეუძლებელი იქნება.

ჩვენ ვაკვირდებით პაატა ბურჭულაძის საქმეს, მისი სააპელაციო საჩივრის განხილვის პროცესში საქართველოს მოვუწოდებთ, უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო, – ამის შესახებ ტექნოლოგიური სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჰენა ვირკუნენმა განაცხადა ევროპარლამენტში, სადაც მიმდინარეობს დებატები რეზოლუციის პროექტზე – „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.
მისივე თქმით, ყურდაღებით აკვირდებიან „პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებულ სისხლის სამართლებრივ დევნასა და დაკავებებს“.
ამასთან, როგორც ჰენა ვირკუნენმა აღნიშნა, ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზას აშორებს.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებულ სისხლის სამართლებრივ დევნასა და დაკავებებს. 2024 წლიდან საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის კუთხით ვითარება სერიოზულად გაუარესდა. გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშში აღნიშნულია დემოკრატიული ინსტიტუტების მზარდი ეროზია, სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების წინააღმდეგ გაძლიერებული რეპრესიები, სამოქალაქო საზოგადოების სამოქმედო სივრცის კიდევ უფრო შევიწროება, ასევე ევროკავშირის მიმართ მტრული რიტორიკა და დეზინფორმაცია.
ამ კონტექსტში ჩვენ ასევე ვაკვირდებით პაატა ბურჭულაძის საქმეს. მისი სააპელაციო საჩივრის განხილვის პროცესში საქართველოს მოვუწოდებთ, უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო, სათანადო სამართლებრივი პროცედურების დაცვა და პატიმრობის შესაბამისი პირობები საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსიდან გამომდინარე ვალდებულებების შესაბამისად.
პატივცემულო დეპუტატებო, ევროკავშირი კვლავ ერთგულია ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება მოლოდინებს, რომლებიც ევროკავშირს წევრობის კანდიდატი ქვეყნის მიმართ აქვს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზას აშორებს“, – აღნიშნა ჰენა ვირკუნენმა.
მისივე შეფასებით, თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს არ შეცვლის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესის მიღწევა შეუძლებელი იქნება.
„დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ ევროკავშირმა შეამცირა საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტების დონე და შეაჩერა დახმარება, რომლითაც უშუალოდ ხელისუფლება სარგებლობდა. 2026 წლის მარტში ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა.
ამავდროულად, ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც დემოკრატიული ღირებულებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დასაცავად მუშაობს.
ბატონო თავმჯდომარევ, პატივცემულო დეპუტატებო, გაფართოება არის და დარჩება პროცესად, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია თითოეული პარტნიორის მიერ მიღწეულ ობიექტურ პროგრესზე, პირველ რიგში, ევროკავშირში გაწევრიანების ფუნდამენტური კრიტერიუმების შესრულების კუთხით.
თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს არ შეცვლის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესის მიღწევა შეუძლებელი იქნება. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ანტიდემოკრატიული ზომები, გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი და ყველა პოლიტიკურ მხარესთან შინაარსობრივი დიალოგი დაიწყოს. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მომავლის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება, თუ საქართველო კურსის შეცვლას და ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებთან კვლავ შესაბამისობაში მოსვლას გადაწყვეტს“, – აღნიშნა ევროპლამენტარმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…