საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთსა და უკრაინაში: აღმაშფოთა ინფორმაციამ, რომ შემდეგი რაუნდები შესაძლოა, მოსკოვში ან თბილისში შედგეს
ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების რაუნდების მოსკოვსა ან თბილისში შესაძლო გამართვა ოფიციალური ურთიერთობების დამკვიდრებას წააგავს.

"ძალიან აღმაშფოთა ამ ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ შემდეგი რაუნდები შესაძლოა, მოსკოვში ან თბილისში შედგეს" - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთსა და უკრაინაში, ამჟამად კი პარტია “ჯერ საქართველოს“ წევრი ვალერი ჩეჩელაშვილი მინსკიდან გავრცელებულ ცნობებს, რომლის თანახმადაც მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის შემდეგი მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს.
"ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, ვიკა ბუკიასთან ინტერვიუში ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული უკვე ძალიან წააგავს რუსეთ-საქართველოს შორის უფრო მეტად ოფიციალური ურთიერთობების ხასიათის დამკვიდრებას.
ძალიან აღმაშფოთა ამ ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ შემდეგი რაუნდები შესაძლოა, მოსკოვში ან თბილისში შედგეს ადგილმონაცვლეობით, იმიტომ, რომ ეს უკვე ძალიან წააგავს უფრო მეტად ოფიციალური ურთიერთობების ხასიათის დამკვიდრებას. საერთოდ მიმაჩნია, რომ პრაღის ფორმატის შეცვლა მინსკით იყო უხეში დიპლომატიური შეცდომა, ვინაიდან ჩვენ ვიდრე მოლაპარაკების დაწყებამდე დავთმეთ პოზიციები, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველთვის მოითხოვდნენ რუსები ამ ფრომატის გადატანას მინსკში, ისევე როგორც ასევე მოითხოვენ ჟენევის ფორმატის გადატანას ასევე მინსკში. ამის დიდი ადვოკატი ყოველთვის იყო მიხეილ გალუზინი, რომელიც პირდაპირ ამის თაობაზე საუბრობს 2024 წლიდან დაწყებული. ასევე ისიც უნდა ვიქონიოთ მხედველობაში, რომ გალუზინი შემთხვევით არ არის დანიშნული ჩვენს ოპონენტად ამ მოლაპარაკებებში. ის საერთოდ კურირებს სამხრეთ კავკასიას. და ბატონი გალუზინი სულ უსვამს ხაზს, რომ სახრეთ კავკასიაში "ზა კავკასიეში" მათ ჰყავთ ორი ძალიან სანდო მეკავშირე, რომელთაც ეყრდნობიან აქ პოლიტიკის გატარების დროს და რომელთა დემოკრატიზაციასა და გაძლიერებაზე რუსეთი ყოველთვის იზრუნებს. მე ახლა ვიხილავ რა ტიპის მომლაპარაკებელი დაგვიყენეს ჩვენ ოპონენტად", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
მინსკში აცხადებენ, რომ მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის შემდეგი მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ რიჟენკოვმა განაცხადა.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, მინისტრმა თქვა, რომ მინსკის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ორივე მხარის წარმომადგენლებისგან მიიღო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…