ალტრუისტული სუროგაციის ნიღაბქვეშ, შეიძლება, კომერცია მაინც იპარებოდეს - თუ სუროგაციას მთლიანად ავკრძალავთ, რომელიმე მანიპულაციის იატაკქვეშა გარემოში ჩატარების ალბათობა მიზერულზე ნაკლები იქნება - მიხეილ სარჯველაძე
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სუროგაციის სრული აკრძალვის შემთხვევაში იატაკქვეშა მანიპულაციების ჩატარების ალბათობა მიზერული იქნება, რადგან ამ კომერციული მიმართულების შენარჩუნებას აზრი დაეკარგება.

გადაცემა "ღამის კურიერში", საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სუროგაციის აკრძალვის მიზანზე ისაუბრა და გერმანიის მაგალითს გაუხვა ხაზი. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სუროგაციის მთლიანად აკრძალვით, მიზერულზე ნაკლებია შანსი, რომ იატაკქვეშა მანიპულაციები ჩატარდეს და თითქმის განულდება და აზრი დაეკარგება ვინმესთვის ამ კომერციული მიმართულების ქონას და შენარჩუნებას.
"არსებობს, მაგალითად, [სუროგაციის] ალტრუისტული, არაალტრუისტული, კომერციული სახეობა და ა.შ., ალტრუისტულის ნიღაბქვეშ, შეიძლება ძალიან ხშირად იპარებოდეს რეალურად სრულიად სხვა რამ - კომერცია იპარებოდეს, ესეც ძალიან ხშირი მოვლენაა და ამასთან გამკლავებაც ძალიან გაუჭირდება ნებისმიერ სახელმწიფოს. თუ ჩვენ დავუშვებთ გარკვეულ კატეგორიაზე სუროგაციის შესაძლებლობას, ამ შემთხვევაში რისკები მაინც არსებობს. მთავარი რა არის - თუ ჩვენ ამას დავხურავთ, როგორც ამას აკეთებენ მაგალითად, გერმანელები, ასეთ შემთხვევაში, ვერ მოხდება, მშობელი დედის გარდა, ბავშვის სხვაზე რეგისტრაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ სუროგაციისთვის პერსპექტივა უბრალოდ არ არსებობს.
აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ რისკების დაზღვევა გვინდა, ეს არის ერთადერთი ქმედითი მექანიზმი, იმისთვის, რომ ეს რისკი იყოს დაზღვეული. თუკი დავტოვებთ შესაძლებლობას, რომ ასეთი რეგისტრაცია მაინც განხორციელდეს, ასეთ შემთხვევაში, ბევრად უფრო რთულია ასეთ რისკებთან გამკლავება და ეს რისკები მაინც ღიად რჩება. ყოველ შემთხვევაში, 100%- ით და ზუსტად დაზღვეულები ამასთან დაკავშირებით არ ვართ, მაგრამ თუ ჩვენ სუროგაციას მთლიანად ავკრძალავთ, ასეთ შემთხვევაში, მიზერულზე ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ რომელიმე მანიპულაცია და რომელიმე პროცედურა ჩატარდეს იატაკქვეშა გარემოში. ეს სრულიად სხვა შემთხვევაა, ამას ახსნა აქვს თავისი, უბრალოდ, აზრი ეკარგება ვინმესთვის ამ კომერციული მიმართულების ქონას და შენარჩუნებას", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამშობლად გახდომის უფლება მართლაც წმინდათა წმინდა და მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ - მიხეილ სარჯველაძე
ბავშვის უცხოეთში გაყვანის შემდეგ, რა ბედი ელის მას, ჩვენთვის უცნობია - არსებობს ტრეფიკინგთან დაკავშირებული რისკები - მიხეილ სარჯველაძე სუროგაციის აკრძალვაზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…