USAID-ის გასაჯაროებული ფაილები - როგორ სთავაზობდნენ USAID-ს Meta-სთან პირდაპირ კავშირს საქართველოში მიმდინარე პროტესტის ფონზე
USAID-ის გასაჯაროებული ფაილების თანახმად, 2024 წლის აგვისტოში, კომპანია DAI-ის წარმომადგენელი სააგენტოს Meta-ს მენეჯერთან პირდაპირი კონტაქტის დამყარებას სთავაზობდა. მიმოწერის საბაბი Civil Georgia-ს სტატია გახდა, რომელიც ყალბი რუსული გვერდების წაშლას ეხებოდა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გასაჯაროებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2024 წლის აგვისტოში, საქართველოში „გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე, USAID-ის კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელი სააგენტოს სოციალური ქსელების გიგანტ Meta-სთან პირდაპირი საკონტაქტო არხის დამყარებას სთავაზობდა.
2024 წლის 16 აგვისტოთი დათარიღებული ელექტრონული წერილით დგინდება, რომ კომპანია DAI-ის წარმომადგენელი რიჩარდ ჰეზელვუდი მიმართავს USAID-ის თანამშრომელ ლინა პანტელეევას. წერილის მიმღებთა სიაში ასევე ფიგურირებენ უწყების სხვა წარმომადგენლები და DAI-ის თანამშრომელი გივი ჭანუყვაძე.
მიმოწერის საბაბი გახდა გამოცემა Civil Georgia-ს იმავე დღის სტატია, რომელიც Meta-ს მიერ რუსული წარმოშობის ყალბი ანგარიშებისა და გვერდების წაშლას ეხებოდა.
ჰეზელვუდი წერილში აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, აქვს თუ არა USAID-ის მისიას პირდაპირი კავშირი Meta-სთან, თუმცა სააგენტოს კომპანიის ერთ-ერთ მენეჯერთან დაკავშირებას სთავაზობს.
„Meta-ს კონტენტისა და პროდუქტის პოლიტიკის მენეჯერი (დეზინფორმაციის მიმართულებით), მაიკ ბრედოუ ჩემი მეგობარი და კონტაქტია. ის 10 წლის განმავლობაში მუშაობდა USAID-ში როგორც ცენტრალურ აზიაში, ისე გარდამავალი ინიციატივების ოფისში. ის შესაძლოა კარგი საკონტაქტო პირი იყოს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
აღნიშნული მიმოწერა USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებული იმ ფაილების ნაწილია, რომელთა გასაჯაროებასაც ბოლო დღეებში აშშ-სა და საერთაშორისო მედიაში აქტიური განხილვა მოჰყვა. კრიტიკოსები ამ დოკუმენტებს სახელმწიფო სტრუქტურების, კონტრაქტორი ორგანიზაციებისა და ტექნოლოგიური პლატფორმების არაფორმალური კოორდინაციის მაგალითად განიხილავენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…