ბულინგი დანაშაულის აღიარებისთვის - მმართველი გუნდის თქმით, მსჯავრდებულებზე თავდასხმების ავტორების მიზანი დამნაშავეების პოლიტპატიმრებად გამოცხადება და ამ გზით ქვეყნის იმიჯის საერთაშორისო ასპარეზზე დაზიანებაა
მმართველი გუნდის განცხადებით, იმ მსჯავრდებულებზე თავდასხმის მიზანი, რომლებმაც დანაშაული აღიარეს და ციხე დატოვეს, დამნაშავეების პოლიტპატიმრებად გამოცხადება და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დაზიანებაა.
არც საპროცესო შეთანხმება, არც შეწყალების თხოვნა - ერთადერთი რასაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის გასამართლებული ზვიად ცეცხლაძის მამა უჭერს მხარს, სასჯელის ბოლომდე მოხდაა.
ბოლო ორი დღეა, ის აკრიტიკებს ყველას, ვინც, დანაშაულის მონანიების საფუძველზე, ციხე ვადაზე ადრე დატოვა. სხვა მსჯავრდებულების ნაცვლადაც, ამბობს, რომ 2024 წლის ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულებიდან აღიარებას ხელს აღარავინ მოაწერს.
სოციალურ ქსელში დაწყებული მადისკრედიტირებელი კამპანიის ერთი-ერთი მთავარი სამიზნე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ნიკოლოზ ჯავახიშვილია.
ჯავახიშვილმა, სავარაუდოდ, მოსალოდნელი თავდასხმების თავიდან ასარიდებლად, იცრუა და თქვა, რომ არც დანაშაული უღიარებია და არც შეწყალება უთხოვია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სწორედ თანამებრძოლების მხრიდან ბულინგის, ზეწოლისა და შანტაჟის ფონზე, კონკრეტული პატიმრები დანაშაულის აღიარებაზე უარს ამბობენ.
სასჯელის ბოლომდე მოხდას დანაშაულის აღიარება და ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება ამჯობინა ძალადობრივ აქციებში მონაწილე ათობით მსჯავრდებულმა, 4 ოქტომბრის მოვლენების რამდენიმე ორგანიზატორმა - ზოგმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებით, ზოგმა კი პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები კი მაინც იმ პატიმრების როლზე მიუთითებენ, რომლებიც დღემდე ჩადენილი დანაშაულის აღიარებაზე უარს ამბობენ.
დამნაშავეების პოლიტპატიმრებად გამოცხადება და, ამ გზით, ქვეყნის იმიჯის საერთაშორისო ასპარეზზე დაზიანება - სწორედ ეს მიზანი აქვთ, მმართველი გუნდის თქმით, მსჯავრდებულებზე თავდასხმების ავტორებს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ კონკრეტულმა პირებმა ჯერ ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს, ახლა კი, მათი დახმარებით, პოლიტიკური მიზნების მიღწევას ცდილობენ.
4 ოქტომბრის ვერშემდგარი რევოლუციის საქმის ფარგლებში დაკავებულებიდან უმეტესობა, აღიარების საფუძველზე, უკვე გათავისუფლდა, რამდენიმე დღის წინ კი, მიმართვის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა ძალადობრივ აქციებში მონაწილე კიდევ 8 პირი შეიწყალა.
ავტორი: ნანა გოგატაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…