მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მაშავერას გორაზე, მეცნიერებმა სავარაუდოდ ნეოლითური ხანის სამარხი და მცირეწლოვნის ძვლები აღმოაჩინეს, რაც საქართველოში ამ პერიოდისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლზე - მაშავერას გორაზე მიმდინარე გათხრებისას მეცნიერებმა, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს, რომელშიც მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა.
აღმოჩენა განსაკუთრებული სამეცნიერო მნიშვნელობისაა, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამ პერიოდის ძეგლებზე სამარხი აქამდე არ ყოფილა დაფიქსირებული. მოპოვებული მასალები დამატებით სამეცნიერო კვლევებს საჭიროებს, რის შემდეგაც აღმოჩენის ზუსტი მნიშვნელობის განსაზღვრა გახდება შესაძლებელი.
არქეოლოგიური გათხრების ადგილი დაათვალიერეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ თეა ონიანმა, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და მისმა მოადგილემ მიხეილ წერეთელმა, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ და მისმა პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ზაბახიძემ. ექსპედიციის ხელმძღვანელმა ჯონი აბულაძემ აღმოჩენის სავარაუდო დათარიღებისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
არქეოლოგიურ სამუშაოებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიცია ახორციელებს.
მაშავერას გორა მსოფლიოში ცნობილი შულავერი-შომუთეფეს არქეოლოგიური კულტურის (ძვ. წ. VI ათასწლეული) გამორჩეული ძეგლია. იგი ნეოლითურთან ერთად შუა საუკუნეების კულტურულ ფენებსაც მოიცავს, რაც ამ ტერიტორიაზე ადამიანის ხანგრძლივ ცხოვრებაზე მიუთითებს.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ძეგლზე გამოვლენილია ძვ. წ. VI ათასწლეულისთვის დამახასიათებელი წრიული და ოვალური გეგმარების მქონე ალიზის (გამოუწვავი თიხის აგურის) საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები. მოპოვებული არტეფაქტები მკაფიოდ ასახავს უძველესი მიწათმოქმედი საზოგადოების ყოფასა და განვითარების დონეს.
ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაბოლნისში, მაშავერას გორაზე სავარაუდოდ ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ამ პერიოდის ძეგლებზე პირველი სამარხია
არქეოლოგებმა მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს, რომელშიც მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა
არქეოლოგებმა ბოლნისში სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს, რომელშიც მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…