კახა ჩიქოვანი - ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი ვერ ექნება, რადგან ის სამომავლოდ კონკრეტული ქმედებების სახეს მიიღებს, რაც გამოიხატება, მათ შორის სანქციებში - ასეთი რეზოლუციები მტკივნეული იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის
კახა ჩიქოვანი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სანქციებსა და ფინანსური დახმარების შეზღუდვაში გარდაისახება და ხელისუფლებისთვის მტკივნეული იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ მინსკში გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრა რუსეთისკენ სვლასა და დიპლომატიური კავშირის აღდგენის მცდელობაზე მიუთითებს.

დღევანდელი დებატები და ის რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს, იქნება ძალიან მწვავე. ეს უნდა განვიხილოთ არა როგორც ერთი კონკრეტული ან ცალკეულ პირებთან დაკავშირებული საქმე, არამედ იმ ფართო დისკუსიის გაგრძელება, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით, - ამის შესახებ პარტია “თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ჩიქოვანმა ევროპარლამენტში დღეს დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც გაიმართება რეზოლუციის პროექტზე სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.
როგორც კახა ჩიქოვანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტის რეზოლუციას „ჩალის ფასს“ უწოდებს, სინამდვილეში ეს ასე არ არის, რადგან სწორედ „რეზოლუციების შედეგად წარმოიქმნება ახალ-ახალი ზეწოლის ბერკეტები, რომლებიც შესაძლოა ევროკავშირმა ან მისმა ცალკეულმა ქვეყანამ გამოიყენოს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ“.
„ეს დისკუსია საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, პოლიტიკური პლურალიზმის, მართლმსაჯულებისა და სხვა მიმართულებებით მდგომარეობის გაუარესებას ეხება და ამ კუთხით საქართველოს მაქსიმალურად დაშორებას ევროკავშირისგან. გაცხადებულია, რომ საქართველო მხოლოდ ფურცელზეა კანდიდატი ქვეყანა და მას აღარაფერი აკავშირებს იმ პრიორიტეტებთან და საშინაო დავალებასთან, რომლებიც უნდა შეასრულოს, რათა ამ ოჯახის წევრი გახდეს.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ისინი ყოველ ჯერზე აცხადებენ, რომ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, მაგრამ ეს ასე არ არის. რეზოლუცია, პირველ რიგში, არის პოლიტიკური დოკუმენტი და მის პოლიტიკურ დატვირთვას უნდა შევხედოთ, მას თავისი გავლენა ექნება პოლიტიკაზე, საერთაშორისო ურთიერთობებსა და ევროკავშირთან თუ მის წევრ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობაზე. მას ვერ ექნება ჩალის ფასი, რადგან ამ რეზოლუციის შედეგად წარმოიქმნება ახალ-ახალი ზეწოლის ბერკეტები, რომლებიც შესაძლოა ევროკავშირმა ან მისმა ცალკეულმა ქვეყანამ გამოიყენოს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.
მიუხედავად მათი რიტორიკისა, რომ არაფერი ანაღვლებთ, რა თქმა უნდა, ანაღვლებთ. ასეთი რეზოლუციები სამომავლოდ კონკრეტული ქმედებების სახეს მიიღებს, რაც გამოიხატება სანქციებში, ფინანსური დახმარების შეზღუდვაში, სავიზო რეჟიმსა და ევროპაში არშეშვებაში და ა.შ. ეს მტკივნეული იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის“,- განაცხადა კახა ჩიქოვანმა.
რაც შეეხება პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების საფუძველზე აქციებზე დაკავებული რამდენიმე პირის გათავისუფლებას, პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ყველა პატიმარმა უნდა გადადგას ეს ნაბიჯი, რადგან „მათი თავისუფლება და მათი ჩვენს გვერდით ყოფნა უმნიშვნელოვანესია და ბევრად წინ წაგვწევს“.
„ქართული ოცნების“ ჰუმანურობაზე საუბარი ზედმეტია, რომელ ჰუმანურობაზეა საუბარი, ან რატომ გვაყვედრიან და ასე რატომ წარმოაჩენენ? ყაველაშვილის ერთ-ერთი მოვალეობაა, რომ გამოსცეს ეს აქტი. ეს ნამდვილად არ არის დასაყვედრებელი. თუკი ისინი ჰუმანურობაზე საუბრობენ, ჰუმანურობა ის არის, როდესაც პირველ რიგში იცავ შენს მოქალაქეს და ექცევი ღირსეულად, არ არღვევ მის უფლებებს და არ უსწორდები პოლიტიკურ ოპონენტს ისე, როგორც დღეს უსწორდებიან. ყველას მოვუწოდებ, გადადგან ეს ნაბიჯი, რადგან მათი თავისუფლება და მათი ჩვენს გვერდით ყოფნა უმნიშვნელოვანესია და ბევრად წინ წაგვწევს.
ჩვენ გვახსოვს, რომ ზვიად გამსახურდიამ ციხე დანაშაულის აღიარებით დატოვა და რამდენიმე წელში რა გააკეთა და როგორ მოუტრიალდა ხელისუფლებას... ისიც კარგად დავინახეთ, რომ ეს აღიარება ფარატინა ფურცელია“,- განაცხადა კახა ჩიქოვანმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, კახა ჩიქოვანმა ასევე ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელთან დაკავშირებითაც ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს. მისი თქმით, საქართველო ძირითადად ყველა საერთაშორისო სანქციას არის შეერთებული, თუმცა „ქართული ოცნება“ ამას არ აღიარებს, რადგან სურს, რომ საკუთარი ამომრჩევლის თვლაში უფრო ძლიერი გამოჩნდეს.
„ნედლეულის ძირითადი წყარო რუსეთი იყო. აქ ერთი თემაა, რომ ჩვენ შესაძლოა ვერ დავამტკიცოთ, რადგან ხელისუფლების ხელშია ის ბერკეტი და კონტროლი, რაც ჩვენს საზღვარზე ხდება.
„ევრობიუროკრატია“, „დიფ სთეითი“ და მთელი მსოფლიო „ქართულ ოცნებას“ ებრძვის, რა გამოვიდა, რომ ისეთი ძლიერი ხელისუფლებაა, ყველა მის წინააღმდეგ არის, მთელი შავი ღრუბლები მის თავზეა მოგროვებული და მაინც ასეთ გზას აგრძელებენ? მაგრამ ამბავი ის არის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავისი მომხრეებისა და საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ყოველ ჯერზე გვეუბნებოდა, რომ სანქციებს ვერ შეუერთდებოდნენ, რადგან ეკონომიკა ჩამოინგრეოდა. სიმართლე კი საპირისპირო მხარეს არის, ჩვენ ძირითადად შეერთებული ვართ ყველა საერთაშორისო სანქციას და ეს ნავთობსაც ეხება. ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომლის აღიარებაც არ სურთ და მიაჩნიათ, რომ ეს მათ ამომრჩევლის თვალში უფრო ძლიერად წარმოაჩენს“, - განაცხადა კახა ჩიქოვანმა.
ასევე, კახა ჩიქოვანმა 19 ნოემბერს, მინსკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინის შეხვედრაც შეაფასა. მისი თქმით, დიალოგი აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან არის საჭირო, მათ შორის მტერთან, თუმცა მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას თუ სად და როგორ ფორმატში ხდება აღნიშნული შეხვედრა.
„რეგულარული დიალოგი აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან არის საჭირო, მაგრამ აუცილებლად ხაზგასასმელია, თუ რა ფორმატში ხდება დიალოგი. როდესაც ქვეყანას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული და ანექსიის პროცესს აგრძელებს, არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და სახელმწიფოს პირველი პირი, თუმცაღა თავად ამბობს, რომ მეორე პირია, ნიშნავს თავის ოფიციალურ წარმომადგენელს, რომელიც ამავდროულად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და საქართველოში ერთ-ერთი პირველი დიპლომატია, ეს ნიშნავს, რომ მათ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ გადადგეს ნაბიჯი.
მე არ ვარ და არც არავინ იქნება დიალოგის წინააღმდეგი. რა თქმა უნდა, მტერთანაც უნდა გქონდეს დიალოგი, რომ რაც შეიძლება შეამცირო ის რისკები და საფრთხეები, რომლებიც მისგან მომდინარეობს. მაგრამ თუ სად და რა ფორმატში მიმდინარეობს ეს და აღსანიშნავია, რომ ეს მინსკში მიმდინარეობს და არა რომელიმე ევროპულ ან ნეიტრალურ ქვეყანაში, ეს კი ნიშნავს და მიგვანიშნებს, თუ საით მივდივართ. არათუ ევროპას ვცილდებით, არამედ უფრო მეტად, დიდი ტემპითა და ნაბიჯებით მივდივართ რუსეთისკენ და რუსეთის მსგავსი სახელმწიფოს მშენებლობისკენ, პრინციპში, ეგ სახელმწიფო უკვე აშენებულია და უფრო მეტად ინტეგრირებული ვხვდებით მის როგორც ეკონომიკაში, ისე უსაფრთხოების საკითხებში. ეს ჩვენ არ გამოგვადგება“, - განაცხადა კახა ჩიქოვანმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…