ზელენსი - "ვიზიტი, რომელიც აუცილებლად დადებით შედეგებს მოიტანს"
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მადიარი უკრაინაში ჩავიდა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად უჟჰოროდში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო. მადიარის თქმით, უნგრეთი უკრაინას მილიარდი ფორინტის დახმარებას უწევს.

დაგეგმილია აგრეთვე შეხვედრა უნგრული თემის წარმომადგენლებთან. მადიარს უკრაინაში ვიზიტისას ახლავს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ორბანი.
ვიზიტის დაწყებისას მადიარმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„გადავკვეთეთ უნგრეთ-უკრაინის საზღვარი და ჩავედით იმიერკარპატეთში. ღმერთმა დალოცოს ყველა უნგრელი შინ და მთელ მსოფლიოში!“.
უნგრეთის პრემიერმინისტრმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ეს არის უნგრეთის პრემიერმინისტრის პირველი ვიზიტი იმიერკარპატეთში 2015 წლის შემდეგ.
იმიერკარპატეთში უნგრული ეთნიკური უმცირესობა, 2001 წლის აღწერით, ოლქის მოსახლეობის დაახლოებით 12%-ს შეადგენდა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა - თითქმის განახევრდა, ომის ფონზე აქტიური მიგრაციის გამო.
მადიარის ვიზიტის დაწყების აღსანიშნავი ტექსტი და ვიდეომასალა გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტის საიტზეც.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნა უკრაინაში უნგრეთის ახალი პრემიერმინისტრის პირველი ვიზიტის დაწყება. ორი ქვეყნის ლიდერებმა ქალაქ უჟჰოროდში პატივი მიაგეს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას:
“ჩვენი შესაძლებლობა - ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში და ჩვენი მეზობლებისა და მთელი ევროპის უსაფრთხოება უდიდეს ფასად ჯდება, რომელსაც უკრაინა იხდის ყოველდღიურად. ჩვენი ვალია გვახსოვდეს ყველა, ვინც ამ ბრძოლაში სიცოცხლე გაწირა. მარადიული ხსოვნა უკრაინის დაღუპულ დამცველებს”.
უნგრეთის ლიდერმაც აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი დაღუპულ მებრძოლთა მემორიალთან მისვლითა მეომართა ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო და რომ უჟჰოროდის ძმათა სასაფლაოზე მინიმუმ ათი უნგრელი სამხედრო განისვენებს:
“ერთ-ერთი უნგრული წარმოშობის ჯარისკაცი, რომელიც აქ არის დაკრძალული, მეზღვაური იყო და რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი 2022 წელს.
ბოლოს აქ ვიყავი 2024 წლის ზაფხულში, კიევში დაბომბილი ბავშვთა საავადმყოფოს მონახულების შემდეგ, გზად შინისკენ“.
მადიარის სიტყვებით, უნგრეთი უკრაინას ეხმარება ერთი მილიარდი უნგრული ფორინტის (დაახლოებით 2 მლნ 700 ათასი ევრო - რ.თ.) ჯანდაცვისა და ენერგოტექნიკით, მედიკამენტებითა და ავტომანქანებით. გარდა ამისა, უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, იმიერკარპატეთში მცხოვრები უნგრელი უმცირესობისთვის 2026 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა მილიარდი ფორინტის დახმარება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…