რამდენად გამდიდრდა ვლადიმერ თურმანიძის ოჯახი ერთ წელიწადში – მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი
ესტონეთის მიერ სანქცირებულმა აჭარის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ თურმანიძემ ბაკურიანში ბინა შეიძინა, ხოლო მამის კომპანიამ ასობით ათასი ლარის სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო.

პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2026 წლის ივლისში შეავსო. ამ დეკლარაციის მიხედვით, ის ისევ აჭარის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსია. „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის ძალიან მონდომებული ბრალმდებელი, რომელიც მეტი დამაჯერებლობისთვის მზიას აღკვეთის სხდომაზე პლანშეტით ხელში მივიდა, გასულ წელს ესტონეთმა დაასანქცირა.
პროკურორის ქონებრივი დეკლარაცია „ბათუმელებმა“ გასულ წელსაც შეისწავლა. იმის გასარკვევად, რა შეიცვალა სანქცირებული პროკურორის ცხოვრებაში ამ ერთ წელში, გადავხედეთ ახალ დეკლარაციასაც და პროკურორისვე სიტყვებით თუ ვიტყვით, „სახეზეა“ რამდენიმე სიახლე [ამჯერად პლანშეტის გარეშე].
ბინა და 17 ათასი დოლარი საჩუქრად პენსიონერი მამისგან, ნახევარი მილიონის სახელმწიფო ტენდერები ოჯახს
ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს, პროკურორს ბინა უყიდია ბაკურიანში, რომლის ფართობიც 48,6 კვ.მეტრია. პროკურორი წერს, რომ ამ ბინაში 48 800 დოლარი გადაიხადა და იქვე უთითებს, რომ ეს ბინა იპოთეკური სესხით იყიდა, რაც რეესტრის ამონაწერითაც დასტურდება.
ვლადიმერ თურმანიძეს კიდევ ერთი იპოთეკური სესხი აქვს, რომლის დასრულების თარიღად დეკლარაციაში 2034 წელია მითითებული.
2020 წელს შეუძენია ბინა თბილისში, მინდელის ქუჩაზე [52.5 კვ.მ] 49 000 დოლარად, იპოთეკური სესხით და ავტოსადგომი 2023 წელს 6000 დოლარად [11 კვ.მეტრი].
მიუხედავად იპოთეკურ სესხთან დაკავშირებული ვალდებულებებისა, პროკურორი ფულის დაზოგვასაც ახერხებს. დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, 2026 წლის ივლისში, მას დანაზოგის სახით 12 500 ლარი ჰქონდა, 2024 წლის ივლისში, როცა დეკლარაცია შეავსო, 22 400 ლარი ჰქონდა ანგარიშზე.
ბოლო დეკლარაციის მიხედვით, ვლადიმერ თურმანიძეს მამა ფინანასურად გასულ წელსაც დაეხმარა და ამჯერად 6000 დოლარი აჩუქა. 2024 წლის საჩუქარი კი უფრო სოლიდური – 17 000 დოლარი იყო.
ვლადიმერ თურმანიძე ფლობს ასევე ბინას ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, რომელიც მისთვის უჩუქებიათ [70.4. კვ.მეტრი]. როგორც თავად ჩაწერა, ეს ბინაც ოჯახის საჩუქარია.
პროკურორის მამის კომპანია ისევ სახელმწიფო სტრუქტურების მიმწოდებელია – კომპანიამ 400 000 ლარამდე ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა სახელმწიფო სტრუქტირებთან.
პროკურორის მამა, რევაზ თურმანიძე ფლობს შპს „მარდი ოქსის“ ას პროცენტს. ეს კომპანია სახელმწიფო სტრუქტურების ტენდერებში მონაწილეობს.
2026-2025 წლებში, ამ დრომდე [ნოემბრის ჩათვლით] პროკურორის მამის კომპანია „მარდი ოქსმა“ სახელმწიფო სტრუტურებთან 400 000 ლარამდე ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა. ყველაზე მსხვილი შემსყიდველი მათ შორის „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო“ იყო, არამხოლოდ 2025 წელს.
სახელმწიფო ორგანიზაციებიდან 400 000-ზე მეტი ლარის დაკვეთა მიიღო კომპანიამ 2024 წელსაც. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ჟანგბადის და ინერტული აირების რეალიზაციაა.
პროკურორის მამა, რევაზ თურმანიძე ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე სამ მიწის ნაკვეთს, ჯამში 1480 კვ.მეტრს და მასზე დამაგრებულ 2 შენობას ფლობს.
შენობების საერთო ფართობი 373.30 – კვ.მეტრია. ეს ქონება იპოთეკით არის დატვირთული. რეესტრის მონაცემებით, გარკვეულ პერიოდში ამ ნაკვეთის მოაღნაგედ შპს „ნეპტუნი“ ფიქსირდებოდა. ადგილზე გამოკრული ბანერის მიხედვით, აქ ჟანგბადის, ნახშირორჟანგის ბალონების და ქიმიური ნივთიერებების დატუმბვის პუნქტი, ასევე ფოლადის შემდუღებელი საწარმო ფუნქციონირებს.
პროკურორის დედის, ნარგიზ გორგილაძის ქონებას არაფერი შემატებია, ის ფლობს ორსართულიან სახლს და მიწის ნაკვეთს, 3128 კვ.მეტრს ქობულეთში, სოფელ ბუკნარში.
2025 წლის ოქტომბერში ნარგიზ გორგილაძემ რეესტრს ისევ მიმართა, ის ჩაქვში კიდევ ორი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას ითხოვს.
კიდევ ერთი ხმაურიანი ამბავი, რომელშიც პროკურორ ვლადიმერ თურმანიძის სახელმა გაიჟღერა – გიორგი ჩიკვაიძის საქმე
ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც 2025 წლის 11 მარტს დააკავეს, აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ჰქონდა კომპრომატები, რომლის გამოც მას მკვლელობით ემუქრებოდნენ.
სწორედ ამას უკავშირებდა ბიზნესმენი მის წინააღმდეგ დაწყებულ „დევნის კამპანიას“ – დაკავებამდე 2 დღის განმავლობაში ის სოციალურ ქსელში აქვეყნებდა ვიდეოებს, სადაც, მისი თქმით, ამხელდა სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებს. ჩიკვაიძე ამტკიცებდა, რომ მან შეძლო ათობით მანქანისა და ადამიანის იდენტიფიცირება, რომლებიც მას აედევნენ.
მოსალოდნელი დაკავების შესახებ მან სოციალურ ქსელში ერთი დღით ადრე დაწერა.
ოფიციალურად პროკურატურა მას ედავებოდა ბათუმელი ბიზნესმენის, ელგუჯა თურმანიძის მოტყუებას, რომლისთვისაც იტალიიდან იახტა უნდა ჩამოეყვანა, თუმცა არც იახტა ჩამოუყვანია და არც ფული დაუბრუნებია. ჩიკვაიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში „საქმის შეკერვაში“ დაადანაშაულა პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე, რომელიც მან „ელთ ბილდინგის“ დამფუძნებლის, ელგუჯა თურმანიძის ბიძაშვილად მოიხსენია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…