ჯეიჰუნ ბაირამოვი – საქართველოს პრემიერის ვიზიტის დროს მიღწეულია შეთანხმება აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მიწოდებაზე, ხელი მოეწერა ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეთანხმებასაც, მნიშვნელოვანია ტრანზიტთან დაკავშირებული პროექტებიც
ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, საქართველოს პრემიერის ვიზიტისას მიღწეულია შეთანხმება ბუნებრივი აირის მიწოდებაზე, ხელი მოეწერა შეთანხმებას ელექტროენერგიაზეც, ხოლო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ ცხრა თვეში 900 მილიონ დოლარს მიაღწია.

საქართველო აზერბაიჯანისთვის ახლო მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, ხალხებს შორის კავშირები ძალიან ძლიერია და ეს ურთიერთობები ნამდვილად მეგობრული, მეზობლურია, რომელიც ურთიერთნდობასა და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული. მისივე თქმით, ეს დადებითი ტენდენცია დღესაც სწრაფი ტემპით გრძელდება.
„დღეს, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ფართო მასშტაბით გამართული ღონისძიების ფარგლებში, ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე. ამავდროულად, განვიხილეთ ჩვენი საერთო სახლის – სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული რეალობა და მიმდინარე პროცესები, საერთაშორისო ორგანიზაციების კონტექსტში განვითარებული მოვლენები, ასევე ჩვენი თანამშრომლობის საკითხები. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დღის წესრიგი საკმაოდ ფართოა. უმაღლეს დონეზე აქტიური პოლიტიკური დიალოგი მიმდინარეობს და ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული დინამიკა გვაქვს. მაგალითად, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები შეგვიძლია აღვნიშნოთ: 2026 წლის აპრილში ბატონი პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, მაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანში, ასევე გასულ თვეში, სიღნაღში, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გამართული მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა.
საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის საკმაოდ ინტენსიური და რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს. მე და ჩემი ძვირფასი კოლეგა მრავალი საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში ვსარგებლობთ შესაძლებლობით, გავმართოთ როგორც ოფიციალური, ისე არაფორმალური განხილვები სხვადასხვა საკითხზე. მიმდინარე წლის იანვარში ბაქოში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. ეს პროცესი რეგულარულად მიმდინარეობს. ამასთან, პარლამენტებს შორისაც გვაქვს შესაბამისი შეთანხმებები. მეგობრობის ჯგუფების წევრები აქტიურად მუშაობენ, ხოლო ჩვენი პარლამენტების ხელმძღვანელები მუდმივ კომუნიკაციაში არიან. ამ მიმართულებითაც ძალიან კარგი და ღია დიალოგი გვაქვს.
ჩვენს ქვეყნებს შორის როდესაც სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პოტენციალზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ორ ქვეყანას შორის არსებული ხელშეკრულებების იურიდიული ბაზა. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაფორმებულია 145 დოკუმენტი. დამატებით 18 დოკუმენტზე მიმდინარეობს განხილვა და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ისინი მზად იქნება“, – აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, როგორც ბაირამოვმა აღნიშნა, ორმხრივი ურთიერთობების გარდა, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით სხვადასხვა ფორმატი არსებობს.
„ამ ფორმატების ფარგლებში უფრო ფართო გეოგრაფიული არეალის მომცველ საკითხებს განვიხილავთ. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი, რომელიც სხვადასხვა განზომილებას მოიცავს. საუბარია საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებზე. მიმდინარე წელს შეხვედრა სტამბოლში გაიმართა, ხოლო მომდევნო შეხვედრის ჩატარება საქართველოშია დაგეგმილი. ამავდროულად, სამმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პარლამენტების, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში წარმატებით მიმდინარეობს“, – განაცხადა ბაირამოვმა.
მისივე თქმით, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრისას ისაუბრა ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე.
„ორივე მხრიდან დადებითი დინამიკა არსებობს და ჩვენ კმაყოფილება გამოვთქვით. მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის მაჩვენებელი უკვე აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სავაჭრო ბრუნვამ ცხრა თვის განმავლობაში 900 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. აღვნიშნავ იმასაც, რომ ამაზე მეტი პოტენციალი გვაქვს და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. საერთო ჯამში, აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ეკონომიკაში 4 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული. ამ თანხიდან 2,2 მილიარდი დოლარი „სოკარის“ მიერ განხორციელებული პროექტების წილია. საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანის ეკონომიკაში 460 მილიონი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული.
როგორც აღვნიშნეთ, გასულ თვეში სიღნაღში, პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გამართული ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის ფარგლებში განხილული ძირითადი საკითხები, მიღწეული შედეგები და მიღებული დოკუმენტები შესრულების პროცესშია. ასევე გაცემულია შესაბამისი დავალებები ახალ პროექტებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო უკეთესი შედეგები გვექნება. ორ ქვეყანას შორის არსებული პროექტები, რომლებშიც ორივე ქვეყნის კომპანიები მონაწილეობენ, ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის. ყველასთვის ცნობილია ენერგეტიკული პროექტები, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და სამხრეთის გაზის კორიდორი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ხორციელდება.
ამასთან, მიმდინარე წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მაისში აზერბაიჯანში ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმება, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდებას უკავშირდება. ასევე ხელი მოეწერა ახალ შეთანხმებას ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიის გავლით ენერგორესურსების ტრანზიტთან დაკავშირებული პროექტებიც.
ამ თვეში, ქალაქ ანტალიაში, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის ოთხმხრივი ფორმატის ფარგლებში დოკუმენტის ხელმოწერა მწვანე ენერგიის მიმართულებით თანამშრომლობის ახალი ეტაპია. ეს ჩვენი ქვეყნების მონაწილეობით განხორციელებული ახალი მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყისია. გარდა ამისა, უკვე დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური სამუშაოები კასპიის ზღვის, შავი ზღვისა და ევროპაში მწვანე ენერგიის პროექტზე, რომელიც მეგაპროექტს წარმოადგენს და ჩვენი ქვეყნების მონაწილეობით ხორციელდება“, – აღნიშნა მან.
ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, რაც შეეხება ლოგისტიკასა და ტრანსპორტს, ამ მიმართულებით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა დიდი ხნის განმავლობაში ვითარდება.
„ეს დერეფანი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მეზობელი და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც ძალიან სანდო დერეფნის როლს ასრულებს. თუმცა, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა და ბოლო წლების გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ამ დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. აღმოსავლეთ-დასავლეთის შუა დერეფნის პოტენციალის გაზრდის მიზნით, ჩვენი ქვეყნების აქტიური მონაწილეობით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ასევე ვისაუბრეთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტზე. განსაკუთრებით აღვნიშნავ 2026 წლის დადებით შედეგებს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ბაქოს სამგზავრო მატარებლის მოძრაობის აღდგენა და კომუნიკაციის ინტენსიურობას მოქალაქეებს შორის დადებითი როლი აქვს.
როგორც იცით, გასული წლის ბოლოდან, ათწლეულების შემდეგ, ჩვენი ქვეყნის მხრიდან ახალი ნაბიჯი გადაიდგა. სომხეთში ნავთობპროდუქტების მიწოდება დაიწყო. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს სატრანსპორტო სისტემის საშუალებით ხორციელდება. მიგვაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობის ჩამოყალიბების ფონზე საქართველო ძალიან დადებით როლს ასრულებს. საქართველომ რეგიონში არსებული ახალი რეალობების ფონზე თავისი წვლილი შეიტანა“, – განაცხადა ბაირამოვმა.
მისივე განცხადებით, ჰუმანიტარული მიმართულებით თანამშრომლობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა.
„განსაკუთრებით აღვნიშნავ განათლების სფეროში თანამშრომლობას, უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობებსა და რექტორების ფორუმის ჩატარებას. აზერბაიჯანის უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოს 1 100-ზე მეტი მოქალაქე სწავლობს. ასევე გვაქვს ურთიერთობები შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო უწყებებს შორის. დადებითი შედეგები გვაქვს კულტურისა და ახალგაზრდობის მიმართულებითაც. მიხარია, რომ ეს თანამშრომლობა რეგულარულ ხასიათს ატარებს. საქართველოში ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზება და განხორციელება ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის ბრწყინვალე მაგალითია.
დღეს კოლეგასთან ერთად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზეც ვისაუბრეთ. ეს თანამშრომლობა როგორც ჩვენს ქვეყნებს, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ხორციელდება. დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი განხილვის საკითხი იყო არა მხოლოდ ორმხრივი, არამედ რეგიონული საკითხებიც. ვისაუბრეთ, გავითვალისწინეთ სამხრეთ კავკასია, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პოსტკონფლიქტური სიტუაციები. ჩვენს ძვირფას კოლეგას ამ პროცესებთან დაკავშირებით აქვს ინფორმაცია და დღევანდელი შეხვედრის დროს აზერბაიჯანის პოზიციები და მნიშვნელოვანი სიახლეები გავუზიარე. ამავდროულად, ვისაუბრეთ ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ მშენებლობის აღდგენით სამუშაოებზე, ჩვენი მოქალაქეების საკუთარ მიწებზე დაბრუნების საკითხებზე. ვისაუბრეთ იმ ტერიტორიებზე, სადაც ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები და ამასთან დაკავშირებით კოლეგას ინფორმაცია მივაწოდე.
ვისაუბრეთ საერთაშორისო დღის წესრიგზე, რუსეთ-უკრაინის ომზე, შავი ზღვის ტერიტორიაზე არსებულ საკმაოდ მწვავე მდგომარეობაზე, ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციაზე, რომელიც ჩვენს რეგიონებზე, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებზე გავლენას ახდენს და ჩვენთვისაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენი საუბრის ფარგლებში ამ საკითხებზეც ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის პოზიციაა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს კონფლიქტები და ომები რაც შეიძლება მალე დასრულდეს და საკითხები შესაბამისი დიპლომატიური გზებით მოგვარდეს. პატივცემულ კოლეგას დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ქვეყანაში ჩამობრძანებისთვის. ჩვენ ძალიან კონსტრუქციული და ვრცელი საუბარი გვქონდა, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…