შალვა პაპუაშვილი: ილია მეორე ხშირად ამბობდა: „ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს“ და ეს არის ჩვენი მთავარი ანდერძი, რომელიც მან დაგვიტოვა - ჩვენი ერთობა, ჩვენი ერის ორი საყრდენის - საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა. ამ ორი საყრდენის სიძლიერეში, სიმტკიცესა და გაზიარებულ პასუხისმგებლობაშია ჩვენი ერის წარსულის გახსენება, ჩვენი აწმყოს გააზრება და ჩვენი ერის მომავლის იმედი
შალვა პაპუაშვილმა ბოდბის მონასტერში გიორგობის წირვაზე განაცხადა, რომ ილია მეორის მიერ დატოვებული მთავარი ანდერძია ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობა.

„ილია მეორე ხშირად ამბობდა: „ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს“ და ეს არის ჩვენი მთავარი ანდერძი, რომელიც მან დაგვიტოვა - ჩვენი ერთობა, ჩვენი ერის ორი საყრდენის - საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, სადაც გიორგობასთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ ორი საყრდენის სიძლიერეში, სიმტკიცესა და გაზიარებულ პასუხისმგებლობაშია ჩვენი ერის წარსულის გახსენება, ჩვენი აწმყოს გააზრება და ჩვენი ერის მომავლის იმედი.
„თქვენო უწმინდესობავ, მეუფენო, მეუფე იაკობ, მამანო, დედანო, ძვირფასო საზოგადოებავ, დღეს განსაკუთრებული დღეა, როდესაც ჩვენ გიორგობას აღვნიშნავთ ადგილას, სადაც განისვენებს მოციქულთა სწორი წმინდა ნინო, ქართველი ერის განმანათლებელი, ქართული სახელმწიფოს ქრისტიანობაზე მომქცევი.
როგორც ითქვა, წელს მთელი ერი აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. ამ წლის განმავლობაში ჩატარდა ბევრი ღონისძიება. ჩვენც გახლდით ბევრ ეპარქიაში, მოვილოცეთ იქაური სიწმინდეები და ყველგან ვნახეთ მტკიცე ეკლესია, სარწმუნოებაში განმტკიცებული ხალხი, საზოგადოება და ის ერთობა, რომელიც წლევანდელ წელს გამოარჩევდა.
ერთობა ჩვენი წმინდა პატრიარქის ილია მეორის განსაკუთრებული სალოცავი და საზრუნავი იყო და ის დღეები, როდესაც ჩვენ ყველა ვემშვიდობებოდით ჩვენს პატრიარქს, იყო ბეჭდის დასმა ქართველი ერის ერთობისა, ქრისტეს ეკლესიაში ქართველი ხალხის ერთობისა. ამ ერთობის ნაწილი არის საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა. ის სინერგია, რომელიც ამ ორ საწყისს, ამ ორ საყრდენს უნდა ახასიათებდეს და რომლისთვისაც ილია მეორემ იღვაწა. არ იყო დაწერილი, რანაირად უნდა მოქცეულიყო ერი თუ ბერი იმისთვის, რომ ეს სინერგია შემდგარიყო.
ეს ყველაფერი ილია მეორემ თავისი ქცევით, თავისი ბრძნული გადაწყვეტილებებით გვაჩვენა და ყველა რთული პერიოდი ჩვენი საზოგადოების ცხოვრებისა ბრძნულად გამოგვატარა. დღეს უფრო იოლია ამ გზის გავლა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ილია მეორის მაგალითი. საჭიროა უბრალოდ დავფიქრდეთ, როგორ მოიქცეოდა ილია მეორე ამა თუ იმ ვითარებაში. მითუმეტეს, რომ მას ყველა ასეთი ვითარება გამოვლილი აქვს. როგორ მოიქცეოდა ის თავად, როგორც სასულიერო წარმომადგენელი და როგორი მოლოდინი ექნებოდა მას ჩვენი, როგორც ერის წარმომადგენლების. საჭიროა მხოლოდ დავფიქრდეთ და უბრალოდ მივბაძოთ, სხვას თუ ვერაფერს შევძლებთ.
ჩვენ წმინდა გიორგის დღესასწაულს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ საქართველოში, ვინაიდან წმინდა გიორგი იყო მებრძოლი მხედარი, ქრისტესთვის თავდადებული წმინდანი. ჩვენთვის წმინდა გიორგი იყო ყოველთვის ის წმინდანი, რომელსაც მივმართავდით ყოველ ბრძოლაში, ხილულსა თუ უხილავ ბრძოლაში ჩვენი თანადგომისთვის და ის იყო, ვინც ჩვენს ერთობას ამტკიცებდა.
ჩვენი პატრიარქი ილია მეორე ასევე ხშირად ამბობდა: „ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს“ და ეს არის ჩვენი მთავარი ანდერძი, რომელიც მან დაგვიტოვა - ჩვენი ერთობა, ჩვენი ერის ორი საყრდენის - საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა. ამ ორი საყრდენის სიძლიერეში, სიმტკიცესა და გაზიარებულ პასუხისმგებლობაშია ჩვენი ერის წარსულის გახსენება, ჩვენი აწმყოს გააზრება და ჩვენი ერის მომავლის იმედი. ამიტომ ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ გიორგობას. წმინდა გიორგის მადლი გვფარავდეს და მისი რწმენა ამტკიცებდეს ჩვენს რწმენას, აძლიერებდეს ჩვენს ერთობას“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაშალვა პაპუაშვილი – ილია მეორე ხშირად ამბობდა – ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს, მთავარი ანდერძი, რომელიც მან დაგვიტოვა, არის ერთობა
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობა - ამ ორი საყრდენის სიძლიერეში და გაზიარებულ პასუხისმგებლობაშია ჩვენი ერის წარსულის გახსენება, ჩვენი აწმყოს გააზრება და ჩვენი ერის მომავლის იმედი
შალვა პაპუაშვილი - პატრიარქი ილია მეორე ხშირად ამბობდა: „ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს“ და ეს არის მთავარი ანდერძი, რომელიც მან დაგვიტოვა - ჩვენი ერთობა, ჩვენი ერის ორი საყრდენის, საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა!
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…