სინდისის 7 პატიმარი თავისუფალია
2024 წლის საპროტესტო აქციებზე დაკავებული 7 პირი, რომლებსაც უფლებადამცველები სინდისის პატიმრებად მოიხსენიებენ, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალების შემდეგ საპატიმროებიდან გათავისუფლდა.

დღეს, 23 ნოემბერს, საპატიმრო დაწესებულებები დატოვა 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა შვიდმა პირმა, რომლებსაც საზოგადოება და უფლებადამცველი ორგანიზაციები სინდისის პატიმრებად მოიხსენიებენ. ისინი მიხეილ ყაველაშვილმა შესაბამისი მიმართვის საფუძველზე შეიწყალა.
თავისუფლები არიან: გიორგი მინდაძე, ირაკლი მეღვინეთუხუცესი, ანრი კვარაცხელია, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი.
მინდაძის, კვარაცხელიას, ჯავახიშვილის და ოკმელაშვილის გათავისუფლება “ნეტგაზეთის” რეპორტიორებმაც დააფიქსირეს. დანარჩენების გათავისუფლების შესახებ ცნობას ავრცელებს სამთავრობო მედია.
გათავისუფლებულთაგან ორი (ირაკლი მეღვინეთუხუცესი და გიორგი ოკმელაშვილი) 2024 წლის მაისში, ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მიმდინარეობისას დააკავეს, ხოლო დანარჩენი ხუთი პირი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ დაწყებული პროევროპული დემონსტრაციების დროს აიყვანეს.
რას ედავებოდა პროკურატურა?
გიორგი მინდაძე დააკავეს 2024 წლის 1 დეკემბერს. 2025 წლის 3 ივლისს სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა) და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა მას პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელების მიმართულებით პიროტექნიკის (ფოიერვერკის) სროლას ედავებოდა, რის შედეგადაც, ბრალდების მტკიცებით, ერთ-ერთმა სამართალდამცავმა ფეხის არეში დამწვრობა მიიღო.
ადვოკატები და თავად მინდაძე აცხადებდნენ, რომ საქმეში არ არსებობდა პირდაპირი მტკიცებულება და მიზეზშედეგობრივი კავშირი მინდაძის ქმედებასა და კონკრეტული პოლიციელის დაზიანებას შორის. დაცვის მხარე მიუთითებდა, რომ აქციაზე ასობით პიროტექნიკას ისროდნენ, წარმოდგენილი ვიდეომასალით კი არ დასტურდებოდა, რომ დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი სწორედ მინდაძის მიერ ნასროლი პიროტექნიკით დაშავდა. დაცვა ასევე უარყოფდა პოლიციელზე თავდასხმის განზრახვას.
ანრი (ანზორ) კვარაცხელია დააკავეს 2024 წლის 5 დეკემბერს. 2025 წლის 18 ივლისს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. პროკურატურა მას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს სპეცრაზმელების მიმართულებით აალებადი სითხის შემცველი ბოთლის („მოლოტოვის კოქტეილის“) სროლას ედავებოდა.
კვარაცხელიას ადვოკატები ხაზს უსვამდნენ, რომ აღნიშნული ინციდენტის შედეგად არცერთი სამართალდამცავი არ დაშავებულა, საქმეს არ ჰყავდა ფიზიკურად დაზარალებული პირი და ბოთლი პოლიციის კორდონს არ მოხვედრია. შესაბამისად, დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ქმედებას არ შეუქმნია რეალური საფრთხე პოლიციელთა სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობისთვის და მისი კვალიფიკაცია პოლიციელზე თავდასხმის მუხლით სამართლებრივად დაუსაბუთებელი იყო.
ნიკოლოზ ჯავახიშვილი დააკავეს 2024 წლის 30 ნოემბერს. თავდაპირველად ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა), თუმცა 2025 წლის 2 სექტემბერს სასამართლომ ბრალდება გადაუკვალიფიცირა სსკ-ის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან მასში აქტიური მონაწილეობა, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს) და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაცვის მხარე თავიდანვე მიუთითებდა, რომ აქციაზე არ არსებობდა არავითარი ორგანიზებული ჯგუფი და წინასწარი შეთანხმება (რაც სასამართლომაც გაიზიარა 225-ე მუხლის მოხსნით). ადვოკატების პოზიციით, სპონტანური პროტესტის პირობებში ჯავახიშვილის ქმედებებს არ მოჰყოლია ზიანი ან კონკრეტული დაზარალებული, რის გამოც მისი ქმედება არც 226-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს შეადგენდა და საპატიმრო სასჯელის გამოყენება სრულიად არაპროპორციული იყო.
გიორგი ოკმელაშვილი დააკავეს 2024 წლის 15 მაისს. 2025 წლის 3 თებერვალს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა (თავდაპირველად პროკურატურა მას სსკ-ის 260-ე მუხლით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასაც ედავებოდა, თუმცა ამ ნაწილში საქმე შეწყდა). ბრალდების მტკიცებით, 14 მაისს პარლამენტთან გამართულ აქციაზე მან პოლიციელს იდაყვი დაარტყა.
ოკმელაშვილი და მისი ადვოკატები აცხადებდნენ, რომ კადრებში ასახული ეპიზოდი იყო ინსტინქტური თავდაცვითი რეაქცია მაშინ, როდესაც სპეცრაზმი მჭიდროდ მდგომ მომიტინგეებს ძალის გამოყენებით აწვებოდა. დაცვის მხარე მიუთითებდა, რომ ოკმელაშვილს პოლიციელზე თავდასხმის განზრახვა არ ჰქონია, ხოლო საქმეში თავდაპირველად ნარკოტიკების მუხლის გაჩენა და შემდგომ მისი მოხსნა სისხლისსამართლებრივი დევნის პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებდა.
დავით ლომიძე დააკავეს 2024 წლის 1 დეკემბერს. 2025 წლის 8 აგვისტოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა) 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურა მას ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარედ სპეცრაზმელების მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლასა და სამართალდამცავებზე თავდასხმას ედავებოდა.
ლომიძე და მისი უფლებადამცველები ბრალდებას უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ დაკავებისას იგი თავად გახდა სპეცრაზმელების მხრიდან სასტიკი ცემისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. დაცვის მხარის პოზიციით, საქმეში არ მოიპოვებოდა ობიექტური ვიდეომტკიცებულება, რომელიც ლომიძის მიერ პოლიციელზე თავდასხმას დაადასტურებდა, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ დაინტერესებული პოლიციელების იდენტურ ჩვენებებს დაეფუძნა.
თემურ ზასოხაშვილი დააკავეს 2024 წლის 1 დეკემბერს დავით ლომიძესთან ერთად და მათი საქმე სასამართლომ ერთობლივად განიხილა. 2025 წლის 8 აგვისტოს ზასოხაშვილს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბრალდება მასაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის კორდონზე თავდასხმასა და საგნების სროლას ედავებოდა.
ზასოხაშვილის დაცვის მხარეც მიუთითებდა, რომ დაკავების პროცესში სამართალდამცავებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე ამ ძალადობის გადასაფარად აღიძრა. ადვოკატების განცხადებით, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მიუკერძოებელი ვიდეოჩანაწერი ან ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ზასოხაშვილის მხრიდან პოლიციელზე თავდასხმას დაამტკიცებდა.
ვიდეომტკიცებულებაში, რომელიც ლომიძის და ზასოხაშვილის საქმეზე იყო დართული, მართლაც აღქმადია ორი ადამიანი, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ისვრის სპეცრაზმელების მიმართულებით და ხვდება წყლის ჭავლის მანქანას. მაგრამ მათში ლომიძისა და ზასოხაშვილის ამოცნობა, დაცვის მხარის თქმით, შეუძლებელია. სამაგიეროდ, პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის მოწმე პოლიციელები ამტკიცებდნენ, რომ იერით ახსოვდათ და ცნობდნენ ლომიძესა და ზასოხაშვილს. როგორც „ერთს უფროსი ასაკისას, ჭაღარანარევი წვერის მქონეს, მეორეს — უფრო ახალგაზრდას“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…