განათლების სამინისტრო მასწავლებლის საათობრივი ანაზღაურების წესს გადახედავს
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, განათლების სამინისტრომ მათი წინადადება გაიზიარა და მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილებისა და ანაზღაურების წესს გადახედავს. დისკრიმინაციის რისკების შესამცირებლად უწყებაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, განათლების სამინისტრომ გაიზიარა მათი წინადადება, მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესთან დაკავშირებით და გამოთქვა მზაობა, რომ „თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით“, საგაკვეთილო საათების ანაზღაურების წესი გადაიხედება.
„სახალხო დამცველი დადებითად აფასებს სამინისტროს მზაობას, ზოგადი წინადადების გათვალისწინებით განაახლოს მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი. ამ მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც განათლების სექტორის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
დაგეგმილი ცვლილებების მიზანია, საგაკვეთილო საათები ობიექტური კრიტერიუმებისა და მკაფიო პროცედურების საფუძველზე განაწილდეს.
ამგვარი მოწესრიგება, სკოლების ავტონომიის შენარჩუნებასთან ერთად, ხელს შეუწყობს დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მიღების რისკის შემცირებას“ – წერს სახალხო დამცველის აპარატი.
მათი ინფორმაციით, განათლების სამინისტრომ, მათ ამის თაობაზე 18 ნოემბერს აცნობა.
სახალხო დამცველის განცხადებით, სამინისტროს გადაწყვეტილება მასწავლებელთა მიმართ თანასწორი მოპყრობის ხელშეწყობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…