ამერიკულმა ტელეარხებმა დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ღონისძიებების გაშუქება შეაჩერეს, თეთრმა სახლმა Trump TV აამოქმედა
აშშ-ის წამყვანმა ტელეარხებმა დონალდ ტრამპის ღონისძიებების გაშუქება შეაჩერეს მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციამ ზოგიერთ ჟურნალისტს თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა. საპასუხოდ, თეთრმა სახლმა საკუთარი პლატფორმა „ტრამპის ტელევიზია“ აამოქმედა.

აშშ-ის წამყვანმა ტელეარხებმა - FOX News Media-მ, ABC News-მა, CBS News-მა, CNN-მა და NBC News-მა - განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მონაწილეობით გამართული ღონისძიებების გაშუქებას წყვეტენ მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციამ რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტებს თეთრი სახლის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
ტელეარხებმა განაცხადეს, რომ გაშუქებას აღნიშნული მედიასაშუალების მიმართ სოლიდარობის ნიშნად წყვეტენ.
ამის შემდეგ თეთრმა სახლმა ინტერნეტსივრცეში საკუთარი პლატფორმა „ტრამპის ტელევიზია“ (Trump TV) აამოქმედა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის ღონისძიებებს 24-საათიან რეჟიმში გადასცემს.
„მიიღეთ განახლებები რეალურ დროში და პირდაპირი ტრანსლაციები უშუალოდ თქვენს ტელეფონზე ზედმეტი ხმაურის გარეშე. მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები - პირდაპირ ტრამპის ადმინისტრაციისგან“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა CNN-ს, MS Now-სა და Politico-ს, „ყალბი ამბების გავრცელების“ გამო, თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა. გუშინ სამივე მედიასაშუალებამ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლეს და განაცხადეს, რომ პრეზიდენტის ქმედებები კონსტიტუციის პირველი შესწორებით გათვალისწინებული მათი უფლებების დარღვევას წარმოადგენს.
ციტატები სტატიიდან
„მიიღეთ განახლებები რეალურ დროში და პირდაპირი ტრანსლაციები უშუალოდ თქვენს ტელეფონზე ზედმეტი ხმაურის გარეშე. მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები - პირდაპირ ტრამპის ადმინისტრაციისგან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.