ბათუმში ხელოვნური პლაჟისთვის სანაპიროზე ხრეშს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შეიტანს
ბათუმის ახალ ბულვართან ხელოვნური პლაჟისთვის 110 ათასი კუბური მეტრი ხრეშის შესატანად საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2,5 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა.

ბათუმის ახალ ბულვართან, ჯამში, 110 ათასი კუბური მეტრი ხრეშის შეტანა იგეგმება, რომელსაც მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან ამოიღებენ. პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები ამჯერად საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ტენდერი, 2,5 მილიონი ლარით კი, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა.
ახალი ბულვარის მიმდებარედ ხრეშის შეტანა დასრულებული თუ არა დაწყებული მაინც უნდა ყოფილიყო, თუმცა აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ ამ მიზნით გამოცხადებული ტენდერი 2026 წლის 5 მარტს შეწყვიტა.
ტენდერის შეწყვეტის მიზეზად ის დაასახელეს, რომ მდინარე ჭოროხის კალაპოტში წინასწარ განსაზღვრულ კარიერში, ვიზუალური დათვალიერებით, საჭირო რაოდენობის ინერტული მასალა აღარ აღმოჩნდა.
გზების დეპარტამენტის მიერ ახლა გამოცხადებული ტენდერის მიხედვით კი, ჭოროხის კალაპოტში ხრეშის ამოღების ადგილი ფაქტობრივად უცვლელია და მხოლოდ ფართობია უმნიშვნელოდ გაზრდილი – მხოლოდ 1133 კვადრატული მეტრით.
ხრეშის ამოღების ადგილად მთლიანობაში 78 211 კვადრატული მეტრი ტერიტორიაა განსაზღვრული.

პლაჟის ხელოვნური კვებისთვის ხრეშის ამოსაღებად განსაზღვრული კარიერი ჭოროხის კალაპოტში [ფოტოები: ზემოთ – შეწყვეტილი ტენდერიდან, ქვემოთ – მიმდინარე ტენდერიდან]

ადგილი მდინარე ჭოროხის მარცხენა ნაპირზე [ფოტოზე მარჯვნივ], სადაც პლაჟის ხელოვნური კვებისთვის 110 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა ამოიღონ
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი 2026 წლის 19 ნოემბერს გამოაცხადა. ტენდერში ატვირთულია მთავრობის 2026 წლის 18 ნოემბრის N2714 განკარგულებაც.
„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიეცეს თანხმობა, ქალაქ ბათუმში, ზღვის სანაპირო ზოლის ე. წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.“ – წერია განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. ეს განკარგულება 20 ნოემბრის მდგომარეობით მთავრობის ოფიციალურ პორტალზე ატვირთული არ არის.
ტენდერში წინადადებების მიღება 11 დეკემბერს დაიწყება და 16 დეკემბერს დასრულდება. მომსახურების შესყიდვის სავარაუდო, ანუ სატენდერო ღირებულება 2 533 086 ლარია.
„მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 4 თვეში.
მიმწოდებელს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებამდე. შემსყიდველი წერილობითი დავალებას გასცემს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში.
მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში, ტექნოლოგიური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა შესაძლო სამშენებლო მოედნის ორგანიზებით.“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.
პროექტის მიხედვით, ხრეში [პლაჟწარმომქმნელი მასალა] ბათუმის სანაპიროზე შეტანილი იქნება ორი ადგილიდან:
აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ – 40 000 კუბური მეტრი,
ახალ ბულვართან [დანგრეული პირსის მიმდებარედ] – 70 000 კუბური მეტრი.
საქართველოს გზების დეპარტამენტს 140 ათასი ტონა ხრეში ქობულეთის სანაპიროზეც შეაქვს. ხელშეკრულება კი შპს „სკინჩი“-სთან აქვს გაფორმებული 4 213 953 ლარზე.
ქობულეთის, ისევე როგორც ბათუმის პლაჟების შესანარჩუნებლად და სანაპირო ზოლის დასაცავად ზღვის ხელოვნური კვება ყოველწლიურადაა აუცილებელი.
ამ თემაზე:
ბათუმში კატასტროფა გარდაუვალია ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგიის გარეშე – კვლევა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…