გაზსადენზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები ავარიული გათიშვების რისკს მინიმუმამდე შეამცირებს - ირაკლი კირცხალია
მაგისტრალურ გაზსადენზე ტექნიკური სამუშაოების გამო დასავლეთ და ნაწილობრივ აღმოსავლეთ საქართველოს 24-25 ნოემბერს გაზის მიწოდება შეუწყდება. ირაკლი კირცხალიას თქმით, ეს ერთდღიანი დისკომფორტი ავარიულ გათიშვებს მომავალში მინიმუმამდე შეამცირებს.

დასავლეთ საქართველოს უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის, მთავარ გაზსადენზე ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება. მიზანი სტაბილური მიწოდება, გაზსადენის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ავარიული გათიშვების რისკების განულებაა - ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.
ახლად აშენებული 20-კილომეტრიანი მილსადენის მაგისტრალურ ქსელში მიერთების სამუშაოების მიმდინარეობისას, 24 ნოემბრის დილის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის დილის 10:00 საათამდე, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილს. 25 ნოემბრის დილის 10 საათიდან კი ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება. ასევე, 2026 წლის ბოლომდე აჭარის უწყვეტი მომარაგებისთვის, იგეგმება ქობულეთის განშტოების 25-კილომეტრიანი მონაკვეთის მიერთებაც. აღნიშნული სამუშაოების მიზანი ავარიული გათიშვების რისკის განულებაა.
"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების აუცილებლობით არის განპირობებული.
"უამრავი ფაქტორია, მათ შორის განსაკუთრებით უსაფრთხოების ფაქტორი, პირველ რიგში, რამაც გამოიწვია ერთდღიანი გათიშვა. განულდება ავარიების დროს გეგმიური გათიშვები. ყველამ კარგად ვიცით, ავარიები ხდება, როდესაც არ არის ქსელი კარგად მოწესრიგებული ან მთლიანი მაგისტრალი არ არის და სადღაც არის მონაკვეთები, სადაც ხდება ავარიები და უწევდათ კომპანიებს, რომ გაეთიშათ გაზი.
მაჩვენებელი, ფაქტობრივად, 3%-ზე ქვემოთ ჩამოვა, დაუგეგმავი ავარიები თითქმის ნულდება. ეს, რა თქმა უნდა, დისკომფორტია, მაგრამ ერთდღიანი დისკომფორტი ემსახურება იმას, რომ შემდეგ, გრძელვადიან პერიოდში, ყველა ის დისკომფორტი, რაც ჰქონდა ჩვენს მოსახლეობას, იქნება აღმოფხვრილი.
მაქსიმალურად გვერდში დაუდგებიან მუნიციპალიტეტები საჭიროებისამებრ მოსახლეობას, სადაც საჭირო იქნება. როგორმე, ეს ერთი დღე უნდა გავიჭიროთ. სამაგიეროდ, გვარდება ძალიან ბევრი წლის პრობლემა და, პირიქით, ამ ერთდღიანი ლოდინით, ჩვენ მივიღებთ 100%-ით გამართულ ინფრასტრუქტურას", - აცხადებს უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…