,, მერე – რა ხდება? მოქმედი მთავრობისა და მხედრობის – საყოველთაო ანათემაზე გადაცემა?” – დავით ქართველიშვილი მეუფე იობზე
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მეუფე იობს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მას „დევნის მანია“ აქვს ან გარედან მოქმედი ავი ძალების მძევლობაშია.

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი მეუფე იობის ქადაგებას ეხმაურება:
,,როდესაც შენსას არ იშლი, უფლისგან ნაჩუქარ დროს – მოფიქრებისთვის, გააზრებისთვის, დაწყნარებისთვის, შერიგებისთვის კი არ იყენებ, არამედ ძალას კრეფ ახალი და გაუგებარი თავდასხმისათვის – ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა: საბოლოო მიზანი რა გაქვს, სად გადის მისაღწევის ზღვარი. ყველა ურწმუნო გინდა დაამარცხო და ამ ჯვაროსნულ ბრძოლას მოქმედი ხელისუფლებით იწყებ? ამისთვის კი “იერუსალიმის რაინდი” სააკაშვილი გსურს გამოიყვანო ციხიდან და მისი რწმენაში გამოწვრთნილი ნაცმეომრები დაიყენო გვერდში? ცოტაღა გვრჩება ახალ აღიარებამდე – რომ “ჩემს გარდა ამ ქვეყანაში ყველა ურწმუნოა” და ამით მერე – რა? მერე – რა ხდება? მოქმედი მთავრობისა და მხედრობის – საყოველთაო ანათემაზე გადაცემა? მანამდე კი, ლიტურგიის დროს, დიდი გამოსვლისას, მათ მოხსენიებაზე უარის თქმა? ფინალი ამ ყველაფრის რა არის? ამ შეკითხვებზე პასუხგაუცემლობაა სწორედ – ფარისევლობა. თუ მეუფეს პირიქით ჰგონია, რომ ეს მას ებრძვის მთავრობა და მხედრობა – ეს უკვე “დევნის მანიაა”. მე კი მინდა დავარწმუნო მეუფეს – რომ ის ყველა მორწმუნეს ძალიან უყვარს. მეტსაც ვეტყოდი – განსაკუთრებით ამ ბოლო ორ კვირაში – გულით რაღაცნაირად ადამიანურად და ქრისტიანულად გვეცოდება კიდეც და გულწრფელი სურვილი გვიჩნდება – მოვეფეროთ, ჩავეხუტოთ – რადგანაც გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ან შინაგანი არასწორე შეხედულებების ტყვეობაშია, ან გარედან მოქმედი ავი ძალების მძევლობაშია, დაშინებისა თუ შანტაჟის გზით. თუ ამ სტატუსშიც პირადად ჩემი ურწმუნოება დაინახა, ან აგრესია, ან შეურაცხყოფა – რა გაეწყობა, მე ამას ავიტან და გადავიტან. ღმერთმა გაგაძლიეროს მეუფე, ღმერთმა გააძლიეროს ყველა “ძალიან მორწმუნე” თუ “უკიდურესად ურწმუნო” – შობის მარხვა გვიახლოვდება”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…