ევროკომისიამ უკრაინას 8 მილიარდამდე ევრო გადაურიცხა
ევროკომისიამ უკრაინას Ukraine Facility-ის ფარგლებში ყველაზე მსხვილი ერთჯერადი ტრანში, 7.9 მილიარდი ევრო გადაურიცხა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს გადაწყვეტილება უკრაინის მიერ გატარებული რეფორმების პროგრესს ადასტურებს.

დღეს ევროკომისიამ უკრაინას 7.9 მილიარდი ევრო გამოუყო ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ქვეყნის საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად, იმ ფონზე, როდესაც უკრაინა კვლავ აგრძელებს თავდაცვას რუსეთის აგრესიული ომისგან.
ეს არის ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ყველაზე მსხვილი ერთჯერადი ტრანში უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმის [Ukraine Facility] ფარგლებში.
"უკრაინა რეფორმებს კვლავ წარმატებით ახორციელებს და ამავდროულად ყოველდღიურად იცავს თავს. დღეს ჩვენ თითქმის 8 მილიარდ ევროს ვრიცხავთ — ეს დღემდე განხორციელებული ყველაზე მსხვილი გადახდაა. ეს ნათლად ადასტურებს, რომ რეფორმების რეალურ პროგრესს რეალური შედეგები და სარგებელი მოაქვს. უკრაინას შეუძლია ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, სანამ ის გამძლეობას იჩენს და ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინ მიიწევს", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ეს უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმის ფარგლებში განხორციელებული მეცხრე ტრანშია. აღნიშნული მექანიზმი ევროკავშირის მთავარი ინსტრუმენტია უკრაინის აღდგენის, რეფორმების დღის წესრიგისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდასაჭერად.
თანხის გამოყოფას წინ უძღოდა უკრაინის მიერ სხვადასხვა სტრატეგიულ სექტორში რეფორმების წარმატებით განხორციელება. მათ შორისაა:
სასამართლო სისტემის რეფორმა;
კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა;
ფინანსური ბაზრები;
საჯარო აქტივების მართვა;
ადამიანური კაპიტალი;
ბიზნესგარემო;
დეცენტრალიზაცია და რეგიონული პოლიტიკა;
ენერგეტიკის სექტორი;
აგროსასურსათო ბაზარი;
ციფრული ტრანსფორმაცია;
მწვანე ტრანზიცია და გარემოს დაცვა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…