პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დიდი სახელმწიფოების გარიგებები და მოკავშირეთა მდგრადობა – ბრუკინგსიდან შენჟენის სამიტამდე

ნატო

შენჟენში ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი სამიტი უკრაინაზე გარღვევის გარეშე დასრულდა. ბრუკინგსის ინსტიტუტის ექსპერტები აცხადებენ, რომ აშშ-ის პოლიტიკამ ალიანსში ნაპრალი გააჩინა და ევროპას თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.

დიდი სახელმწიფოების გარიგებები და მოკავშირეთა მდგრადობა – ბრუკინგსიდან შენჟენის სამიტამდე
ბათუმელები

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი

2026 წლის 19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჟენში გამართულმა აშშ-ჩინეთ-რუსეთის ისტორიაში პირველმა სამმხრივმა სამიტმა, სადაც დონალდ ტრამპი, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ, მკაფიოდ წარმოაჩინა ის პროცესები, რომლებიც გავლენიან ბრუკინგსის ინსტიტუტში განიხილეს იმავე დღეს ვაშინგტონში.

მაიკლ ო’ჰენლონის მოდერაციით გამართულ პანელზე ჯერემი შაპირომ [საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭო], კრისტი რაიკმა [ესტონეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი], თომას რაიტმა [ბრუკინგსი] და ფილ გორდონმა [ბრუკინგსი] წარმოადგინეს შეფასებები.

რა მოხდა შენჟენში

დიდი სიმბოლიზმი და ნულოვანი გარღვევა უკრაინაზე: პუტინთან თბილი შეხვედრისას ტრამპმა მას „ჩემი მეგობარი“ უწოდა, სამიტს კი -„ნამდვილად ისტორიული“. მოლაპარაკებები ევროპისა და უკრაინის მონაწილეობის გარეშე წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა უკრაინის საკითხზე „ბევრ თანხვედრ ინტერესზე“ ისაუბრა, ცეცხლის შეწყვეტა არ მიღწეულა, ხოლო სამი ლიდერის ერთობლივ „სამშვიდობო დეკლარაციაში“ კიევი საერთოდ არ უხსენებიათ.

საერთაშორისო ინსტიტუტების კრიტიკა და ბირთვული დიალოგი: ომის დასრულების ნაცვლად, ერთობლივ დეკლარაციაში გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმა მოითხოვეს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო [რომელსაც პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული]„იურისდიქციის ბოროტად გამოყენებისთვის“ გააკრიტიკეს – ტრამპმა სასამართლოს „კონტროლიდან გასული“ უწოდა.

მას შემდეგ, რაც 2026 წლის თებერვალში New START-ს ვადა გაუვიდა, ლიდერებმა დაადასტურეს, რომ „ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერ იქნება და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს“ და რისკების შემცირების დიალოგზე შეთანხმდნენ, თუმცა სავალდებულო ხელშეკრულება არ დადებულა.

უკრაინის ომი და აშშ-რუსეთის ურთიერთობები [ბრუკინგსის პანელის შეფასებები]

ბრუკინგსზე პანელისტები შეთანხმდნენ, რომ ევროპული უსაფრთხოებისადმი პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებასთან დაკავშირებულმა ღრმა გაურკვევლობამ ალიანსის ცენტრში, ჯერემი შაპიროს თქმით, „უზარმაზარი ნაპრალი“ გააჩინა – რაც შენჟენში მოკავშირეების გვერდის ავლით გამართულმა მოლაპარაკებებმაც დაადასტურა.

ფილ გორდონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა არა მხოლოდ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, არამედ მზარდ „ჰიბრიდულ ჩრდილოვან ომსაც“ ებრძვის – მათ შორის „მკვლელობის შეთქმულებებსა და მცდელობებს, დრონებით დარტყმებს, მილსადენებზე თავდასხმებსა და კიბერშეტევებს – ევროპელებს რეალურად ესხმიან თავს“.

ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იარაღის მიწოდების ტემპის დაცვისას, გორდონმა აღნიშნა, რომ ბირთვული ესკალაციის რისკი „რეალური იყო“, თუმცა დასძინა: „რეტროსპექტივაში, შეგვეძლო თუ არა ზოგიერთი ნაბიჯის უფრო ადრე გადადგმა? დიახ, ალბათ… [მაგრამ] არ ვფიქრობ, რომ რომელიმე მათგანი ბრძოლის ველზე სურათს გადამწყვეტად შეცვლიდა“.

კრისტი რაიკმა გააფრთხილა ვაშინგტონი, არ ეწარმოებინა მოლაპარაკებები მოსკოვის მაქსიმალისტურ მოთხოვნებზე, რადგან რუსეთისთვის ვეტოს უფლების მინიჭება ნატოს ჯარების განლაგებასა თუ მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტზე ვლადიმერ პუტინს ომის გაგრძელებისკენ წაახალისებს.

ჯერემი შაპიროს აზრით, რადგან ომს წმინდა სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს, აშშ-მა და ევროპამ სერიოზული და კომპეტენტური დიპლომატიური მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ ფუნდამენტური პრინციპების დაცვით.

თომას რაიტის შეფასებით, „35-40%-იანი შანსია“, რომ პუტინი მომავალ წელს შეთანხმებას დათანხმდეს, თუ შეეშინდება, რომ აშშ-ის მომდევნო, უფრო პროუკრაინული პრეზიდენტი მას ბევრად უარეს პირობებს შესთავაზებს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი რაიტმა ვაშინგტონს პოსტ-პუტინისეული რუსეთისთვის სწორი სტიმულების შექმნისკენ მოუწოდა.

ნატოს ალიანსის გაძლიერება და ევროპის „გეგმა B“

ვინაიდან აშშ-ის ყურადღება ჩინეთისკენ ინაცვლებს, ხოლო შიდა პოლიტიკა [“ამერიკა უპირველეს ყოვლისა“]მუდმივ არაპროგნოზირებადობას ქმნის, პანელი შეთანხმდა, რომ ნატო სწრაფად უნდა „ევროპეიზდეს“:

რატომ სჭირდება ევროპას „გეგმა B“ – [ფილ გორდონი] მისი თქმით, მოკავშირეები დიდხანს ფიქრობდნენ, რომ მათი „გეგმა B“ უბრალოდ „გეგმა A“-ს [აშშ-ის მხარდაჭერის] შენარჩუნება იყო – სანამ ტრამპმა არ მიანიშნა, რომ ევროპა საკუთარი თავის იმედად უნდა იყოს. ბირთვულ შეკავებაზე საუბრისას გორდონმა ეჭვქვეშ დააყენა ამერიკული ქოლგის სანდოობა ევროპიდან კონვენციური ძალების გაყვანის ფონზე:

„რატომ დაიწყებს ამერიკა ბირთვულ არმაგედონს, თუ ადგილზე ჯარის გაგზავნისთვისაც კი არ არის მზად?“ ვინაიდან ნატოს ისტორიაში პირველად აშშ-ის პრეზიდენტს „არ აქვს მკაფიო პოზიცია, ღირს თუ არა ევროპისთვის ბრძოლა“, გორდონმა მხარი დაუჭირა ევროპის დამოუკიდებელ თავდაცვით ინიციატივებს და უარყო ძველი ამერიკული შიშები დუბლირების შესახებ: „იმოქმედეთ. არა, [ეს] არ არის პრობლემა“.

შესაძლებლობები და სარდლობა: რაიკმა ხაზი გაუსვა აშშ-ის სტრატეგიული რესურსების [საჰაერი თავდაცვა, დაზვერვა, მართვა და კონტროლი, ლოგისტიკა] ჩანაცვლებას და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის ინტეგრაციას.

შაპირომ ნატოს მთავარსარდლად (SACEUR) ევროპელის დანიშვნა მოითხოვა, თუმცა რაიკი და რაიტი ამას შეეწინააღმდეგნენ, რადგან ამერიკელი სარდალი აუცილებელია აშშ-ის ბირთვულ ქოლგასთან კავშირის შესანარჩუნებლად. პარალელურად, გორდონმა და რაიტმა მხარი დაუჭირეს ბრიტანულ და ფრანგულ ბირთვულ ძალებთან მჭიდრო კოორდინაციას.

რას ნიშნავს აშშ-ის ახალი კონგრესი უკრაინისთვის

როდესაც 2027 წლის იანვარში დემოკრატიული უმრავლესობით დაკომპლექტებული აშშ-ის ახალი კონგრესი შეიკრიბება, მას ექნება საბიუჯეტო ბერკეტები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტების აღსადგენად, მოსკოვთან აღმასრულებელი ხელისუფლების შესაძლო დათმობების გასაკონტროლებლად და ევროპიდან ამერიკული ჯარების ცალმხრივი გაყვანის შესაჩერებლად.

თუმცა, ბრუკინგსის პანელმა კიევსა და ბრიუსელს მნიშვნელოვანი გაფრთხილება დაუტოვა: მხოლოდ კონგრესის მხარდაჭერა ვერ ჩაანაცვლებს ევროპულ ძალას.

შაპირომ აღნიშნა, რომ ნატოსადმი კეთილგანწყობილმა კონგრესმა შესაძლოა პარადოქსულად შეანელოს ევროპის თავდაცვის გაძლიერება და მოკავშირეები თვითკმაყოფილებაში ჩააგდოს. რაიტმა კი ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონის ღრმა პოლარიზაციის ფონზე, კონგრესმა და ევროპელმა მოკავშირეებმა უკრაინისთვის მრავალწლიანი, ინსტიტუციურად დაცული სამხედრო და ინდუსტრიული მხარდაჭერა უნდა უზრუნველყონ, რათა კიევის გადარჩენა თეთრ სახლში მომავალ პოლიტიკურ რყევებზე აღარ იყოს დამოკიდებული.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპის, პუტინისა და სის მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის მოკავშირეები ბერლინში იკრიბებიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები