გიორგი ბუტიკაშვილი - რუსული მხარე ზურაბაშვილს მოიხსენიებს არა როგორც „სპეციალურ წარმომადგენელს“, არამედ „მინისტრის მოადგილედ“, ეს ნიშნავს, რომ დიალოგი სამინისტროების დონეზეა! ერთი ნაბიჯია დარჩენილი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენამდე!
გიორგი ბუტიკაშვილი აცხადებს, რომ მინსკში ზურაბაშვილ-გალუზინის შეხვედრით საქართველო-რუსეთის დიალოგი სამინისტროების დონეზე გადავიდა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. ის ფონიჭალის ტრაგედიაზეც საუბრობს და პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.

საქართველო ცხოვრობს ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, გლოვის დღიდან გლოვის დღემდე და რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მცირდება მანძილი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე - ასეთი ქვეყანა შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო წლების მანძილზე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ვინაიდან ქვეყანაში არსებული გაჭირვება და კორუფციული სქემები სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.
„გუშინ უმძიმესი კადრები ვნახეთ. 6 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის, ორი ბავშვი. ეს არის უმძიმესი ტრაგედია ქვეყნისთვის, ცხადია, ოჯახებისთვის და ვუსამძიმრებ მათ. ჩვენ ამ სიტუაციას არა მხოლოდ ცალკეული ტრაგედიით უნდა შევხედოთ, არამედ იმ კუთხით, თუ როგორ ცხოვრობს საქართველო ბოლო პერიოდი. ეს აფეთქება არ ყოფილა პირველი შემთხვევა. გვინახავს აფეთქება, ჩამონგრევა, წალეკვა, მეწყერი და ა.შ. საქართველო ცხოვრობს ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, გლოვის დღიდან გლოვის დღემდე და რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მცირდება მანძილი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე. ასეთი ქვეყანა შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო წლების მანძილზე. სიღატაკის პრობლემაა ქვეყანაში, სადაც უზრუნველყოფილი არ არის ადამიანის უსაფრთხოება, სადაც ადამიანებს არ აქვთ საკმარისი შემოსავალი, რომ გამართულად ჰქონდეთ დანადგარები. არ არის სახელმწიფოს ზრუნვა საკმარისი, რომ ადამიანს თვითონ არ მოუწიოს რაღაცის გაკეთება, რომ უბრალოდ იცოცხლოს, გადარჩეს.
დიდ სურათში თუ შევხედავთ, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის გლობალური გაჭირვება და სიდუხჭირე ქვეყანაში. ის, რაც დაემართა საქართველოს ბოლო წლებში, სწორედ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელი აიღო დასავლურ ინსტიტუციებში შეყვანაზე და ქვეყანა კრიზისში შეიყვანა. ეს კრიზისი სწორედ „ქართული ოცნების“ გამოწვეულია. მეორე - თუ დავავიწროვეთ, ეს არის კორუფციული სქემები და „კლანები“, რომლებიც ქვეყანას მართავენ. სისტემურმა კორუფციამ, სისტემურმა სიღატაკემ ადამიანები მიიყვანა იქამდე, რომ რაღაცები თვითნებურად აკეთონ, რაც მერე მათსავე საზიანოდ ტრიალდება,“ - აღნიშნა ბუტიკაშვილმა.
რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, ის გადაცემაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის მინსკში შეხვედრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „დღეს საქართველოს უკვე ოფიციალურ დონეზე აქვს რუსეთთან პირდაპირი კომუნიკაცია“ და „დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად ერთი ნაბიჯია დარჩენილი“.
ბუტიკაშვილის თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატმა ამდენი წლის მანძილზე საქართველოსთვის არაფერი მოიტანა, რადგან რუსეთს მხოლოდ ძლიერის ენა ესმის და „ქართული ოცნების“ ენის მოჩლექის პოზიციამ ვერც ოკუპაცია შეაჩერა, ვერც ბორდერიზაცია და ვერც ქართველების გატაცება.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეტა განცხადება, სადაც საქართველოს ე.წ. სპეციალური წარმომადგენელი მოხსენიებულია, არა როგორც „სპეციალური წარმომადგენელი“, არამედ როგორც „საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე“. სპეციალური წარმომადგენელი ნიშნავს სპეციალურ წარმომადგენელს. ეს ადამიანი ინარჩუნებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. კობახიძემ ეს ახსნა იმით, რომ მან სთხოვა, დარჩენილიყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციაზეც და მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე დატოვეს. სინამდვილეში რას ნიშნავს, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პირდაპირ დიალოგზე მიდის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან?! ჟენევის ფორმატი არსებობდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის დანარჩენ სახელმწიფოსთან და ჩვენთან ერთად, რუსეთთან დიალოგს აწარმოებდა. ანუ, ჩვენ ჩვენს მეგობრებთან ერთად ვისხედით მაგიდასთან და ჩვენთვის საუკეთესოს გამოვაჭრებას ვცდილობდით ჟენევის ფორმატიდან გამომდინარე. ამავდროულად, როდესაც „ქართლი ოცნების“ ხელისუფლება მოვიდა და რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა დაიწყეს შექმნეს აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომლის შეხვედრებიც პრაღაში ტარდებოდა. დღეს ვხედავთ, რომ მინსკში გადავიდა. აბაშიძე-კარასინის ფორმატმა ამდენი წლის მანძილზე არაფერი მოიტანა საქართველოსთვის. ჩვენ ვნახეთ რომ მსგავსმა პირდაპირმა დიალოგმა, რაც არ უნდა ჰუმანიტარული მიზნებისთვის ყოფილიყო, ვერაფერი მოიტანა. ოკუპაცია გრძელდება, ბორდერიზაცია გრძელდება, საოკუპაციო ზოლიდან ქართველების გატაცება გრძელდება.
დღეს უკვე ოფიციალურ დონეზე საქართველოს აქვს პირდაპირი კომუნიკაცია რუსეთთან. აქამდე თუ „ქართული ოცნება“ ცდილობდა შემოვლითი გზებით ელაპარაკა რუსეთთან, შემოვლითი გზებით ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ რუსეთთან მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებზე საუბრობდა, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე არის დიალოგი. ერთი ნაბიჯი არის დარჩენილი დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად, რასაც რუსეთი ამდენი ხნის მანძილზე ითხოვს. რას ვიგებთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შემთხვევაში, როდესაც პარალელურად „ქართული ოცნება“ სრულიად აცილებს საქართველოს დასავლურ სტრუქტურებს?! რუსეთთან მოლაპარაკებისთვის ერთადერთი ბერკეტი არსებობს - ძლიერის პოზიციიდან ესაუბრო მას. რუსეთს ესმის მხოლოდ ძლიერის ენა და არა ენის მოჩლექა. „ქართული ოცნების“ ენის მოჩლექის პოზიციამ ვერც ბორდერიზაციის პროცესი შეაჩერა, ვერც ქართველების გატაცების და წამების,“ - განაცხადა ბუტიკაშვილმა.
ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ გიორგი ზურაბიშვილი რუსეთისთვის არაფერს წარმოადგენს და სინამდვილეში, ის არის იმ პროცესის დეკორაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო.
მისი თქმით, ამ ფორმით, არანაირი დიალოგის ფორმატი არ მოიტანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, პირიქით, მოიტანს იმას, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შეაგუებს.
ბუტიკაშვილი ამბობს, რომ რუსეთს აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ საქართველოს სრული ოკუპაცია მოახდინოს და „ქართული ოცნება“ მას ამაში ხელს უწყობს.
„ზურაბაშვილი არაფერს წარმოადგენს. არავინ არის რუსეთისთვის. ის არის იმ პროცესის დეკორაცია, რაც ივანიშვილმა დაიწყო და არა კობახიძემ. კობახიძე არის ამის აღმსრულებელი. ცალსახაა, რომ რუსეთი არ აპირებს არაღიარების პოლიტიკის უკან გაწვევას. პირიქით, ივლისში გამოცხადებული ახალი პროექტით, რომელსაც ჰქვია „პუტინის გზა“, აფხაზეთს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს. ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ამ ახალი გეოპოლიტიკური გზის მშენებლობა, რომელიც დაიწყება რუსეთში და გაგრძელდება აფხაზეთში - საქართველო-სომხეთი-ირანი, რომელიც გადაკვეთს ყველა იმ გზას, რაც კი დასავლეთმა, ევროკავშირმა შუა დერეფანი დაიწყო, ან ტრამპის ზანგეზურის დერეფანი. ამით გააძლიერებს არამარტო რუსეთის პოზიციებს, არამედ აფხაზეთის როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის თვითმყოფადობას.
ამ ფორმით არანაირი დიალოგის ფორმატი არ მოიტანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. პირიქით, მოიტანს იმას, რომ საქართველოს შეაგუებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს არის „ქართული ოცნების“ ამოცანაც, რომ ქართველი შეეგუოს ამ მდგომარეობას - არამცთუ აფხაზეთი და ცხინვალი დაუბრუნდეს საქართველოს, არამედ საქართველო გახდეს სრულად რუსული სივრცის ნაწილი და ამ ფორმით მოხდეს გაერთიანება.
რუსეთს აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ საქართველოს სრული ოკუპაცია მოახდინოს, გააკონტროლოს გეოპოლიტიკური გზაჯვარედინი და ამით აკონტროლოს ყელა სატრანზიტო გზა. „ქართული ოცნება“ მას ამაში ხელს უწყობს,“ - აღნიშნა ბუტიკაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…