პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ერთა თასის დასკვნით მატჩში აშშ-ს ნაკრებს „მიხეილ მესხის“ სტადიონზე დაუპირისპირდება. ორივე გუნდი ჯგუფის ჩემპიონია და ერთმანეთს არაოფიციალურ ფინალში შეხვდება.

"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
სპორტალი

2026 წლის დასკვნით მატჩში, ბორჯღალოსნები “მიხეილ მესხზე” აშშ-ს ნაკრებს დაუხვდებიან და წლის დახურვას ზედიზედ მეექვსე გამარჯვებით ეცდებიან. თამაში 18 საათზე დაიწყება.

ეს არის მსოფლიო რაგბის ერთა თასის პირველი გათამაშების ბოლო შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ორი ჩემპიონი - საქართველო და აშშ შეერკინება. გუნდებმა განვლილი ხუთი მატჩიდან ხუთივე მოიგეს, ოთხში ბონუს-ქულაც (ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის) აიღეს და ჯამში 24-24 საცხრილო ქულა მოაგროვეს. შედეგად, ბოლო ტურის წინ ისინი მეტოქეებისთვის მიუწვდომელი გახდნენ და საქართველო ევროპა-აზია-აფრიკის ჯგუფის, ხოლო აშშ ამერიკა-წყნარი ოკეანის ჯგუფის ჩემპიონად გამოცხადდა.

ბედის ირონიით, ისე მოხდა, რომ მსოფლიო რაგბის ერთა თასის ჩემპიონები დასკვნით ტურში ძალებს ერთმანეთთან მოსინჯავენ. თამაშის დასრულების შემდეგ, ჯგუფის ჩემპიონობისთვის განკუთვნილ თასს ორივე გუნდი ჩაიბარებს, თუმცა მანამდე ძალებს არ დაზოგავენ, რათა 80 წუთის განმავლობაში, არაოფიციალურ ფინალში ჩემპიონთა შორის უკეთესი გამოავლინონ და თასიც კარგ ხასიათზე, გამარჯვებულებმა შემართონ.

რეიტინგში მეზობლები

მომავალ შეხვედრას გუნდები მსოფლიო რაგბის რეიტინგში ერთმანეთის მეზობლად ხვდებიან. მოცემული მომენტისთვის ბორჯღალოსნები 74.23 ქულით მე-13 ადგილს იკავებენ. „არწივებს“ (აშშ-ს ნაკრების თიკუნი) ბუქარესტში რუმინეთთან დიდი სხვაობით (53:24) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, 68.39 ქულა გაუხდათ, პორტუგალია უკან მოიტოვეს და მე-14 პოზიციაზე აღზევდნენ.

გამარჯვების შემთხვევაში ბორჯღალოსნების სარეიტინგო მონაგარი 0.42, ან 0.62 (15 და მეტი ქულის სხვაობით) ქულით გაიზრდება და მართალია მე-13 ადგილზე დარჩებიან, მაგრამ იაპონიას (75.25) ძალიან მიუახლოვდებიან, თუ ის თავის მხრივ შოტლანდიასთან დამარცხდება. საქართველო მე-13 ადგილზე ფრის, ან მარცხის შემთხვევაშიც დარჩება, თუმცა ამ შემთხვევაში ის იაპონიას მნიშვნელოვნად დაშორდება და მდევარი აშშ-ც წამოეწევა.

ეს იქნება ამ გუნდების მე-9 დაპირისპირება, რომელიც სათავეს 2009 წლიდან იღებს. ბორჯღალოსნებს ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვთ - 5 გამარჯვება სამი მარცხის წილ. აღსანიშნავია, რომ „არწივებთან“ ბოლო ოთხი ჯახი (2017 წლიდან) ქართველების გამარჯვებით დსრულდა. ბოლოს მათ შარშან ნოემბერში, ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ შევერკინეთ და 43:30 დავამარცხეთ.

რაც შეეხება „მიხეილ მესხის“ სტადიონს, აქ აშშ-ს ორჯერ ვეთამაშეთ და ორივეჯერ გავიმარჯვეთ: 2017 წელს 21:20 და 2023 წელს ჯერჯერობით რეკორდული სხვაობით - 22:7.

ორი ცვლილება დამწყებებში

ტონგასთან ნაჩვენები შესანიშნავი თამაშისა და 55:31 გამარჯვების შემდეგ, სამწვრთნელო შტაბმა დამწყებ თხუთმეტეულში მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა.

ღერძზე, ჰავბეკის (9) პოზიციაზე მარქაფიდან გელა აფრასიძე დაწინაურდა, რომელიც ლუკა მატკავას შეუწყვილდება. ცენტრში კვლავ თორნიკე კახოიძე და გიორგი შველიძე შეწყვილდებიან, ფრთებზე დაჩი პაპუნაშვილი და აკაკი ტაბუცაძე დადგებიან, ფულბეკი კი გუნდის კაპიტანი დავით ნინიაშვილი იქნება.

ერთი ცვლილებაა შერკინების ხაზში, სადაც მარცხენა ბურჯის პოზიციაზე თამაშს სერგი აბრამიშვილი იწყებს, რომელსაც ტონგასთან არ უთამაშია, კანადასთან კი მარქაფაში იყო. დამწყებთა შორის არიან კვაჭი ვანო კარკაძე, მარჯვენა ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე, მეორეხაზელები გაგი მარგველაშვილი და კოტე მიქაუტაძე, მესამეხაზელები - ლუკა ივანიშვილი, ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე.

მარქაფაში სამი ისეთი მოთამაშეა, რომელთაც ნოემბრის კამპანიისას ბორჯღალოსნების კვართით ჯერ არ უთამაშიათ. ესენი არიან კვაჭი ლუკა გოგინავა, მგეზავი თედო აბჟანდაძე და შერკინების შემკვრელი თორნიკე ჯალაღონია. ტონგასთან დამწყებთა შორის იყვნენ და ამჯერად მარქაფაში გადაინაცვლეს ბურჯმა გიორგი ახალაძემ და ჰავბეკმა ვასილ ლობჟანიძემ. კანადასთან მატჩის შემდეგ მარქაფაში ბრუნდება მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი.

მარქაფიდან ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ბექა გიგაშვილი, რომელიც ჯამში 50-ე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს. კვლავ სათადარიგოთა შორისაა მესამეხაზელი მიხეილ შიოშვილი, რომელსაც მწვრთნელები საჭიროების შემთხვევაში მეორე ხაზში გამოცდიან.

მსოფლიო რაგბის ერთა თასი. VI რაუნდი

21 ნოემბერი. თბილისი. „მიხეილ მესხი“. 18:00 საათი

საქართველო - აშშ

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. დაჩი პაპუნაშვილი, 10. ლუკა მატკავა, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება: 1. სერგი აბრამიშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. გაგი მარგველაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. ლუკა გოგინავა, 17. გიორგი ახალაძე, 18. ბექა გიგაშვილი, 19. მიხეილ შიოშვილი, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. თორნიკე ჯალაღონია; 22. ვასილ ლობჟანიძე, 23. თედო აბჟანდაძე.

Rugby.ge

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები