ერთი ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს ფონიჭალაში აფეთქებული კორპუსის ნანგრევებიდან
ქვემო ფონიჭალაში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს. საქმეზე გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი კორპუსის პირველი სართულის ფანჯრიდან გადმოიყვანეს. ბავშვი ცოცხლად ამოუყვანეს დაახლოებით 6-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ.
მცირეწლოვანი გოგო კლინიკაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის დაზიანებები შეიძლება აღენიშნებოდეს მას.
დღეს 19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
თავდაპირველად 7 ადამიანს, მათ შორის 3 ბავშვს ეძებდნენ.
გრძელდება 6 ადამიანის სამძებრო სამუშაოები.
ბოლო ინფორმაციით კლინიკაშია მოთავსებულ ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვემო ფონიჭალაში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შემდეგ ორი სადარბაზოა პრობლემური, კორპუსის დანარჩენი ნაწილი კი საცხოვრებლად ვარგისია. კალაძის ინფორმაციით, კორპუსში 90 ოჯახი ცხოვრობდა. 28 მათგანი ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართში გადასვლას დათანხმდა.
გამოძიება დაიწყო
როგორც ადგილზე მყოფმა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ უთხრა მედიას, სამაშველო ღონისძიებების პარალელურად, შესაბამის მოქმედებებს ატარებენ გამომძიებლებიც, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რასაც მოცემულობა აძლევთ. ადგენენ კორპუსის მცხოვრებთა მონაცემებს.
"დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს... ექსპერტ-კრიმინალისტებიც აქტიურად არიან ჩართულები, მათ შორის, გამოყენებულია არაერთი დრონი, ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. თავის მხრივ, სამაშველო სამსახური მუშაობს",- თქვა ვეფხვაძემ.
სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი: ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ბუნებრივი წყალბადის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…