პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„თუ არ მოვა გივი“ – მიქანაძის წაქცეული სკამი და სტუდენტების პროტესტი თბილისში

ქართული ოცნებაგანათლების სამინისტროტელეიმედი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დისკუსიაზე მიწვეული განათლების მინისტრი გივი მიქანაძე შეხვედრაზე არ მივიდა, რის შემდეგაც სტუდენტებმა მისი სკამი წააქციეს და განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია დააანონსეს.

„თუ არ მოვა გივი“ – მიქანაძის წაქცეული სკამი და სტუდენტების პროტესტი თბილისში
ბათუმელები

ილიაუნის სტუდენტები რამდენიმე კვირაა „ოცნების“ განათლების მინისტრთან, გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. 18 ნოემბერს სტუდენტებმა გივი მიქანაძე უნივერსიტეტის დარბაზში მიიწვიეს დისკუსიისთვის, თუმცა მიქანაძე არც აქ მივიდა.

მინისტრისთვის განკუთვნილი სკამი ცარიელი იყო, ბოლო კადრში კი – წაქცეული.

„თუ ჩვენი მომავალი არაფერია თქვენთვის, მაშინ თქვენი ავტორიტეტი ჩვენთვისაც არაფერია“, „ათასობით გაბრაზებული სტუდენტი მოვა თქვენთან“, „გივი თუ არ მივა სტუდენტებთან, სტუდენტური ძალა მივა გივისთან“, „მოგიწევთ პასუხების გაცემა“- ასეთია სტუდენტების გზავნილები.

დღეს, 19 ნოემბერს, სტუდენტები უკვე განათლების სამინისტროსთან აპირებენ საპროტესტო აქციის გამართვა.

„ბათუმელები“ სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ალექსანდრე რიგვავას ესაუბრა.

ალექსანდრე, გუშინ ჩვენ ვნახეთ გივი მიქანაძის ცარიელი და შემდეგ კი წაქცეული სკამი. რაზე მეტყველებს ეს?

პასუხი ძალიან მარტივია, ცარიელი სკამი გინდ მდგარიყო და გინდ არა, რადგან მნიშვნელობაც აღარ აქვს, მინისტრი ფურცელზე გვყავს თუ არა, რადგან ის განათლების რეფორმის პროცესშიც არ მონაწილეობდა და ყველაფერი პრემიერ-მინისტრის დირექტივა იყო.

ის არც გადაწყვეტილებებს იღებდა და არც პასუხები აქვს ჩვენს კითხვებზე.

გვახსოვს, პირველ დებატებზეც იყო მისული „იმედში“ მიქანაძე, მაგრამ არც იქ ჰქონდა მნიშვნელობა იჯდა იმ სკამზე თუ არა, ამ ადამიანს არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვს, აზრზე არ არის, რა ხდება განათლების სისტემაში.

მაშინ რა აზრი აქვს მასთან შეხვედრას და საუბარს?

ზუსტად მაგიტომ ვიწვევდით ილიას უნივერსიტეტში დისკუსიაზე, დაინახოს საზოგადოებამ, რომ სინამდვილეში „ქართულ ოცნებაში“ ჩვენს კითხვებზე პასუხები არავის აქვს. ნაჩქარევად იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული და უკავშირდებოდა კერძო ინტერესებს.

შესაბამისად, საზოგადოებასაც გვინდა ეს კარგად ვაჩვენოთ და ამასთან, გავზარდოთ წნეხი განათლების სამინისტროზე. ვაჩვენოთ ის, რომ განათლების მინისტრი რეალურად არ ასრულებს თავის მოვალეობას.

გვინდა ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ეს სამინისტრო არ ფუნქციონირებს ისე, როგორც უნდა ფუნქციონირებდეს.

თუ არ მიიღებს რაიმე ზომებს სამინისტრო, გადავალთ სხვა, უფრო მაღალ ინსტანციებზე და ალბათ მოგვიწევს კობახიძესთან მისვლაც.

რა ფორმით?

მოვიფიქრებთ. ვცდილობთ პროტესტის ახალი ფორმები ვიპოვოთ, რადგან მარტო ქუჩაში დგომას არ აქვს შედეგი.

თქვენ ამბობდით, რომ სამინისტროში 90 წერილი გაგზავნეთ, შეიტანეთ პროფესორ-მასწავლებლების 240 ხელმოწერა, ბოლოს 3000 სტუდენტი დადექით და ითხოვდით მიქანაძის მოსვლას შეხვედრაზე, თუმცა ეს ყველაფერი არ შეიმჩნია არც სამინისტრომ და არც „ოცნების“ ხელისუფლებამ. თქვენი აზრით, რა არის ის გზა, რაც აიძულებს მათ, რომ სტუდენტებს დაელაპარაკონ?

აქამდე ჩვენი მიზანი იყო გივი მიქანაძე მოგვეყვანა უნივერსიტეტში, ახლა ვაპირებთ, რომ ეს ყველაფერი გასცდეს უნივერსიტეტის კედლებს.

მათ უნდა დაინახონ, რომ ილიას უნივერსიტეტის დახურვა ან კვოტების შემცირება ჩვენთვის მიუღებელია.

კობახიძემაც უნდა დაინახოს, რომ უნივერსიტეტების გაუქმებას სანამ დაიწყებს, სხვა პრობლემებია ჯერ მოსაგვარებელი.

აგერ, ვეკუას სკოლას დანგრევას უპირებენ, 21-ე საჯარო სკოლასაც უპირებენ იმავეს, სკოლების 35% სარეაბილიტაციოა, ბაღებია ასაშენებელი, მაგალითად დიღომში, რადგან მოსახლეობა ორჯერ გაიზარდა და არც სკოლები შენდება და არც ბაღები. მოსწავლეები სამი ცვლით სწავლობენ. ეს ყველაფერი განათლების პრობლემა და ამაზე უნდა ამახვილებდეს ახლა განათლების სამინისტრო ყურადღებას, ამას უნდა აგვარებდეს და არა უნივერსიტეტებს დასდევდეს დასახურად.

ამის გარშემოც გვინდა ვმობილიზდეთ და გავაფართოოთ ჩვენი საპროტესტო მოძრაობა. შესაბამისად, ჩვენი ძალა ერთობაშია.

გუშინ, სტუდენტები საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად მძიმე პირობებში უწევთ ამ ქვეყანაში ცხოვრება, მუშაობა და განათლების მიღება. ამბობდნენ, რომ ღამეებს ათენებენ მუშაობაში და გადაღლის მიუხედავად მაინც ცდილობენ მიიღონ ხარისხიანი განათლება, რომ მათ დიპლომებს ჰქონდეთ ფასი, თუმცა, ძალაუფლებაში მყოფი პირები აუფასურებენ შრომასაც და დიპლომსაც. თქვენ რა შეგიძლიათ ამაზე რომ გვითხრათ?

დღეს ბევრი სტუდენტი სრულ განაკვეთზე მუშაობს, რომ როგორმე შეძლონ გაძვირებული ბინების ქირის გადახდა და არსებობა.

ბევრი ღამის ცვლაშიც მუშაობს, რომ დილით უნივერსიტეტში წავიდეს. ასეთ პირობებში გვიწევს სტუდენტებს განათლების მიღება და „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ ჩვენს დიპლომს ფასი აღარ ექნება, რომ ვსწავლობთ იმ ფაკულტეტზე, რომელიც უკვე გაუქმებულია.

ეს შეურაცხყოფაა ჩვენთვის, მიუღებელია სრულიად.

„ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკაა სტუდენტების რაოდენობის შემცირება და ვინც უკვე სწავლობს, იმათაც აიძულებენ, რომ ქვეყანა დატოვონ და ემიგრაციაში წავიდნენ, ისეთ პირობებს გვიქმნიან. ესაა წარმოუდგენელი მავნებლობა, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს.

ამ ყველაფრის პარალელურად, ზოგიერთი ბიზნესმენი ამბობს, რომ მუშახელი უცხოეთიდან უნდა შემოიყვანონ. ეს დააზარალებს სტუდენტებს?

ხომ გვახსოვს „ვოლტის“ და „გლოვოს“ თანამშრომლების პროტესტი, „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმალურად შეუწყო ხელი იმას, რომ ამ სფეროშიც უცხოეთიდან ჩამოსული მუშახელი დაესაქმებინათ კომპანიებს, რადგან იაფი მუშახელია მათთვის, ქართველი სტუდენტები კი შემოსავლის გარეშე დატოვეს. იგივე მოხდება სხვა სფეროებშიც.

ამიტომ ვამბობ, ხელს უწყობენ იმას, რომ ახალგაზრდები წავიდნენ ქვეყნიდან.

სტუდენტები საუბრობენ ბრაზზე და რას ნიშნავს ხელისუფლებისთვის გაბრაზებული სტუდენტები, როგორ ფიქრობთ?

გაიხსენონ 28 ნოემბერი, გაიხსენონ რუსული კანონის მიღების პერიოდი და კარგად მიხვდებიან რას ნიშნავს გაბრაზებული სტუდენტი. ან გადახედონ სხვა ქვეყნების მაგალითებს. ხომ უყვარდათ უნგრეთის, სერბეთის მაგალითების მოყვანა, ახლა გადახედონ ამ ქვეყნებს და გაიგებენ რა მოხდა და რამ მოიტანა ცვლილებები ამ ქვეყნებში.

ჩვენ არ გვეშინია მათი რეპრესიების. ჩვენ გვყავს სტუდენტები, რომლებსაც 60 000-100 000 ლარიანი ჯარიმები აქვთ გამოწერილი, ყადაღები ადევთ, ზოგი ნასამართლევიცაა, თვეები იყვნენ სტუდენტები ციხეებში და მაინც აგრძელებენ ბრძოლას.

ამიტომ, გვინდა გავაგებინოთ ამ ადამიანებს, რომ პირველ რიგში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდეს დახურული პროგრამები, ანუ 92% პროგრამების, გაიზარდოს მიღება უნივერსიტეტში და რაც მთავარია, უცვლელი დარჩეს უნივერსიტეტის აკადემიური თავისუფლება.

ილიას უნივერსიტეტი იმიტომ არის მათი „რეფორმის“ მთავარი სამიზნე, რომ თავისუფალი უნივერსიტეტი ვართ, სადაც აკადემიური თავისუფლება უმაღლეს დონეზეა. შესაბამისად, ჩვენ არ დავთმობთ აკადემიურ თავისუფლებას პროგრამების სანაცვლოდ. ილიას უნივერსიტეტის რექტორი არასდროს არ გახდება ჯაბა სამუშია [თსუ-ს რექტორი].

რას ელოდებით დღევანდელი აქციიდან და რა იქნება მომდევნო ნაბიჯები?

დღეს, 17:00 საათზე საპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან იქნება და გავაცნობთ უახლოესი მომავლის სამოქმედო გეგმას საზოგადოებას. მალე კვოტები უნდა გამოცხადდეს და გვინდა, რომ ამ მომენტისთვის ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ განათლების მინისტრზე და სამინისტროზე.

ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები. თუ მაინც არ გაითვალისწინებენ, მერე უკვე დავფიქრდებით პროტესტის ფორმის ცვლილებაზეც.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გივი მიქანაძემ კორეის ელჩთან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები