რევაზ ნადარაიამ ოპოზიციას: პოლიტიკური მიზნით თუ ვინმემ გადახვევა გააკეთა და ტრიბუნით ისარგებლა, ვიქნები გულწრფელი და ეს მოპასუხე მხარეებს უფრო გემართებათ
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვისას თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მოპასუხე მხარე ტრიბუნის პოლიტიკური მიზნით გამოყენებაში დაადანაშაულა.

საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობს. "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე ისაუბრა და მოსამართლეთა პლენუმს გირგვლიანის, ვაზაგაშვილისა და რობაქიძის საქმეებში მსჯავრდებული ყოფილი მაღალჩინოსნების ჩამონათვალი წარუდგინა. მოპასუხე მხარეს დაუსვეს კითხვები, მათ შორის, სტრასბურგში განხილულ საქმეებზე. დარბაზში იყო კამათიც.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს რამდენჯერმე მოუწოდეს, კანონიერ განაჩენებზე დასმულ შეკითხვებზე გაღიზიანების ნაცვლად, წარმოედგინათ კონკრეტული არგუმენტები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიამ ოპოზიციის წარმომადგენლების რეპლიკას უპასუხა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ მოსარჩელე მხარე ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს.
რევაზ ნადარაიას თქმით, ამგვარი მითითება აბსოლუტურად მოკლებულია რეალობას, რადგან მსგავსი ტიპის გადახვევა მოპასუხე მხარეს უფრო ემართება.
"რაც შეეხება მითითებას იმის თაობაზე, რომ ახლა პოლიტიკური განცხადებისთვის იყენებს ტრიბუნას მოსარჩელე მხარე, აბსოლუტურად რეალობასთან არ არის. სისხლის სამართლის საქმეები არის სარჩელში მითითებული და აქედან გამომდინარე ხდება საქმეთა ჩამონათვალი. რა არის პოლიტიკური კონტექსტი, ცოტა არ იყოს, ახლა, ამ შემთხვევაში, გაუგებარია. პოლიტიკური მიზნით თუ ვინმემ გადახვევა გააკეთა და ტრიბუნით ისარგებლა, ვიქნები გულწრფელი და, ეს მოპასუხე მხარეებს უფრო გემართებათ", - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…