დავით სონღულაშვილს ტაშკენტის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილს უზბეკეთში ვიზიტისას ტაშკენტის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაშკენტის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია. მინისტრი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და სტუდენტებს შეხვდა და სიტყვით მიმართა. უნივერსიტეტში სტუმრობის ფარგლებში დავით სონღულაშვილს ტაშკენტის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
"უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი ტაშკენტის ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტს ასეთი მნიშვნელოვანი აღიარებისა და პატივისცემისთვის. დღევანდელი დღე, საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების, თანამშრომლობისა და საერთო ინტერესების კიდევ ერთი გამოხატულებაა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის აგრარულ სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს," - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ზეთისხილის სამრეწველო წარმოების განვითარების საერთაშორისო გამოცდილებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებსა და აგრარულ სექტორში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, ტაშკენტის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი და ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საპატიო პრეზიდენტი გიორგი სვანიძე, ასევე, უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახრამონ იულდაშევი, ტაშკენტის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ნარზულო ობლომურადოვი და სხვა წარმომადგენლები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…