ბერლინში გაიმართება უკრაინის მხარდამჭერი "მოსურნეთა კოალიციის" შეხვედრა
19 ნოემბერს ბერლინში უკრაინის მხარდამჭერი „მოსურნეთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება, რომელსაც აშშ-ის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერიც დაესწრებიან. მხარეები უსაფრთხოების გარანტიებს, რეკონსტრუქციას და უკრაინაში მრავალეროვნული ძალების შესაძლო განთავსებას განიხილავენ.

19 ნოემბერს ბერლინში გაიმართება "მოსურნეთა კოალიციის" სახელით ცნობილი ჯგუფის შეხვედრა - ანუ იმ ქვეყნების, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს. ბერლინში ჩავლენ აშშ-ის წარმომადგენლებიც, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, მიუხედავად იმისა, რომ აშშ ოფიციალურად არ მონაწილეობს "მოსურნეთა კოალიციის" ფორმატში, რომელიც უწინარესად ევროპის სახელმწიფოების მიერაა ორგანიზებული.
აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მედიასთან დაადასტურა, რომ დისკუსიის მთავარი თემები იქნება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა ომის დასრულების შემდეგ, ასევე უკრაინის რეკონსტრუქციის გეგმა და მზადება მოლაპარაკების ახალი რაუდისთვის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინა, რუსეთი, აშშ და, შესაძლოა, ევროპის წარმომადგენლებიც.
შეხვედრა გაიმართება იმ დღეს, როცა ჩინეთის ქალაქ შენჟენში შედგება აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების სამმხრივი მოლაპარაკება. ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ორივე შეხვედრა ნაწილია "კოორდინირებული დიპლომატიური ძალისხმევისა".
შეხვედრაზე განიხილავენ უკრაინის დახმარების ახალ პაკეტებს, როგორც შეიარაღების, ისე ენერგეტიკის სფეროებში. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეხვედრაზე ისაუბრებენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგებზეც.
საფრანგეთის ხელისუფლების წყაროთა ინფორმაციით, ასევე იგეგმება უკრაინაში მრავალეროვნული ძალების განთავსების საკითხის განხილვა - როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია ომის დასრულების შემდეგ. "მოსურნეთა კოალიცია" თავიდან სწორედ ამ იდეის გარშემო შეიქმნა. მოსკოვში ახლახან ეს იდეა კიდევ ერთხელ კატეგორიულად უარყვეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…