ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „იალტა 2.0“ ცხადყოფს, თუ რამდენად უძლური გახდა ევროპა - ევროპის შინაგანმა სისუსტემ და უკრაინისა და ირანის საკითხებზე ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების უუნარობამ ის მსოფლიო მოვლენების მიღმა დატოვა
The Telegraph-ის სტატიის თანახმად, ევროპის შინაგანმა სისუსტემ და უთანხმოებამ ის მსოფლიო მოვლენების მიღმა დატოვა, მაშინ როცა აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის სამმხრივი სამიტი მზადდება.

მსოფლიო, სავარაუდოდ, 1945 წლის შემდეგ ყველაზე რთული უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჩინეთის, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერთა სამმხრივი სამიტის მიმართ მოლოდინები ძალზე მაღალია, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „იალტა 2.0“ ცხადყოფს, თუ რამდენად უძლური გახდა ევროპა“.
„ჩინეთის ქალაქ შენჟენში სი ძინპინის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებების მთავარი თემა მხოლოდ უკრაინისა და ირანის ომები არ იქნება. ბირთვული განიარაღების სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხზე სერიოზული და საქმისადმი პასუხისმგებლობით სავსე საუბრის აუცილებლობა არასოდეს ყოფილა ასეთი მწვავე, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ პუტინს მუდმივად ახასიათებს ბირთვული დარტყმებით მუქარა, როგორც კი იგრძნობს, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეტევა გეგმის მიხედვით არ მიდის. მხოლოდ ამ მიზეზითაც კი უნდა ვიმედოვნოთ, რომ სამმხრივი მოლაპარაკებები მიაღწევს კრემლის მიზანს და იქცევა „შთამბეჭდავ, მასშტაბურ მოვლენად“, რომელიც გლობალური დაძაბულობის ესკალაციის ნაცვლად მის განმუხტვას ისახავს მიზნად. თუმცა, იმის შანსი, რომ სამიტმა მიაღწიოს თავის გამოცხადებულ მიზანს და ხელი შეუწყოს მრავალპოლარული სამყაროს განვითარებას, საგრძნობლად მაღალი იქნებოდა, დისკუსიები რომ არ შემოფარგლულიყო ძლიერი ლიდერების მცირე, სპონტანურად შეკრებილი ჯგუფით, რომელთაგან თითოეულსაც სრულიად განსხვავებული პირადი დღის წესრიგი აქვს“, - წერს კონ კოფლინი, გამოცემა The Telegraph-ის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა აღმასრულებელი რედაქტორი.
სტატიის ავტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სი ძინპინისა და ტრამპისთვის მთავარ პრიორიტეტს მათი ხანგრძლივი სავაჭრო დავის მოგვარება წარმოადგენს, აშშ-ის ლიდერი ასევე იმედოვნებს, რომ პუტინთან მისი შეხვედრა - გასულ წელს ალასკაში გამართული უშედეგო სამიტის შემდეგ - უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მის სურვილს დაეხმარება.
„დღეს, როგორც უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებისკენ მიმართული უახლესი დიპლომატიური ძალისხმევა აჩვენებს, ევროპელები რუკაზეც კი აღარ ჩანან. მათ მოლაპარაკებათა მაგიდასთან ადგილის მოსაპოვებლადაც კი უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდებათ, დღის წესრიგის განსაზღვრაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ევროპის შინაგანმა სისუსტემ და უკრაინისა და ირანის საკითხებზე ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების უუნარობამ ის მსოფლიო მოვლენების მიღმა დატოვა. ჯარედ კუშნერმა, ტრამპის სიძემ და უკრაინის საკითხზე აშშ-ის სამშვიდობო მოლაპარაკებების ლიდერმა, ვერ შეიკავა თავი და დამცინავად მიანიშნა ევროპის შემცირებულ სტატუსზე, როდესაც გასულ შაბათ-კვირას მომავალ მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის შესაძლებლობა წამოიჭრა“, - აღნიშნულია სტატიაში.
ჰენრი კისინჯერის ცნობილი ირონიული ფრაზის გამოძახილით, კუშნერმა დამცინავად აღნიშნა, რომ უდიდესი მიღწევა იქნებოდა, თუ ევროპელები „ერთი ადამიანის პოვნას შეძლებდნენ, რომელიც მათი სახელით ისაუბრებდა“. კაია კალასმა თავიდანვე შესთავაზა ამ როლის შესრულება და განაცხადა: „მზად ვარ, ეს საქმე გავაკეთო“.
ის მალევე დააყენა თავის ადგილზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ, რომელმაც გამოაცხადა, რომ ევროპის ინტერესებს, ნაცვლად ამისა, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა ჯგუფი წარმოადგენს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…