3 მილიონი ლარი ავტობუსის მოსაცდელებისთვის ბათუმში – უცნობია, სად და რის დადგას აპირებენ
ბათუმის მერიამ 150 ავტობუსის მოსაცდელის მოსაწყობად 3 მილიონი ლარი გაითვალისწინა, მაშინ როცა ქალაქში მოსაცდელების მოწყობა და მართვა მოიჯარე შპს „ალმას“ ევალება, მერია კი კითხვებს არ პასუხობს.

ბათუმის მერიამ 3 მილიონი ლარი გაითვალისწინა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მოსაცდელების მოსაწყობად. პროექტის მიხედვით, მერია სულ 150 მოსაცდელის მოწყობას გეგმავს.
ეს პროექტი სერვისების ხელმისაწვდომობის თავში გაწერეს, კონკრეტული მისამართები არ მიუთითებიათ, მხოლოდ ის არის დაკონკრეტებული, რომ 2027 წელს მერია მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე გადახურული მოსაცდელების მოწყობა/შეძენა/ მონტაჟის სამუშაოებს შეისყიდის.
პროექტი მრავალწლიანია და მომავალ წელს 500 000 ლარის, შემდეგ წელს კი 2 მილიონ 500 000 ლარის სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს.
მოსაცდელების მოწყობა და მართვა ამ დრომდე ბათუმის მერიის მოიჯარის, შპს „ალმას“ ვალდებულება იყო. მერიასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად, კომპანიას ბათუმის სხვადასხვა უბანში ათვისებული აქვს 6-6 კვადრატული მეტრი, მოსაცდელების განთავსების პირობით, „ალმას“ ამ მოსაცდელების მოვლა-პატრონობაც ევალება. თუმცა, ბათუმში უკვე არსებული მოსაცდელები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
სანაცვლოდ კომპანია მოსაცდელების სივრცეებს სარეკლამო ბანერების განსათავსებლად აქირავებს. კომპანიას ასევე უფლება აქვს, ბათუმის მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე ექსკლუზიურად განათავსოს რეკლამა.
ბათუმის მერიას ვკითხეთ, რატომ ხარჯავს დამატებით 3 მილიონს ბიუჯეტიდან, როცა ქალაქის მოსაცდელებით უზრუნველყოფაზე „ალმასთან “ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, კომპანია კი ამ ხელშეკრულების თანახმად ქალაქის რესურსით სარგებლობს და შემოსავალს იღებს. ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.
მთელი საიჯარო პერიოდის განმავლობაში კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არც თუ ისე ჯეროვნად ასრულებს და ამის შესახებ „ბათუმელებმა“ არაერთხელ გამოაქვეყნა ფოტო-ვიდეო მასალა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანალიტიკოსი, გოჩა მჟავანაძე ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ შპს „ალმამ“ შედარებით უკეთესად იზრუნა იმ მოსაცდელებზე, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ ადგილებში განათავსა, რადგან აქ რეკლამაზე ინტერესი მეტია, ვიდრე გარეუბანში. სხვაგან კი „ალმას“ განთავსებულ მოსაცდელებს არ შეიძლება ეწოდოს მოსაცდელები, რადგან ისინი ამ ფუნქციას ვერ ასრულებენ.
სხვადასხვა დროს კომპანიის საქმიანობას კრიტიკულად უარყოფითად აფასებდნენ მოქალაქეები, იმის გამო, რომ მოსაცდელები არ იყო გამართული და უსაფრთხო, განსაკუთრებით მწვავედ ითხოვდნენ მერიის მხრიდან რეაგირებას შშმ პირები, იმის გამო, რომ მოსაცდელები არ იყო ადაპტირებული.
2020 წელს ბათუმის მერიამ ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგა მუნიციპალურ ავტობუსებზე გარე რეკლამის განთავსების უფლება [5,154.3 კვ.მეტრი ფართობი] – კონტრაქტი „ალმას“ გაუფორმეს. კომპანიამ 4 მილიონ 100 000 ლარი გადაიხადა [ეს კონტრაქტი 2020 წელს გააფორმეს].
შპს „ალმასა“ და ბათუმის მერიას შორის გაფორმებული 30-წლიანი კონტრაქტი სახელმწიფო აუდიტმა შეაფასა, როგორც მერიის არასწორი გადაწყვეტილება, რომელმაც ქალაქს გრძელ ვადაში დიდი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა დააკარგვინა. აუდიტორის შეფასებით, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ 30 წლით სარეკლამო სივრცის სრულ მოცულობაზე უფლების გადაცემა წარმოშობს რისკს, რომ გრძელვადიან პერიოდში დაიკარგოს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა.
ამასთან, მთლიანი სარეკლამო ფართობის ოცდაათწლიანი ვადით უფლების გადაცემა მაშინ, როდესაც ასეთ გრძელვადიან პერიოდში რადიკალურად იცვლება საბაზრო პირობები, შესაძლოა, შპს-ს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობის დაკარგვა განაპირობოს. ასევე, ვერ უზრუნველყოფს პროცესისადმი მოცემულ ბაზარზე ოპერირებადი სხვა სუბიექტების დაინტერესების ზრდას – წერდა აუდიტი.
ამ შემთხვევაში საუბარია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტზე“. ეს არის მუნიციპალური შპს, რომლის ბიუჯეტშიც აისახება მუნიციპალური ავტოტრანსპორტიდან მიღებული შემოსავალი, მათ შორის, შემოსავალი რეკლამიდან.
აუდიტის რეკომენდაციების მიუხედავად, მერიამ სარეკლამო სივრცეების გასხვისების პოლიტიკა არ შეცვალა.
გარე რეკლამის განთავსების უფლება ბათუმის მერიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე გაასხვისა [ეს მას შემდეგ, როცა შპს „აჯადს“ ხელშეკრულების ვადა დაუმთავრდა].
აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „ალმამ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება 10 წლის ვადით მიიღო. რეკლამის განთავსების უფლების საწყისი ფასი 17 მილიონ 830 ათას 496 ლარი იყო, ბიჯი – 534 ათას 914 ლარი. რეკლამის განთავსების უფლება მერიამ კონკურენციის პირობებში 22-ე ბიჯით 29 მილიონ 558 604 ლარად გაყიდა.
გარე სარეკლამო სივრცის ათვისებაზე ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველივე წელს შპს „ალმამ“ ბათუმში სარეკლამო ბილბორდების გაქირავებიდან 675 523 ლარი ამოიღო – ეს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, 3 თვეში პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია. სხვა კომერციულ რეკლამასა და მის შემოსავალზე ინფორმაცია საჯარო არ არის.
„ბათუმელებმა“ პოლიტიკური პარტიების მიერ ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარდგენილ დეკლარაციებში მოცემული ციფრები შეაჯამა.
ამ ციფრების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამიდან, ჯამში, „ალმამ“ 7 მილიონი ლარი მიიღო [მათ შორის არის ვალდებულებების ნაწილიც, ანუ გადასახდელი ფული].
შპს „ალმა“ 2013 წლის ოქტომბრამდე ცნობილი იყო „ალმა პლუსის“ სახელით. 2013 წლიდან კი ის „ვისოლ ჯგუფში“ შემავალი კომპანიაა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ალმას“ ოფშორში, კონკრეტულად კი მალტაში დაფუძნებული კომპანია ფლობს.
„ვისოლ ჯგუფი“ ბიზნესმენებმა – ლევან და სოსო ფხაკაძეებმა დააფუძნეს. სოსო ფხაკაძე რუსული კანონის მხარდამჭერია. ამავდროულად მათი ბიზნესის დიდი ნაწილი ამერიკულ ბრენდებს – „ვენდისსა“ და „დანკინს“ იყენებს. „ვისოლს“ სახელმწიფო შესყიდვებიდან 100 მილიონზე მეტი ლარი აქვს მიღებული 2013 წლიდან დღემდე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…