„რატომ გეცინებათ, წინასწარ გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული?!“ – ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვის მე-10 დღე
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე შეკამათების შემდეგ პლენუმის თავმჯდომარემ დარბაზიდან ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევა. კოპალეიშვილმა სასამართლო „ოცნების“ დავალების შესრულებაში დაადანაშაულა, მოსამართლეებმა კი მმართველ პარტიას მტკიცებულებები მოსთხოვეს.

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე ათი დღეა მიმდინარეობს „ოცნების“ სარჩელის განხილვა, რომლის თანახმადაც „ოცნება“ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. აქ გიყვებით, რა ხდებოდა დღეს, 11 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში.
თავდაპირველად, „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ უპასუხა მოსამართლე ევა გოცირიძის რამდენიმე შეკითხვას, რომელიც მან წუხელ, სხდომის დასრულების ეტაპზე გააჟღერა. ერთ-ერთი შეკითხვა „ოცნებასთან“ ეხებოდა იმას, თუ რა შემთხვევაში უნდა გაემიჯნოს პარტია სხვა პოლიტიკური პარტიის წევრის, თუ ლიდერის ქმედებას?
არჩილ გორდულაძემ ამ საკითხზე „ბატასუნას საქმე“ გაიხსენა – ეს ესპანეთის შემთხვევაა, სადაც სამი პოლიტიკური პარტია აკრძალეს ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამო.
„სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ისინი მოქმედებდნენ, როგორც ერთიანი ორგანიზმი…“ – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ეს ფრაზა, „ერთიანი ორგანიზმი“, „ოცნების“ სარჩელში ბევრგან ჟღერდება ოპოზიციური პარტიების მისამართით, როგორც ბრალდება.
„მათ ტერორიზმი არ დაგმეს – ეს ერთი საკითხია. ჩემი შეკითხვაა, ერთი პარტიის ქმედება როგორ შეერაცხება მეორეს?“ – მოსამართლე ევა გოცირიძემ დაკონკრეტება არჩია – ევროპაში მომხდარი ამბავი უშუალოდ ტერორიზმს უკავშირდებაო.
„ისინი ქმედითად არ ემიჯნებიან არაკონსტიტუციურ ქმედებას… აქ მთავარია, როგორ პოზიციონირებენ… გამიჯვნის ნაცვლად, ისინი კოალიციურ ერთობას ქმნიან,“ – არჩილ გორდულაძემ სცადა საკითხი ისე წარმოეჩინა, თითქოს ოპოზიციურ ძალებს შორის ალიანსი, ან კოალიციური კავშირები დანაშაული და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყოს.
„ერთიან ორგანიზმად მოქმედებენ,“ – მეტი დამაჯერებლობისთვის კვლავ ახსენა ეს ფრაზა არჩილ გორდულაძემ და ამ ერთიანად მოქმედებაში ის პარტიები დაადანაშაულა, რომლებიც, მაგალითად, 2025 წლის არჩევნებში მონაწილეობდნენ. მან პარტიების ძველი განცხადებაც გაიხსენა:
„რას ნიშნავს ეს განცხადება: „დილით მივიდეთ არჩევნებზე, საღამოს – აქციაზე“. რა არის ეს, თუ არა მოქალაქეები წახალისება, რომ არაკონსტიტუციურ ქმედებაში მიიღონ მონაწილეობა?“ – იკითხა „ოცნების“ დეპუტატმა.
„ეს ფაქტები, რაც იყო 2012 წლამდე, შეერაცხება სხვა პარტიებს იმიტომ, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობენ და ეს უნდა გახდეს მათი აკრძალვის საფუძველი?“ – იკითხა ისევ მოსამართლე ევა გოცირიძემ.
„იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ გამარჯობას ეუბნებიან, ან ხელს ართმევენ… დადასტურებულია, რომ აპირებენ ერთად შექმნან კოალიციური მთავრობა…“ – ისე თქვა არჩილ გორდულაძემ, თითქოს ოპოზიცია გამოიჭირა დიდ საიდუმლოში.
„თითქოს არაფერი არ ყოფილა წარსულში და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ცხოვრება, ასე ვერ იქნება,“ – დასძინა გორდულაძემ.
„მაგალითად, „ლელოს“ ის ქმედებები არ ჩაუდენია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა,“ – მოსამართლეებს „ლელოს“ წარმომადგენლებისკენ ხელით მიუთითა გიორგი კახიანმა, „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატმა, – „მაგრამ როცა „ლელო“ კოალიციაში შედის „ნაციონალურ მოძრაობასთან“, იციან, რა არაკონსტიტუციური ქმედებები აქვს ჩადენილი „ნაციონალურ მოძრაობას“, ამიტომ ეს ქმედებები მათაც შეერაცხებათ…
2018 წლიდან ამან მიიღო სისტემური ხასიათი… კოალიციურად თავს ესხმიან დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპს,“ – თქვა გიორგი კახიანმა.
მოსამართლე ევა გოცირიძემ ალეკო ელისაშვილის შესახებ იკითხა, რომელიც ტერორიზმის მუხლით გაასამართლეს. წინა სხდომებზე „ლელოს“ წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ალეკო ელისაშვილის ქმედებას იმავე დღეს გაემიჯნნენ.
„საერთოდ უარყვეს ელისაშვილის კავშირი „ლელოსთან“, მაგრამ 2024 წელს საარჩევნოდ წარდგენილ სიაში მე-20 ადგილზე იყო ალეკო ელისაშვილი,“ – თქვა არჩილ გორდულაძემ და „ლელოს“ წარმომადგენელი სიცრუეში დაადანაშაულა, თუმცა წინა სხდომებზე, როცა „ლელოს“ წარმომადგენლებმა მიაწოდეს თავიანთი განმარტება სასამართლოს, აღნიშნეს, რომ ალეკო ელისაშვილი პარტია „ლელოს“ წევრი არასდროს ყოფილა და ორგანიზაციულად ელისაშვილს ამ პარტიასთან კავშირი არ აქვს.
ამ დრომდე ალეკო ელისაშვილი პარტია „მოქალაქეების“ ლიდერია.
20 ივნისის აქციის დაშლა და ჩორჩანას ეპიზოდი – მოსამართლე ევა გოცირიძე გახარიას პარტიის აკრძალვისთვის „ოცნების“ მიერ დასახელებულ არგუმენტებსაც შეეხო.
„ეს ფაქტები გახარიას დღევანდელ პარტიას თუ უნდა შეერაცხყოს და რატომ?“ – იკითხა მოსამართლემ.
საინტერესო ამ ნაწილში ისაა, რომ 20 ივნისის აქციის დაშლის შემდეგ თავად „ოცნებამ“ გახარია პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობის გამოც გახარიას წლების შემდეგ ახლა ასამართლებენ და ასამართლებენ მას შემდეგ, როცა გახარიამ ივანიშვილის „ოცნება“ დატოვა.
რატომ არ გაემიჯნა თავის დროზე თავად „ოცნება“ გახარიას, თუ მისი ქმედებები არაკონსტიტუციური და დანაშაულებრივი იყო? – ეს გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა წინა სხდომაზე იკითხეს, თუმცა მოსამართლეებს იგივე კითხვა „ოცნების“ მისამართით არ გასჩენიათ.
არჩილ გორდულაძემ გახარიას „მართლმსაჯულებისგან დამალული“ უწოდა.
მოსამართლე ვასილ როინიშვილმა აქ „ოცნების“ წარმომადგენლებს ევროსასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე შეახსენა – პარტიები სადაც აკრძალეს, საქმე ეხებოდა რელიგიურ ექსტრემიზმს, ან ტერორიზმსო.
„ისე მსჯელობენ, თითქოს ფაქტების ანალოგია უნდა მოხდეს,“ – გამოსავალი იპოვა გიორგი კახიანმა, „ოცნების“ პარლამენტის წევრმა და სცადა სიტუაციის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს „ოცნებაც“ ევროსასამართლოს მიერ დადგენილი პრინციპების შესაბამისად ითხოვს ოპოზიციის გაუქმებას.
„სტრასბურგის სასამართლო ადგენს პრინციპებს. ეს არის მოქმედებები, რომელიც არის დემოკრატიისთვის შეუთავსებელი,“ – დასძინა კახიანმა.
აქვე „ოცნების“ დეპუტატებმა დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად საპროტესტო აქციები დაასახელეს, სადაც 170 სპეცრაზმელი დაშავდა.
„სად არის ამის მტკიცებულება, მიგვითითეთ“, – პლენუმის თავმჯდომარეს უფლება არ მიუცია, მაგრამ მაინც იკითხა მარიკა არევაძემ, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თავმჯდომარემ ოპოზიციონერებს უთხრა, რომ არ აქვთ უფლება, „ოცნების“ წარმომადგენელს შეეპასუხონ, ოპოზიციონერებმა კი, მოსამართლეს გუშინდელი გადაწყვეტილება შეახსენეს – მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თუკი რაიმე დასახელდება არარელევანტურად, იმას გამოვიკვლევთო.
„კითხვა-პასუხის ეტაპზე იქნება ჩაქსოვილი მტკიცებულებების გამოკვლევაო, ქალბატონმა ევამ გვითხრა… ქსოვს ბატონი არჩილი და იქნებ ჩვენც მოგვცეთ შესაძლებლობა, ვთქვათ, რა არის სიმართლე“, – მოსამართლეებს მიმართა ბერდია სიჭინავამ, გახარიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.
არჩილ გორდულაძემ ლეპტოპში დაშავებული ადამიანების ფოტო გახსნა და მოსამართლეებს წინ დაუდგა.
„ფოტოები გასაგებია, მაგრამ გვაინტერესებს მტკიცებულება, რომლითაც რაოდენობა დასტურდება,“ – გორდულაძეს მიმართა ისევ მოსამართლე ევა გოცირიძემ.
„გამოვითხოვთ ამ ინფორმაციას… მოკვლევა მიმდინარეობდა შსს-ში“ – დაიწყო არჩილ გორდულაძემ და მას მალევე თორნიკე ჭეიშვილი მიეშველა, აი, შსს-ს განცხადება, 2024 წლის 20 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, შსს-ს 171 თანამშრომელი დაშავდაო – „ოცნების“ დეპუტატმა მობილური ტელეფონიდან ამოიკითხა სახელდახელოდ მოძიებული ინფორმაცია.
შეკითხვა „ოცნების“ წარმომადგენლებს პლენუმის თავმჯდომარემმ რევაზ ნადარაიამაც დაუსვა. მისი შეკითხვა ოპოზიციის მხრიდან „ოცნების“ დასანქცირების მოთხოვნას შეეხებოდა.
რატომ არის ეს არაკონსტიტუციური? – იკითხა მოსამართლემ.
არჩილ გორდულაძის თქმით, ერთობლიობაში უნდა შევხედოთ ოპოზიციური პარტიების ქმედებებს, ისიც კი თქვეს, საკონსტიტუციო სასამართლოს იმ წევრების აცილებასაც ვითხოვთ, ვინც არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა დანიშნაო.
„ეს არის ერთობლივი და სისტემური მცდელობა, დამოუკიდებლობა იყოს ხელყოფილი,“ – დაასკვნა არჩილ გორდულაძემ.
რატომ არის პარტიების აკრძალვა ერთადერთი გამოსავალი? – მორიგ შეკითხვაზე გადავიდა რევაზ ნადარაია. „ოცნების“ წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა მას უთხრა, რომ კანონმდებლობა სხვა ალტერნატივას არ ითვალისწინებს.
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვის პროცესზე პირველად დასვა შეკითხვა მოსამართლე გოგა კიკილაშვილმა, რომელიც მას შემდეგ გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, როცა მისმა მამამ – ხვიჩა კიკილაშვილმა მოულოდნელად უარი თქვა საკონსტიტუციოს მოსამართლეობაზე.
მოსამართლე გოგა კიკილაშვილმა იკითხა ამომრჩევლის ნების რეალიზების გარეშე დარჩენაზე – თუ ოპოზიცია აიკრძალება, ვინ აირჩიოს ოპოზიციის ამომრჩეველმა? „ოცნების“ ცესკოს დათვლებითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებსაც ახლა აუქმებენ, ჯამურად დაახლოებით 800 ათასი ხმა მიიღეს.
„როდესაც პარტიები მანდატს უგულებელყოფენ და არ იღებენ მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში, ეს არის მათივე ამომრჩევლის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება,“ – თქვა არჩილ გორდულაძემ, „ოცნების“ დეპუტატმა. „ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატის, გიორგი კახიანის თქმით კი, პარტიები ამ საკითხით მანიპულირებენ, რადგან პარტიების აკრძალვა კონსტიტუციით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.
გიორგი კახიანმა გორდულაძისგან განსხვავებით ხაზი გაუსვა იმას, რომ პარტიებს აქვთ უფლება, მაგალითად, არჩევნების შედეგი არალეგიტიმურად გამოაცხადონ, მაგრამ „რა მიზანს ემსახურება ეს, როგორი ხასიათი აქვს ამ ქმედებებს? ეს არ არის ერთჯერადი ქმედება და თან ახლავს ძალადობრივი ფაქტები ე.წ. მშვიდობიანი დამხობის კონტექსტში,“ – აღნიშნა მან.
აქ მოსამართლე ევა გოცირიძემ იკითხა – ძალადობრივი პროტესტი კი ვნახეთ, მაგრამ სად არის მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ოპოზიციური ძალების ძალადობასთან კავშირს?
„რომელ ძალადობრივ პროტესტზეა საუბარი?“ – მოსამართლე შეაჩერა „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგიზ თევზაძემ.
ევა გოცირიძემ დააკონკრეტა, რომ 2019 წლის აქციას გულისხმობს, ანუ 20 ივნისის ცნობილ აქციას.
„ეს თქვენს მთავრობას ეწერება, რაც მაშინ მოხდა, ასეა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით,“ – რეპლიკა ესროლა ნიკა გვარამიამ „ოცნების“ წარმომადგენლებს.
„უშუალოდ პარტიების ჩართულობაზე კონკრეტული მტკიცებულებები თითქოს წარმოდგენილი არ არის… ზოგჯერ არც უშვებდნენ მიკროფონთან პოლიტიკოსს,“ – დასძინა მოსამართლე ევა გოცირიძემ. მისი თქმით, პარტიები გაცხადებულ მიზნებში არც დაწერენ რამე ისეთს, რაც შესაძლოა ანტიკონსტიტუციური იყოს.
„ვერ დაგეთანხმებით“ – მოსამართლე ამჯერად „ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ შეაჩერა და მან ოპოზიციური ძალების მიერ ერთობლივად ხელმოწერილი ერთ-ერთი დოკუმენტი მოიმარჯვა: აქ წერია, რომ უცხოეთიდან უნდა განხორციელდეს ზეწოლა, ანუ ზეწოლა ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზეო.
„ეს პირდაპირ ხელყოფს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს,“ – დამაჯერებელი სახის მიღება სცადა არჩილ გორდულაძემ.
„მთელი კამპანია ჰქონდა როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ისე „ახალს“ – შევიკრიბოთ მშვიდობიანად დასამხობად 4 ოქტომბერსო“, – არჩილ გორდულაძეს ხმამაღალი რეპლიკით სიტყვა თენგიზ თევზაძემ შეაწყვეტინა: „ეს ფაქტობრივი ტყუილია“.
არჩილ გორდულაძემ ამჯერად მურთაზ ზოდელავა და პაატა ბურჭულაძე ახსენა. ეს პირები 4 ოქტომბრის საქმეზე გაასამართლეს. გორდულაძის თქმით, ზოდელავა და ბურჭულაძეც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან დაკავშირებული.
„ამ პარტიის წევრი არცერთი არ ყოფილა, ახლა ვინმეს კურსელი თუა, მაგის გამო თქვენ თუ გაგასამართლებენ, ნახევარი საქართველო უნდა ჩაჯდეთ ციხეში, ყველა კურსელები ხართ, ვინც დაღუპეთ ეს ქვეყანა,“ – მიმართა „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატს ნიკა გვარამიამ.
„ვინც დაღუპა, ყველანი ხართ აქ,“ – უთხრა ნიკა გვარამიას არჩილ გორდულაძემ.
ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ვინმესთან მეგობრობა არ უნდა განიხილებოდეს პარტიასთან კავშირში:
„მე რომ ვადასტურებ, რომ ჩემი მეგობარია, ამიტომ გადატრიალების მომწყობი ვართ ყველა ერთად?“ – იკითხა ნიკა გვარამიამ.
სასამართლოში ეს შეკამათება შეაფასა წესრიგის დარღვევად რევაზ ნადარაიამ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თავმჯდომარემ და სხდომიდან გააძევა ჯერ ნიკა გვარამია, შემდეგ კი „ახალის“ კიდევ ერთი ლიდერი, მაია კოპალეიშვილიც, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა.
„ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, ეს იყო დავალება „ოცნებიდან“… ეს არის სასამართლოს ხელმისაწვდომობის შეზღუდვა… შუამდგომლობას დავაყენებთ. რატომ გეცინებათ, წინასწარ გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული?“ – მიმართა რევაზ ნადარაიას მაია კოპალეიშვილმა და დასძინა, რომ შუამდგომლობას აუცილებლად დააყენებს და სხდომაზე დაბრუნებას მოითხოვს.
„თქვენ ორი დღეა მიზანმიმართულად მიდიხართ იქითკენ, რომ გაგაძევოთ, შეკითხვებს ხომ არ გაურბიხართ?“ – იკითხა რევაზ ნადარაიამ.
„თქვენ აქ კონსტიტუციის მცველები ხართ და არა ჩვენი უფლებების შემზღუდველები, მაგრამ მცველები ალბათ ბრჭყალებში. ეს არის ძალის დემონსტრირება… „ოცნება“ იქნება ბედნიერი, რომ არ იქნება ჩვენგან კითხვები, მათ შორის, ალბათ თქვენც“, – მიმართა უშუალოდ მოსამართლეებს მაია კოპალეიშვილმა, ვიდრე საკუთარ ნივთებს მოაგროვებდა და დარბაზს დატოვებდა.
შესვენების შემდეგ, მაია კოპალეიშვილის და ნიკა გვარამიას სხდომაზე დაბრუნების შუამდგომლობა დააყენა თენგიზ თევზაძემ, პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა. პლენუმის თავმჯდომარე რევაზ ნადარაია ნიკა გვარამიას დაბრუნებას დასთანხმდა, კოპალეიშვილისას – არა. ნადარაიას თქმით, კოპალეიშვილმა წესრიგის დარღვევის გარდა, მაია კოპალეიშვილმა სასამართლოს შეურაცხყოფა მიაყენა.
„რაც შეეხება ქალბატონ კოპალეიშვილს, მან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა, რომ სასამართლო თურმე ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს,“ – აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.
11 ნოემბერს მოსამართლე ევა გოცირიძემ უკვე აგვისტოს ომთან დაკავშირებით დასვა შეკითხვა.
„ოცნების“ აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი აგვისტოს ომის დასაწყებად.
„სარჩელი „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს, რომ მან დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს რეზოლუციას,“ – აღნიშნა ევა გოცირიძემ და „ოცნების“ წარმომადგენლებს მიუბრუნდა:
„თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა წარმომადგენლებმა არასწორად მოაწერეს ხელი ამ რეზოლუციას და ამით საფრთხე შექმნეს საქართველოსთვის, ამის აღიარებას და დადასტურებას რატომ სთხოვთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ, მაგალითად, საქართველომ დაბომბა ცხინვალი?“ – იკითხა ევა გოცირიძემ.
ევროსაბჭოს ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რაზეც „ოცნება“ თავის სარჩელში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას „რუსეთის საპასუხო იერიშად“ მოიხსენიებს, ენმ-ს წარმომადგენლებმა სასამართლოს წინა პროცესზე აღნიშნეს, რომ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, რადგან პირველად დაერქვა ამ რეზოლუციაში რუსეთს ოკუპანტი, ხოლო ამ და სხვა მსგავსი ჩანაწერების გაკეთება მოითხოვეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა, რომლებიც შემდეგ „ოცნების“ წევრები გახდნენ.
აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, სადაც ცალსახად იკვეთება რუსეთის ბრალი.
არჩილ გორდულაძის ლოგიკით კი, ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერამ მინიმუმ გააჩინა კითხვების ქართველი სამხედროების მხრიდან ომის დანაშაულის ჩადენაზე. მისივე თქმით, ეს ენმ-მ ჩაიდინა და აღიარა, ან არ ჩაუდენია და საკუთარ სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება.
„ასეც რომ იყოს, ეს არის ის თემა, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ასე ღრმა განხილვაში?“ – იკითხა ისევ მოსამართლე ევა გოცირიძემ.
რატომ ითხოვს „ოცნება“ პარტია „ფედერალისტების“ აკრძალვასაც, ჯერ ხომ არჩევნების გზით მათი რეიტინგი არ შეფასებულა? – ამ საკითხით დაინტერესდა მოსამართლე გიორგი თევდორაშვილი. შეგახსენებთ – „ოცნება“ სარჩელში მიუთითებს იმას, რომ პატარა პარტიების აკრძალვას ამ ეტაპზე არ ითხოვს, არგუმენტით – მაინც არც აქვთ არსებითი გავლენაო.
„ასეა, მაგრამ ამ პარტიის წევრია, მაგალითად, ბოკერია, რომელიც 2016 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. შემდეგ ხელოვნური გამიჯვნა მოხდა… დემოკრატიული საწყისების წინააღმდეგ ყოველთვის ერთად მოქმედებდნენ,“ – თქვა არჩილ გორდულაძემ.
კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა 11 ნოემბრის სხდომაზე კიდევ ერთხელ ითხოვა მოსამართლე ევა გოცირიძემ და დასძინა, აქვე, მონიტორზე გავუშვებთ, თუ თავმჯდომარე იქნება თანახმაო.
„იქნებ გავუადვილოთ სასამართლოს და მაინც ცალკე წარმოადგინოთ პოლიტიკური პარტიების იმ ქმედებების ნუსხა იქნება თუ მტკიცებულებები, რომელიც უკავშირდება ძალადობასთან მათ კავშირს… ან ვთქვათ ვიღაცის ოფისში აღმოჩნდა, ძალადობის რამე იარაღი ან კონკრეტული განცხადება ძალადობის შესახებ ან დაფინანსების ფაქტი, ან რაღაც.
შეგვიძლია აგერ ვაჩვენოთ კიდევაც, თუ თქვენთვის, ან მოპასუხე მხარისთვის საინტერესო იქნება.
აი, ეს ფაქტი მინდა, რომ ყველაზე მეტად იყოს კარგად გამოკვლეული და ჩვენც დავრწმუნდეთ რასთან გვაქვს საქმე და საზოგადოებაც დარწმუნდეს. თუ შეიძლება, რომ აი, ამის თაობაზე უფრო მეტად ერთიანი ასე ვთქვათ, რაიმე ან წერილობითი დოკუმენტი მოგვაწოდოთ და ვისაუბროთ ამაზე ხვალ,“ – მიმართა არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილსა და გიორგი კახიანს მოსამართლე ევა გოცირიძემ.
სხდომის დახურვამდე პლენუმის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ საქმის განხილვა სავარაუდოდ შემდეგი კვირის დღეებში გაგრძელდება, ვიდრე კითხვა-პასუხის ეტაპი არ ამოიწურება, შემდეგ კი მხარეებს რამდენიმე დღეს მისცემენ დასკვნითი სიტყვებისთვის მოსამზადებლად.
საკონსტიტუციო სასამართლოში „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
სტატიები ამ თემაზე:
„გაუგებრობას აქვს ადგილი“ – მოსამართლე პარტიების აკრძალვის საქმის მე-9 დღის განხილვაზე
რა ხდებოდა „ოპოზიციის აკრძალვის საქმის“ განხილვის მე-8 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში – რეპორტაჟი
„ჩვენთვის პოლიტიკაზე საუბარს აზრი არ აქვს“ – მოსამართლის რეპლიკა ოპოზიციის გაუქმების საქმის მე-7 დღეს
„ეს არის კომუნიზმის რევანში 36 წლის შემდეგ“ – პარტიების აკრძალვის საქმის მე-6 დღე
„მოსამართლეები მორჩილებაში იყვნენო… თქვენ ისინი უვადოდ დანიშნეთ“ – პარტიების აკრძალვის საქმის მე-5 დღე
„ამ შენობაში თქვენამდე იჯდა ასლან აბაშიძე“ – ოპოზიციის გაუქმების საქმის განხილვის მე-4 დღის ქრონიკა
მოწმეები არ იქნებიან – „პლენუმმა პლენუმის მიერვე მიღებული რეგლამენტი დახია და გადაყარა სანაგვეში“
ოპოზიციის 11 შუამდგომლობიდან საკონსტიტუციომ არც ერთი არ დააკმაყოფილა – პარტიების აკრძალვის საქმე
რა ხდებოდა პარტიების აკრძალვის პროცესზე – რეპორტაჟი საკონსტიტუციო სასამართლოდან
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…