Reuters: იტალიაში, ბომბის შესახებ შეტყობინებების გამო, 300 სკოლიდან მოსწავლეთა და მასწავლებელთა ევაკუაცია განხორციელდა
იტალიაში ბომბის შესახებ მუქარის შეტყობინებების გამო სულ მცირე 300 სკოლიდან მოსწავლეებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. განათლების მინისტრ ჯუზეპე ვალდიტარას განცხადებით, მიღებული შეტყობინებები, სავარაუდოდ, ცრუ განგაში იყო.

იტალიაში, სულ მცირე 300 სკოლიდან მოსწავლეებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც სკოლებმა ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინებები მიიღეს. ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ეს ევროპაში ბოლო პერიოდში გავრცელებული მუქარებისა და კიბერშეტევების მორიგი შემთხვევაა. მანამდე თავდასხმების სამიზნე სუპერმარკეტები, სისხლის ბანკები, საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემები და ტელემაუწყებლები იყვნენ.
იტალიის განათლების მინისტრმა ჯუზეპე ვალდიტარამ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მიღებული შეტყობინებები, სავარაუდოდ, ცრუ განგაში იყო. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ იმ სკოლების რაოდენობა გაიზრდება, ვინც მსგავსი ტიპის შეტყობინება მიიღო.
„ქვეყნის მასშტაბით გავრცელებული ბომბის შესახებ შეტყობინების შემდეგ გაცნობებთ, რომ ყველა მოსწავლე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი და კვლავ პედაგოგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, - აცნობა რომის ერთ-ერთმა სკოლამ მშობლებს შეტყობინებების აპლიკაციის საშუალებით.
Reuters-ის მიერ ნანახი წერილის ასლის თანახმად, იტალიაში მიღებულ ელექტრონულ შეტყობინებას ხელს აწერს მიხაილ ანდროპოვი, რომელიც საკუთარ თავს "მიზოგინისტანის ვილაიეთის ლიდერს" უწოდებს.
მედიის ინფორმაციით, იმავე სავარაუდო ავტორმა პასუხისმგებლობა აიღო ირლანდიასა და ბულგარეთში მედიასაშუალებებისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ მუქარაზე.
იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ მუქარებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ეს უკვე საკმაოდ მკაფიო სტრატეგიის ნაწილია - შიშის გავრცელებისა და ადამიანებში შფოთვის გაღვივების მიზნით“.
"ასეთი ქმედებების უკან ყოველთვის უცხო სახელმწიფოები ან მტრული ორგანიზაციები არ დგანან. არსებობენ ყურადღების მაძიებელი ადამიანებიც და შეშლილებიც, რომლებიც ასეთ დროს ცდილობენ ქალაქში ან რეგიონში ტერორის დათესვის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვან“, - დასძინა მან.
რომის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, მომხდარს იტალიის სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაReuters - ბომბის შესახებ შეტყობინებების გამო, იტალიაში, 300-მდე სკოლიდან მოსწავლეთა და მასწავლებელთა ევაკუაცია განხორციელდა - შეტყობინება „მიხაილ ანდროპოვის“ სახელით გავრცელდა, რა სახელსაც თვითმფრინავებში ბომბის შესახებ ცრუ განგაში უკავშირდება
იტალიის 300-მდე სკოლაში ევაკუაცია ჩატარდა ბომბების შესახებ შეტყობინებების გამო
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…