მარიამ ქვრივიშვილი ბაქოში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა - რა განიხილეს მხარეებმა?
ბაქოში მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა, სადაც მხარეებმა 4000 მგვტ სიმძლავრის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი და ენერგოსისტემების მდგრადობა განიხილეს.

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკის მინისტრს ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სექტორში არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე სამხრეთ კავკასიაში.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტს (აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი, უნგრეთი), რომელიც 4000 მგვტ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის განვითარებას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონული ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებასა და ევროპულ ბაზრებთან დაკავშირებადობის განვითარებას.
მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტზე ინფორმაცია აზერბაიჯანულმა მხარემაც გაავრცელა.
"საქართველოს ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, ჩვენი ქვეყნების დამაკავშირებელი მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით, განვიხილეთ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის დღის წესრიგი. ვიმსჯელეთ ენერგოსისტემების მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფისა და ერთობლივი რეგიონული პროექტების განვითარების საკითხებზე", - დაწერა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა X-ზე.
აზერბაიჯანი ენერგეტიკის დარგში საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. წელს, იანვარ-სექტემბერში, საქართველომ აზერბაიჯანიდან 171 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, რომლის საერთო ღირებულება 41 მლნ დოლარს აჭარბებს. საქართველო აზერბაიჯანული გაზის მსხვილი შემსყიდველია და ქვეყნის ჯამური მოხმარების 70%-ზე მეტს აქედან იმპორტირებულ გაზს მოვიხმართ, თუმცა ამ სტატისტიკას სემეკი მხოლოდ წლიურად საკუთარ ანგარიშში აქვეყნებს.
სემეკის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 2.27 მლრდ მ³ გაზი მიიღო. აქედან 666 მლნ მ³ იმპორტი, ხოლო 1,371 დამატებითი და ოფციური ხელშეკრულებით მიღებული გაზია. 2024 წელთან შედარებით აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის მოცულობა 1.6%-ით არის შემცირებული. სემეკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ რუსეთიდან გაზის იმპორტი კვლავ მზარდია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…