"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში უპასუხა მომხმარებელს, რომელმაც ის გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა. ჩოგბურთელმა ბრალდებას სასოწარკვეთის გამოვლინება უწოდა და აღნიშნა, რომ აზარტულ თამაშებში წაგებისას პასუხისმგებლობის აღებაა საჭირო.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებას უპასუხა.
მომხმარებელმა, @otueventus-მა, ჩვენებურის პოსტზე კომენტარი დატოვა: "როგორ შეგიძლია აქ იცინოდე, როცა წელს ამდენი მატჩი ჩააწყვე და ჩემი ფსონები ჩამიგდე? რა სასაცილოა"!.
ეს ბრალდებას ბასილაშვლის მიმართ, წინა ტურნირზე სტოკჰოლმის კვალიფიკაციის ფინალში ხორვატ ბორნა გოიოსთან მარცხს ეხებოდა, სადაც ნიკოლოზი ფავორიტის რანგში იყო. ქართველმა ზემოთ აღნიშნული კომენტარი უპასუხოდ არ დატოვა:
"ყველაზე სამწუხარო შენი კომენტარი კი არ არის, არამედ ის სასოწარკვეთის დონე, რაც საჭიროა იმისთვის, რომ აქ შემოხვიდე და ვიღაცას ბრალდებები წაუყენო მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც შენ გინდოდა.
აზარტული თამაში (ფსონის დადება) არჩევანია - იღებ რისკს და როცა საქმე ცუდად მიდის, ამაზე პასუხისმგებლობაც უნდა აიღო. მაგრამ ამას სიმწიფის გარკვეული დონე, საკუთარი თავის პატივისცემა და ღირსება სჭირდება.
მეორე მხრივ, ბოლომდე არც გამტყუნებ. აზარტული თამაშები შეიძლება იქცეს დამოკიდებულებად, რომელიც ანგრევს სიცოცხლეს, აბნელებს გონებას და იმედგაცრუებას ბოღმად აქცევს. მას შეუძლია ადამიანი იმ დონემდე დაიყვანოს, რომ სრულიად უცხო ადამიანების შეურაცხყოფა უფრო ადვილი მოეჩვენოს, ვიდრე საკუთარი გადაწყვეტილებებისთვის თვალის გასწორება.
და თუ ახლა ცხოვრებაში სწორედ ამ ეტაპზე ხარ, შენი კომენტარი შენი პრობლემებიდან ყველაზე უმნიშვნელოა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ შეძლებ ამ მდგომარეობიდან გამოსვლას", - უპასუხა ბასილაშვილმა.
ინფორმაციისთვის, საჩოგბურთო სეზონის მიწურულს, ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მეცის 125-ქულიან ჩელენჯერზე ასპარეზობს, რომელიც ჰარდის საფაროვან კორტზე ტარდება და საპრიზო ფონდი 203,900 ევროა.
გუშინ მან ტურნირის 1/16-ფინალში 26 წლის ნიდერლანდელს, მსოფლიოს 220-ე ნომერს მაქს ჰოუკესს ორ სეტში 7:6, 6:4 სძლია და მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ფრანგ კელვინ ემერისა და იტალიელ ფრანჩესკო პასაროს წყვილში უკეთესი იქნება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…