მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ტურში უკრაინას კოშიცეში დაუპირისპირდება. მწვრთნელი რამაზ სვანაძე გუნდის შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს, მათ შორის გიორგი ქოჩორაშვილის სასტარტოში დაბრუნებას.

საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგის" ბოლო ტურის მატჩში უკრაინას სლოვაკეთში, ქალაქ კოშიცეში ეთამაშება - დღეს, ჩვენი დროით 23:45 საათზე.
ისტორიულად მართლაც "საჩვენო" ტურნირი, "ერთა ლიგა", აშკარად ჩავაგდეთ. გამარჯვების ვერმოპოვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები კვლავ B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს და პლეი-ოფს თავს ვერ დააღწევს, როგორც მანამდე. თუკი წინაზე დაწინაურების შანსი ბოლომდე გვქონდა, ახლა მძიმე შედეგები გვაქვს. მხოლოდ ჩვენ ნაკრებს არ აქვს გოლი გატანილი, D ლიგაში ლიხტენშტაინმაც გაიტანა. მართლაც წარმოუდგენელია, როგორც მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ თქვა.
ქართველმა ფეხბურთელებმა უნდა სცადონ, მძიმე სიტუაციაში ფსიქოლოგიური სიმტკიცე გამოიჩინონ, საკუთარ თავს გადაახტნენ და წარუმატებლობას თავი დააღწიონ. წნეხის დროს თამაში ჩვენი ძლიერი მხარე მაინცდამაინც არასდროს ყოფილა და იმედია, ახლა სხვაგვარად იქნება.
ისე კი, ტრაგედია არც პლეი-ოფში თამაში უნდა იყოს, სადაც ბელარუსს, ესტონეთს, კვიპროსს ან ფარერებს (ბოლო ტურში მოლდოვას აჯობეს) დავუპირისპირდებით და არც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ოთხგუნდიან ჯგუფში თამაში. უფრო მნიშვნელოვანია, დავიბრუნოთ გუნდური ერთიანობა, შეთამაშება და შეტევების წარმართვის უნარი; უფრო ყურადღებიანები ვიყოთ სტანდარტული მდგომარეობების დროს, ენერგიული თამაში და პრესინგი კი მხოლოდ ერთი ტაიმის განმავლობაში არ შეგვეძლოს, ფეხბურთი ხომ 90 წუთით გრძელდება. ნუთუ მეტი არ შეგვიძლია?!

ამ ეტაპზე, მორიგი მატჩის წინ, გუნდის ვითარებას ვითვალისწინებთ, შემდეგ კი მეტია სათქმელიც, საჭიროც და გადასაწყვეტიც. შეკრების დასაწყისში ვწერდით, მწვრთნელსაც და სანაკრებო კურატორს, ალექსანდრე იაშვილსაც უშუალოდ ვუთხარით, აუცილებლად დადგება საკითხი ცალკეული კომპონენტების გაუმჯობესების შედეგებთან შეთავსებისა და გულშემატკივრებთან მხოლოდ მომავლის დაპირებების იმედად ვერ დავრჩებით. აუცილებლად აღვნიშნოთ, რაც მოგვეწონა, მაგალითად, პირველ ტაიმში გუნდის მონდომება, აგრესია, მაღალი პრესინგის მაქსიმალური მცდელობა, მაგრამ ეს ცოტა დროით და არასაკმარისად იყო. კუთხურებიდან გოლების გაშვება ჩვენი მოუგვარებელი პრობლემა გახდა და ზოგადად, ჩაწოდებების დროს აშკარად ვღელავთ; გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე რომ შეტევების წარმართვა თითქმის შეუძლებელი ხდება, ეგეც ცხადია. დაველოდოთ უკრაინასთან მატჩში რა შეიცვლება, გადამწყვეტი, საგოლე პასის გაკეთება გამოსასწორებელია!..
უკრაინის ნაკრები საქართველოსთვის ძალიან უხერხული მეტოქეა. ბოლო მატჩში, თბილისში, სტუმრებს ბევრი არაფერი შეუქმნიათ, მაგრამ ფრეს (0:0) მაინც გამორჩნენ. პარალელურად, უნგრეთი და ჩრდ.ირლანდია პირველი ადგილისთვის თუ იბრძოლებენ, აქ ის ირკვევა, ბოლო ადგილს თავს რომელი დააღწევს.
შემადგენლობაში ცვლილებები იქიდან გამოწვეულიც იქნება, ძალები ვინ როგორ აღიდგინა და არსებობს თუ არა მიკროტრავმები. რამაზ სვანაძე რასაც ნამდვილად შეცვლის, სასტარტოში გიორგი ქოჩორაშვილი დაბრუნდება. სავარაუდოდ, ანზორ მექვაბიშვილის ნაცვლად; დიდია ალბათობა, მარჯვენა ფლანგზე გიორგი წიტაიშვილი (დისკვალიფიცირებულია) ზურიკო დავითაშვილმა შეცვალოს. როტაციის მოყვარული იტალიელი მწვრთნელი მალდერა კი ბოლო მატჩის სასტარტოს არ შეეხება.
12 555-იან არენაზე მთავარი მსაჯი სლოვენიელი მარტინ მატისა იქნება, უფრო რანგით დაბალ ევროტურნირებსა და "ერთა ლიგის" C დივიზიონში რომ გვინახავს.
სავარაუდო შემადგენლობები
უკრაინა: ტრუბინი, ზაბარნი, სარაპი, მატვიიენკო, მიკოლენკო - კაშჩუკი, ოჩერეტკო, იარმოლენკო, სუდაკოვი - სიკანი, იერემჩუკი;
საქართველო: მამარდაშვილი - კაკაბაძე, გოგლიჩიძე, დვალი, ლოჩოშვილი - ქოჩორაშვილი, გაგნიძე - დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, კვერნაძე - მიქაუტაძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…