ირაკლი ქადაგიშვილი – გვარამიას აბსურდული განცხადებებით რეალობა ვერ შეიცვლება, შიშს დიდი თვალები აქვს, როდესაც დადგა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ყველაფერზე უარს ამბობენ
დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას აბსურდული განცხადებებით რეალობა ვერ შეიცვლება და ოპოზიცია სამართლებრივი პასუხისმგებლობის შიშით ყველაფერზე უარს ამბობს.

შიშს დიდი თვალები აქვს, როდესაც პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან ერთად სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, ყველაფერზე უარს ამბობენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაზე: „პარტიის გადაწყვეტილება პიროტექნიკის შეძენა ვერც იქნებოდა და არც ყოფილა. პიროტექნიკის გამოყენება არ ნიშნავს ძალადობას“.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, „სასამართლოში გვარამიას აბსურდული განცხადებებით რეალობა არ წაიშლება და ვერ შეიცვლება“.
„ნაციონალურ მოძრაობა“ თურმე პარტია ფანტომი ყოფილა, სადაც წევრები არ ყოფილა, არც სააკაშვილი ყოფილა პარტიის წევრი, არც აფეიშვილი და არც მერაბიშვილი. სასამართლოში გვარამიას აბსურდული განცხადებებით რეალობა არ წაიშლება და ვერ შეიცვლება. კარგად ვიცით, ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ხელისუფლებისგან დისტანცირების შემდეგაც ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს აგრძელებდნენ. ის ბრალდებები, რაც სარჩელშია აღწერილი ეფუძნება კონკრეტულ მტკიცებულებებს, სასამართლო გადაწყვეტილებებს, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს და კონკრეტულ ადამიანებს და კონკრეტულ ფაქტებს, რომელიც მატერიალურად არსებობს. ასეთი აბსურდული განცხადებები იმაზე მიანიშნებს, მათ რეალური სათქმელი არ აქვთ და ახლა ცდილობენ, ხალხს დააჯერონ, ის, რაც წლების განმავლობაში ვიხილეთ, თურმე არ ყოფილა და იყო რაღაც ციფრული მირაჟი, რომელიც ეკრანზე გადიოდა და სინამდვილეში, რუსთაველის გამზირზე, ამ დროს, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ და ხალხი აქეთ-იქით დასეირნობდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ნიურბერგის პროცესზე დამნაშავეები ამბობდნენ, რომ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ იმ დანაშაულებებთან, რასაც ფაშიზმი სჩადიოდა.
„შიშს დიდი თვალები აქვს, როდესაც პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან ერთად სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, ყველაფერზე უარს ამბობენ. სხვათა შორის, ასე იყო ყველა ნიურბერგის პროცესზე, სადაც დამნაშავეები ამბობდნენ, რომ არანაირი კავშირი იმ დანაშაულებებთან არ ჰქონდათ, რასაც ფაშიზმი სჩადიოდა. ეს ისტორია საზოგადოებისთვის და მსოფლიოსთვის კარგად არის ცნობილი. პროცესი მიმდინარეობს კანონიერად, საჯაროდ, ღიად და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…