პრემიერი - სასულიერო პირებთან პოლემიკაში ჩართვას არ ვაპირებთ - ჩვენ წლების განმავლობაში ეკლესიას თავდასხმებისგან ვიცავდით და ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ასეთი პოლემიკა დამაზიანებელია როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ეკლესიისათვის
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება სასულიერო პირებთან საჯარო პოლემიკაში ჩართვას არ აპირებს, რადგან ეს ორივე მხარისთვის დამაზიანებელია. მანამდე მიტროპოლიტმა იობმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შესაძლებლობები ამოწურა.

სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ეკლესიისათვის დამაზიანებელია. შესაბამისად, ჩვენ ამ პოლემიკაში ჩართვას არ ვაპირებთ და ყველას მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან ამ პოლემიკის ინიციატორები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სასულიერო პირების მხრიდან რაიმე კითხვების არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლების წევრები მზად არიან შეხვდნენ და ისაუბრონ ყველა საკითხთან დაკავშირებით, თუმცა არა საჯარო პოლემიკის ფორმატში.
“პირველ რიგში, ლაშა ნაცვლიშვილს პარტიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თავის დროზე კავშირში იყო, სერიოზული როლიც ჰქონდა, თუმცა დღეს არანაირი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, საქმის წარმოება დაწყებულია, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე და ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ისინი მიიღებენ.
ჩემთვის ზოგადად ასეთი ტიპის უხეში, შეურაცხმყოფელი განცხადებები არის მიუღებელი. რაც შეეხება მეუფე იობის განცხადებას, მე ვიტყოდი, რომ სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა, როგორც ხელისუფლებისთვის ისე ეკლესიისათვის დამაზიანებელია. შესაბამისად, ჩვენ ამ პოლემიკაში ჩართვას არ ვაპირებთ და ყველას მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან ამ პოლემიკის ინიციატორები.
თქვენ იცით, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მთელი კამპანია იყო გაჩაღებული, ამ კამპანიაში ჩართულები იყვნენ ე.წ ენჯეოები, “ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებული ტელევიზიები, მედიასაშუალებები და სხვა სუბიექტები, ჩვენ ამ წლების განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეკლესია ასეთი თავდასხმებისგან დაგვეცვა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში პროცესები ისე გაგრძელდება, როგორც ეს არის ეკლესიისა და ქვეყნის ინტერესებში.
ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ეკლესიას თავდასხმებისგან ვიცავდით და ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის როგორც ეკლესიისათვის ასევე ქვეყნისათვის არის დამაზიანებელი. ეს უნდა გაიაზროს, როგორც სასულიერო პირმა, ისე ხელისუფლების წარმომადგენელმა. შესაბამისად ჩვენ საჯარო პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებთ. თუ რაიმე კითხვები არსებობს, ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით შეხვედრისა და საუბრისთვის, მზად ვართ, თუმცა, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის. საუბარს, შეხვედრასა და დისკუსიას ყველას ვთავაზობთ, ამისათვის აბსოლუტურად ღია ვართ. საჯარო პოლემიკა არის არასწორი და ამას ვეტყოდი ყველას, როგორც სასულიერო პირს ასევე ხელისუფლების წარმომადგენელს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. სასულიერო პირი ვრცელ ქადაგებაში ამბობს, რომ „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ“, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში. ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა. აღნიშნული პოზიციის გამო, მეუფე იობი ცალკეული პირების, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან შეურაცხყოფის და თავდასხმის ობიექტი გახდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…