Intelligence Online: ივანიშვილი გადაწყვეტილებებს ჩუბინიძის მეშვეობით კარნახობს, ჩინოვნიკები კი დამოუკიდებლად არაფერს წყვეტენ
Intelligence Online-ის სტატიის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი ჩინოვნიკებს გადაწყვეტილებებს ანზორ ჩუბინიძის მეშვეობით კარნახობს, რასაც თავად ჩუბინიძე კატეგორიულად უარყოფს.
საფრანგეთში გამომავალი გამოცემა Intelligence Online-ი ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილსა და პროცესებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის საკვანძო როლზე საგამოძიებო სტატიას აქვეყნებს. როგორც „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ სიუჟეტშია ნათქვამი, გამოცემის ოქტომბრის ნომერში დაბეჭდილი სტატიის ავტორი გამომძიებელი ჟურნალისტი პიერ გასტინოა. პუბლიკაციის თანახმად, საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილი საკუთარ გადაწყვეტილებებს თანამდებობის პირებს უშუალოდ იშვიათად აცნობს და ძირითად შუამავლად სწორედ ჩუბინიძეს იყენებს.
ფრანგული გამოცემა გადამდგარი ქართველი მინისტრებისა და ძალოვანების მონათხრობზე დაყრდნობით წერს, რომ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები არცერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას თავად არ იღებენ. სტატიის მიხედვით, მაღალჩინოსნების დანიშვნისა თუ პოსტიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინებები ხშირად სწორედ ჩუბინიძის სატელეფონო ზარით ხორციელდება. თავად ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტთან საუბარში მინისტრებისთვის მსგავსი ფორმით მითითებების მიცემა კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ასეთი ფაქტი ბუნებაში არ არსებობს, ხოლო თუ მსგავსი ჩანაწერები გავრცელდება, ისინი ყალბი იქნება.
ჟურნალისტ პიერ გასტინოს ცნობით, ივანიშვილის სიფრთხილე განსაკუთრებით 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაძლიერდა, როდესაც მან მოსკოვსა და დასავლეთს შორის ბალანსირება დაიწყო, რის გამოც სატელეფონო კომუნიკაციები მაქსიმალურად შეზღუდა. სიუჟეტში ასევე აღნიშნულია, რომ მანამდე იმავე ფრანგულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამ თანამშრომელს საქართველო დაატოვებინა მას შემდეგ, რაც ისინი ივანიშვილთან დაახლოებული პირის გადაბირების მცდელობაში ამხილეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…