46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
46 წლის რონალდინიო იტალიის სერია C-ს კლუბ „რავენას“ შემადგენლობაში „ფორლის“ წინააღმდეგ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს. გუნდის მთავარი მწვრთნელის, ანდრეა მანდორლინის თქმით, ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც კლუბის თანამფლობელიცაა, მოედანზე თავდამსხმელის პოზიციაზე ითამაშებს.

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო 46 წლის ასაკში მოედანს უბრუნდება. Reuters-ის ცნობით, 46 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი 15 ნოემბერს, იტალიის სერია C-ს ეგიდით "ფორლის" წინააღმდეგ გასამართ საშინაო მატჩში, "რავენას" სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ინფორმაცია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მანდორლინიმ დაადასტურა.
"რონალდინიო ნამდვილად სასტარტო შემადგენლობაში იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება. შემდეგ კი ერთად გადავწყვეტთ, თუ რამდენ დროს გაატარებს მოედანზე. ის თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია, თუმცა ჩვენ შედეგი გვჭირდება. ჩვენ ყოველთვის სამი თავდამსხმელით ვთამაშობთ და ბრაზილიელი ერთ-ერთი მათგანი იქნება", - განაცხადა მანდორლინიმ.
რონალდინიო იტალიაში 13 ნოემბერს ჩავიდა და მატჩამდე თანაგუნდელებთან ერთად მხოლოდ ერთ ვარჯიშს ჩაატარებს. მისმა თანაგუნდელმა, სიმონე რაბიმ ასევე დააზუსტა, რომ პენალტის დანიშვნის შემთხვევაში, დარტყმას სწორედ რონალდინიო შეასრულებს.
რონალდინიომ იტალიის მესამე დივიზიონში მოასპარეზე "რავენასთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში გააფორმა და ამავდროულად, კლუბის თანამფლობელიც გახდა. მან თავისი ბოლო ოფიციალური მატჩი 2015 წლის 27 სექტემბერს გამართა. ბრაზილიის ჩემპიონატში, "ფლუმინენსეს" რიგებში "გოიასის" წინააღმდეგ (2:0) გამართულ შეხვედრაში მან პირველი ტაიმი ითამაშა, რის შემდეგაც ის შეცვალეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…