"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
შოთა არველაძე უნგრულ გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრებს არ გააჩნია მყარი საფეხბურთო ფილოსოფია და გრძელვადიანი განვითარების სისტემა. მისი თქმით, გუნდს სჭირდება სტაბილურობა, რათა შედეგები მხოლოდ ცალკეული მოთამაშეების ინდივიდუალურ ოსტატობაზე არ იყოს დამოკიდებული.

ლეგენდაურლმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების მატჩის წინ, უნგრულ გამოცემა nemzetisport-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მომავალ დაპირისპირებაზე, ჩვენ ნაკრებზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
-სამი ქულა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ორი ქულა და ნული გატანილი გოლი ერთა ლიგაზე... არის თუ არა საქართველოს ეროვნული ნაკრები კრიზისში?
"ჩვენი ქვეყანა პატარაა და აქ გამორჩეული თაობები ყოველთვის ტალღებად ჩნდებოდნენ. შესანიშნავი ქართველი ფეხბურთელები საბჭოთა პერიოდშიც იყვნენ, თბილისის "დინამომ" ევროპის თასიც კი მოიგო, თუმცა ძლიერ პერიოდებს ხშირად უფრო სუსტი ეტაპები ენაცვლებოდა.
დღესაც გვყავს გამორჩეული მოთამაშეები, მაგრამ თუ მათგან ორი ტრავმირებულია, ხოლო მესამე დისკვალიფიცირებული, ეს მაშინვე აისახება შედეგებზე. ევროპის ჩემპიონატზე გასვლით ისტორიულ წარმატებას მივაღწიეთ და გასაგებია, რომ საზოგადოება ახალ დიდ გარღვევას ელოდება.
ბევრი მიიჩნევს, რომ მიმდინარე შედეგები იმედგაცრუების მომგვრელია, თუმცა მე ამას დრამად არ მოვნათლავდი. პრობლემა უფრო ღრმაა... ჩვენ არ გვაქვს სისტემა, რომელიც გუნდს გრძელვადიან პერსპექტივაში მაღალ დონეს შეუნარჩუნებდა.
მჯერა, რომ კვლავ მოვიპოვებთ რომელიმე დიდ ტურნირზე ასპარეზობის უფლებას და ვაჩვენებთ, რისი შესაძლებლობა გვაქვს, თუმცა უმაღლეს დონეზე შედეგების სტაბილურად შენარჩუნება ბევრად უფრო რთულია.
გვყავს სამი-ოთხი გამორჩეული ნიჭის მქონე ფეხბურთელი და კიდევ ათამდე მოთამაშე, რომლებიც შესაბამის დონეზე თამაშობენ, მაგრამ ჩვენ ხომ სულ მცირე ოცდახუთი ასეთი ფეხბურთელი გვჭირდება! შეხედეთ გერმანიას ან საფრანგეთს. მათ გაცილებით მეტი რესურსი აქვთ, რათა ტრავმირებული მოთამაშეები მსგავსი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელებით ჩაანაცვლონ.
ჩვენთან კი, ერთი წამყვანი მოთამაშის არყოფნამაც კი შეიძლება მთელი გუნდის თამაში შეცვალოს. გარდა ამისა, ნაკრებიდან წავიდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. მაგალითად, ცენტრალური მცველი გურამ კაშია. წარმატების შემდეგ საზოგადოება მეტ გამარჯვებას ელის, თუმცა პატარა ქვეყნის შემთხვევაში, მოლოდინები რეალურ შესაძლებლობებს უნდა შეესაბამებოდეს. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მონაწილეობა უკვე ისტორიაა და მას ვერავინ წაგვართმევს. თუ სწორად ვიმუშავებთ, დიდ ტურნირებზე მოხვედრა, სამომავლოდაც შეგვიძლია.
სანიოლის დატოვებული მემკვიდრეობა? - მან შესანიშნავად დაამყარა ურთიერთობები ადამიანებთან, რაც საქართველოში განსაკუთრებით რთული ამოცანაა. მან შეძლო, ფეხბურთელები ერთმანეთთან დაეკავშირებინა და ისინი საკუთარ როლებს შეეგუებინათ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ დროს ატარებდნენ მოედანზე.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია. ოთხი მცველით ვთამაშობთ თუ ხუთით? შეტევას ვანიჭებთ უპირატესობას, თუ დაცვიდან ვიწყებთ? პასუხებს წლებია ვეძებთ, თუმცა ყოველი მარცხის შემდეგ ისევ და ისევ ვცვლით მათ. ეროვნულ ნაკრებს კი უფრო მყარი საფუძველი სჭირდება.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გარედან ვუყურებ, რადგან სამწვრთნელო შტაბთან არასდროს მიმუშავია. შესაძლოა, არსებობდა კიდეც რაიმე ჩანაფიქრი, რომლის შესახებაც არ ვიცი, მაგრამ ის მოედანზეც უნდა ჩანდეს.
– როგორ დაახასიათებდით ქართული ფეხბურთის თავისებურებებს და, აქედან გამომდინარე, თამაშის როგორი სტილი მოუხდებოდა ეროვნულ ნაკრებს?
ადრე ხშირად ისე გავდიოდით მოედანზე, რომ თითოეულს მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა სურდა. ყველაფერი ინდივიდუალურ ოსტატობაზე იყო აგებული. გვქონდა სამი ბრწყინვალე მატჩი, რომლებსაც სამი სუსტი თამაში მოსდევდა და ეს მაშინ, როცა ჩვენი თაობის წარმომადგენლები "მილანში", ბუნდესლიგასა და ევროპის სხვა წამყვან კლუბებშიც კი თამაშობდნენ.
იმ პერიოდში, ლუი ვან გაალთან, დიკ ადვოკაატთან თუ რონალდ კუმანთან მუშაობისას, დავინახე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მიზანმიმართული, გააზრებული განვითარება. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ დღეს მხოლოდ შეტევაზე ან მხოლოდ დაცვაზე ფოკუსირება საკმარისი აღარ არის. საჭიროა მათი ერთმანეთთან დაკავშირება და ისეთი თამაშის ჩამოყალიბება, სადაც თითოეულმა იცის თავისი კონკრეტული ამოცანა.
ქართველი ფეხბურთელების ნიჭი და ტექნიკური მომზადება სანახაობრივი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა, თუმცა მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობა სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს. თუ სათამაშო სტილის ჩამოყალიბებას მხოლოდ ეროვნული ნაკრების დონეზე ვეცდებით, ეს პროგრესისთვის საკმარისი არ იქნება. გრძელვადიანი განვითარების პროგრამაში თავისი როლი უნდა შეასრულონ ფედერაციამ, აკადემიებმა, მწვრთნელებმა და სახელმწიფომაც.
–გაქვთ რაიმე რეცეპტი?
უპირველეს ყოვლისა, უნდა განვსაზღვროთ, სად გვინდა ვიყოთ ოცი წლის შემდეგ. მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ გერმანელები. მათ წარმატების პერიოდშიც კი გააცნობიერეს, რომ ცვლილებები იყო საჭირო და განვითარების ახალი პროგრამები შეიმუშავეს. ჩვენც იგივე გზას უნდა დავადგეთ. საჭიროა კოორდინირებული მუშაობა, დაწყებული U14, U15 და U16 ასაკობრივი გუნდებიდან. დღეს ხდება ისე, რომ ქართველი ბავშვი პირდაპირ "არსენალში" ხვდება, მაშინ როცა ჩემს დროს დასავლეთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯი თურქეთი იყო.
ანუ, ნიჭიერი ბავშვები გვყავს და მათ მსოფლიოს საუკეთესო კლუბებიც ამჩნევენ. მაგრამ რას აწყდებიან ისინი სამშობლოში დაბრუნებისას? საზღვარგარეთ ისინი საუკეთესო მწვრთნელებისგან სწავლობენ, აქ კი ხშირად მხოლოდ იმას ესმით: "გადი მოედანზე და აჩვენე ქართული ხასიათი". თუმცა, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის.
– ხელმძღვანელობას ქართველ ექსპერტებს მიანდობდით თუ უცხოელებს?
UEFA-სა და FIFA-ს მხარდაჭერა, ისევე როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება, ძალიან დაგვეხმარება, თუმცა გადაწყვეტილება, თუ რა მიმართულებით წავიდეთ, თავად უნდა მივიღოთ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ წარმატებას დრო სჭირდება. საქართველოში ფეხბურთი იმდენად მგრძნობიარე თემაა, რომ ეროვნული ნაკრების შედეგებმა შესაძლოა პოლიტიკურ განწყობებსა და არჩევნებზეც კი მოახდინოს გავლენა. რთულია გრძელვადიან პერსპექტივაზე ფიქრი, როცა ყველას მყისიერი გამარჯვებები სურს.
– მოკლევადიან პერსპექტივაში, ხომ არ უნდა ჰქონდეს გავლენა ეროვნულ ნაკრებზე U21 ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს?
მას უნდა მიეცეს დრო და შესაძლებლობა, საფუძველი ჩაუყაროს საქმეს. თუმცა, მთავარ მწვრთნელს რამდენიმე დღეში მხოლოდ დეტალების შეცვლა შეუძლია. სათამაშო სისტემა ისედაც გამართული უნდა იყოს, როდესაც ახალი მწვრთნელი მოდის. მაგალითად, საფრანგეთში მწვრთნელს გარკვეული ჩარჩოები აქვს. როდესაც ზინედინ ზიდანი გასახდელში შედის, ის თავისი ავტორიტეტით მყისიერად ახდენს გავლენას ფეხბურთელებზე, თანაც ზუსტად იცის, რა საფუძველზე შეუძლია აშენება.
ჩვენც უნდა მივიდეთ იმ ეტაპამდე, როდესაც გვეცოდინება, როგორი ფეხბურთის თამაში გვსურს და რა ტიპის სპეციალისტს ვეძებთ ამ მიზნის მისაღწევად.
– საკმარისი იქნება თუ არა ოთხი ვარჯიში ისეთი ტაქტიკის შესამუშავებლად, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნა ნაკლებად შესამჩნევი იქნება?
ასეთი მოთამაშის ჩანაცვლება ერთ დღეში შეუძლებელია. ცოტა რომ გადავაჭარბოთ, ოთხ დღეში ისეთმა ფაქტორებმაც კი, როგორიცაა ამინდი ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებები, შეიძლება ხელი შეუშალოს, მაგალითად, საჯარიმო დარტყმებისა თუ კუთხურების დამუშავებას.
ამიტომაც საჭიროა გამართული, სტაბილური სათამაშო სისტემა. თუმცა, ეს სიტუაცია იმითაც არის კარგი, რომ სხვებს ეძლევათ შანსი, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. ბევრი ისე საუბრობს ხვიჩაზე, თითქოს ეროვნული ნაკრები მხოლოდ მისგან შედგებოდეს, არადა, წარმატებაში წვლილი მის თანაგუნდელებსაც მიუძღვით. ბიჭებს შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ ფეხბურთის ეფექტიანად თამაში მის გარეშეც ძალუძთ. არ უნდა ვისაუბროთ მუდმივად მის არყოფნაზე, პირიქით, უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ სეზონის განმავლობაში ხანდახან მის გარეშე მოგვიწევს თამაში.
– ოთხ მატჩში საქართველოს ნაკრებმა კარის მიმართულებით 40-ჯერ დაარტყა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
მაგალითად გიორგი მიქაუტაძეს მოვიყვანდი. ერთ პერიოდში ის ყველა ძლიერ მეტოქეს უტანს გოლს, მეორე პერიოდში კი საგოლე მომენტებს ვერ იყენებს. როგორც ყოფილ თავდამსხმელს, კარგად ვიცი, რომ ასეთი პერიოდები ხდება ხოლმე - ასეთია ფეხბურთი!
ეს თამაში სწორედ იმით არის უნიკალური, რომ კლუბებს შეუძლიათ ააშენონ უზარმაზარი სტადიონები, დახარჯონ ასობით მილიონი ფეხბურთელებში, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი შეიძლება ამაო აღმოჩნდეს და მატჩი უგოლოდ დასრულდეს. მთავარია, გუნდში იყვნენ ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ, მატჩის ბედი დამოუკიდებლად გადაწყვიტონ.
–ჰყავს თუ არა საქართველოს ნაკრებს ასეთი მოთამაშეები?
გიორგი მიქაუტაძეს შეუძლია გოლის გატანა იქიდან, სადაც, ერთი შეხედვით, სახიფათო არაფერი ჩანს. ამავე კლასის მოთამაშეა გიორგი ჩაკვეტაძეც. ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნა მისთვის შეიძლება ხელსაყრელიც კი აღმოჩნდეს, რადგან მას საშუალება ექნება, თავის საუკეთესო პოზიციაზე მარცხენა ფლანგზე ითამაშოს.
ხშირად ყველაფერს ინდივიდუალური ოსტატობა წყვეტს. გაიხსენეთ თუნდაც ლიონელ მესის თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე. როგორი გამართული ტაქტიკაც არ უნდა ჰქონდეთ გუნდებს, საბოლოო ჯამში, ერთმა ბრწყინვალე ეპიზოდმა შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.
-ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორი მატჩს ელით შაბათ საღამოს?
წინასწარ ვერ ვიტყვით, რომელი ინდივიდუალური გადაწყვეტილება გადაწყვეტს შეხვედრის ბედს, ან რა სიურპრიზებს ამზადებენ მწვრთნელები. საქართველოში უნგრეთის დამარცხება ისტორიული სენსაცია არ იქნება.
ჩვენ გვაქვს ამის რესურსი, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ხარისხის ფეხბურთს ვაჩვენებთ. თუ დარჩენილ ორ მატჩს მოვიგებთ, 8 ქულა გვექნება, ხოლო ჩვენი სატურნირო მდგომარეობა სხვა შეხვედრების შედეგებზეც იქნება დამოკიდებული. მე კვლავაც მჯერა ჩვენი ფეხბურთელების.
–და საქართველოს გამარჯვებისაც?
პროგნოზებში ხშირად ვცდები ხოლმე, ამიტომ საბოლოო შედეგს არ დავასახელებ, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი განცდა მაქვს.
-რას იტყოდით ხვიჩა კვარაცხელიაზე "ოქროს ბურთის" დაჯილდოვებაზე მის მე-6 ადგილზე?
ეს ხომ წარმოუდგენელია! გასაოცარია, რომ ხვიჩა მხოლოდ მეექვსე ადგილზე გავიდა. მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ასევე ევროპის სუპერთასიც. როგორ შეიძლება, ამ ყველაფრის შემდეგ მეექვსე იყოს? ჩემპიონთა ლიგა ხანგრძლივი ტურნირია, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო გუნდები მონაწილეობენ და მან თავი ყველა ეტაპზე გამოიჩინა.
ჩემი აზრით, ის აუცილებლად სამეულში უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, შეიძლება სუბიექტური ვიყო, მაგრამ ძნელი გასაგებია, რა მოხდა ლონდონში. მით უმეტეს, რომ "ოქროს ბურთი" ინდივიდუალური ჯილდოა, ხვიჩამ კი უმაღლეს დონეზე ბრწყინვალედ იასპარეზა.
მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ის წარმოუდგენლად მოკრძალებულია. როდესაც "ოქროს ბურთის" დაჯილდოებამდე საქართველოში, ფრანჩესკო ტოტის მონაწილეობით, ღონისძიება მოვაწყვეთ, ხვიჩას ეშინოდა, ხალხს არ ეფიქრა, თითქოს ის საკუთარ თავს არეკლამებდა.
სხვა ფეხბურთელები ღიად აცხადებენ, რომ ჯილდოს იმსახურებენ, მას კი არ სურდა, ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს საკუთარ თავს უწევს პოპულარიზაციას. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს - ეს მის პიროვნულ თვისებებზე მიუთითებს".
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…