პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია უნგრეთთან მატჩში ვერ დაეხმარება. ავტორი კრიტიკულად აფასებს გუნდის სათამაშო სტილს, ტაქტიკურ ხარვეზებს და ფეხბურთელებისგან მეტ თავდადებას ითხოვს.

უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
სპორტალი

ჩვენ არასოდეს ვმალავთ, რასაც ვწერთ და დროის გასვლასთან ერთად, წერილების დღეის მდგომარეობით გააზრების საშუალებას გაძლევთ. საქართველო - უნგრეთის მატჩის წინ განმეორებით გთავაზობთ სტატიას, რომელიც 3 ოქტომბერს, უნგრეთში (0:1) წაგებული დაპირისპირების შემდეგ გამოქვეყნდა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო, ხვიჩა კვარაცხელიას საშუალება არ ექნება, უნგრელთა ლიდერ სობოსლაის დაუმტკიცოს, მართლაც ვინაა საუკეთესო!..

"რეკვიემი ოცნებაზე" არის ფილმი, რომელიც საქართველოს ნაკრებში არსებულ ვითარებას იქნებ კარგად ასახავს, მაგრამ ძალიან არ გვინდა, ეს ბოლომდე ასე მოხდეს. ჯერ რასაც ვხედავთ, ეიფორიისა და ილუზიიდან აშკარა ჩიხში შევედით, ღრმა კრიზისში შესვლა კი, ფილმის შინაარსს ბოლომდე რომ მივყვეთ, არაფრით გვინდა.

მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ თქვა (უნგრეთთან 0:1-ის შემდეგ), სამ დღეში სხვა ხასიათზე ვიქნებითო, მაგრამ არც ის გვინდა, ქართულ ფეხბურთში დაპირებების ხანა დაბრუნდეს - თქვენ ითამაშეთ და ჩვენ გავიხარებთ! დროის სვლა ის არასასურველი მოლოდინია, დღევანდელი თაობის "დაკარგვისკენ" რომ მიდის. კიდევ ერთი ტურნირის გარეშე დარჩენა?! კი, ჯერ შესარჩევი ეტაპიც წინაა, მაგრამ....

ჩვენი ფეხბურთელები ცოტა კომფორტის ზონაში არიან. "კარგი თაობა", "ამდენი შემტევი" "მწვრთნელის ბრალია" და ამასობაში, იქნებ თვითკრიტიკა აკლიათ, საკუთარ თავზე გადახტომა, ძველებური ჟინი და ამასობაში, ცოტა ძლიერ მოწინააღმდგეებთან (B ლიგაში) გოლი ვეღარ გაგვაქვს...

ახლა ტაქტიკურ ნაწილზე...

გასაგებია, რომ ქართველი ფეხბურთელების რაოდენობა ტოპ ლიგებში გაიზარდა, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვთამაშობთ, თანამედროვე ფეხბურთისგან საკმაოდ შორსაა. ერთი და იმავეს გამეორება გვიწევს - შეტევა მეკარისა და დაცვიდან უნდა იწყებოდეს და შეცდომები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი! ამავდროულად, არ უნდა გავართულოთ იქ, სადაც პირიქით, გამარტივება შეიძლება. დავაკვირდეთ ტოპმატჩებს, თუ რამდენს ნიშნავს მოძრაობა და ტემპი; ავიღოთ საილუსტრაციოდ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი, სადაც ესპანელთა ნახევარდაცვამ საფრანგეთის ვარსკვლავური შეტევა "გააქრო." დასკვნები მარტივია. ამას დავუმატოთ ის, გუნდები აუტებს ისე ავითარებენ, საგოლე შანსები იქმნება და ჩვენ კი კუთხურიდან და ჯარიმიდან ვერაფერს გამოვადნობთ, წინასწარ ვიცით...

ვილი სანიოლის გაშვება იმიტომ დაგვიანდა, გუნდს რწმენა და საკუთარი უნარების გამოვლენის უნარი ეკარგებოდა და ეს მწვრთნელამდე მიდიოდა. ორი წელია, დაბლა ვეშვებით და რეაქცია დაგვიანდა - ზემოდან ქვემოთ და პირიქით! ახლა რაღაცები იცვლება, თუნდაც ის, სვანაძე ფეხბურთელებისკენ არ იშვერს ხელს; თუნდაც ის, მეკარე მამარდაშვილი კარიდან შორს რომ არ ურტყამდა და დაცვის ხაზით ბურთით ამოტანას ვცდილობთ, მაგრამ ასეთი მცირე დეტალებით და პერსპექტივებით ხასიათს ვერ გამოვიკეთებთ.

რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი? - კითხვა, რომელიც ყველგან გესმით. ხვიჩას საქართველოში გამართლება ნამდვილად არ სჭირდება, ის ახლა იდეალურ ფორმაში რომ არაა, თავადაც შესანიშნავად იცის. ამის მიუხედავად, როცა სხვადასხვა რგოლებს შორის ამხელა დისბალანსია, მხოლოდ შემტევისგან მოითხოვო, თამაში "გააკეთოს", შეუძლებელიც კია. "კვარა" ცდილობს გუნდს შეტევების წარმართვაში დაეხმაროს, ბურთი ცარიელი კარიდანაც გამოიტანა, მაგრამ ის, რომ შეტევაში მისი საუკეთესო მხარე ვნახოთ, ერთიანი მექანიზმია საჭირო. ამავდროულად, როცა "ოქროს ბურთი" ასე ახლოსაა, სადაც სამშობლო მხარს ძალიან გიჭერს, მაქსიმალური მცდელობებია საჭირო, შენი ინდივიდუალიზმით გადამწყვეტი სიტყვა იქნებ თქვა. რაც შეეხება სობოსლაის, როცა ნახევარდაცვაში ასეთი ფუფუნება გაქვს, ფეხბურთელმა ილიდეროს და მოედნის ყველა მონაკვეთში იყოს, ბედნიერებაა და ჩვენ ამას მოკლებულები ვართ.

შუა ხაზი ვახსენეთ და აქ ჩვენ ფეხბურთელებს სისტემურობა, სტაბილურობა და ფიზიკური მომზადება აკლიათ და ეს თავს სხვადასხვა სიტუაციაში იჩენს. პერიოდული გამონათებები საქმეს არ შველის. მთავარი მწვრთნელი აქაც უნდა გავაკრიტიკოთ. ადრე ვთქვით რისკის მნიშვნელობაზე და... ჯერ იყო, გიორგი ქოჩორაშვილის შეყვანა ოთარ კიტეიშვილის შეცვლით ვერ გაბედა, როცა "კიტეს" გაფრთხილებაც ჰქონდა და დიდი ალბათობით, მის გაყვანას მეორე ტაიმის შუაში მაინც აპირებდა. ოთარის ტრავმამ რამაზ სვანაძეს გეგმები აურია, მაგრამ მინდორზე კვლავ ვერ ვიხილეთ ავსტრიაში კარგი პრაქტიკის მქონე გიზი მამაგეიშვილი. არ არის ახლა ანზორ მექვაბიშვილი კარგ კონდიციებში და მისი გამოყენება ძალაა?! თანაც ეს "ნაკლებად რისკის" საფარქვეშ რომ ხდება.

ორი თამაშია, სამწვრთნელო შტაბისგან სიახლეს ველით და თითქოს უკვე ათასჯერ ნანახ ფილმს ვუყურებთ. თუკი სანიოლი ფეხბურთელების შესაძლებლობებს იდეალურად ვერ იყენებდა, უნდა ადგე და შეცვალო, რამე მოიფიქრო და არა ის, გიორგი კვერნაძე ამხელა რეიდს აკეთებდეს და რამდენიმე მეურვის გარემოცვაში დამხმარეც კი ვერ იპოვოს.

დავიღალეთ, ძალიან დავიღალეთ ამდენი ნეგატივისგან, მაგრამ სხვა გზას არ გვიტოვებენ. ტაქტიკა ტაქტიკად და სტრატეგია სტრატეგიად, მაგრამ თითოეული ფეხბურთელი უნდა გაუფრთხილდეს იმ სიყვარულსა და ნდობას, რომელიც ქართველი გულშემატკივრებისგან მიიღეს. მთავარია, ადამიანებმა დაინახონ, რომ მათი ბედნიერებისთვის ისევ ყველაფერს აკეთებთ; მათ უნდათ, ისევ გაიხარონ გოლებით და თქვან, რომ "უყვართ ბომბარდირი"... ყოველთვის ეკლერის მორთმევა არ იქნება, ზოგჯერ გამოსაფხიზებლად ცხარე ინგრედიენტიც საჭიროა!..

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები