შალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობას, ეს არის წვრილმანი შურისძიება, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ახასიათებს
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობა ბრიუსელის ბიუროკრატიის წვრილმანი შურისძიებაა და ევროკავშირი ქვეყნის დაზიანების კურსზეა გადართული. მან ელჩ პაველ ჰერჩინსკისგან 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის დაგმობა მოითხოვა.

რაც შეეხება დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობას, ესეც არის წვრილმანი შურისძიება, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ახასიათებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველო დაკავშირებადობის მინისტერიალზე დაბალ დიპლომატიურ დონეზეა მიწვეული.
შალვა პაპუაშვილი თქმით, მსგავსი ქმედებებით ბრიუსელი თავადვე ზარალდება.
„ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ ამ წვრილმანი პწკენებით და შურისძიებებით ბოლოს თვითონვე მარცხდებიან, თვითონვე ზარალდებიან, ეკონომიკურადაც თვითონვე ზიანდებიან, პოლიტიკურადაც თვითონვე ზიანდებიან. საქართველო პოლიტიკურადაც წინ მიდის და პოლიტიკურადაც ძლიერდება. საკუთარი მცდარი გამოცდილებიდან მაინც ხომ უნდა ისწავლონ რაღაც და ისე იმოქმედონ.
რაც შეიძლება ასეთ გადაწყვეტილებებს, სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე. ჩანს, რომ ეს არის ნათელი გეგმა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დაზიანდეს პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად. ყველა ამ მიმართულებაში ჩვენ ვხედავთ ევროკავშირი, მისი საელჩო პირდაპირ არის ჩართული საქართველოს დაზიანების გეგმის განხორციელებაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პირველი ნაბიჯი, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის სურვილი დაადასტუროს არის ის, რომ ევროკავშირის ელჩმა დაგმოს 4 ოქტომბრის მოვლენები.
„ჩვენ მოვითხოვთ, რომ ევროკავშირის ელჩმა დაგმოს 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი. ეს სიტყვები გვაინტერესებს მისგან. მანამ, სანამ პაველ ჰერჩინსკის განცხადებიდან ამ სიტყვებს არ მოვისმენთ, რომ ის გმობს 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, მანამდე ის რჩება ამ შტურმის მხარდამჭერი, მიმჩქმალავი და ამ მოძალადეების ხელის დამფარებელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…