სამწუხაროდ, ეს თემა აიტაცეს იმ ოპოზიციურმა ლიდერებმა, რომელთაგანაც ხმამაღალი განცხადებები გვახსოვს საპატრიარქოსთან დაკავშირებით - ზვიად შალამბერიძე მეუფე იობის განცხადებაზე
ზვიად შალამბერიძე მეუფე იობის მიერ მმართველი გუნდის კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა ეს თემა აიტაცეს, მაშინ როცა მანამდე საპატრიარქოს „მეხუთე კოლონას“ ადარებდნენ.
"ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება. არ აქვს მნიშვნელობა ეს საერო პიროვნება იქნება თუ სასულიერო. ამაში უცნაური არაფერი არ არის, ყველას შეუძლია თავისი აზრი დააფიქსიროს, თუნდაც გარკვეულწილად ეს იყოს პოლიტიკური", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე მეუფე იობის სიტყვებს, რომელმაც მმართველი გუნდი ქადაგებისას გააკრიტიკა.
როგორც ზვიად შალამბერიძემ გადაცემაში "ღამის კურიერი" სტუმრობისას აღნიშნა, მართალია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ყველას უფლებაა, თუმცა როდესაც პოლიტიკურ განცხადებას მაღალი იერარქიის სასულიერო პირი აკეთებს, ამას გარკვეული რეზონანსი მოყვება.
"ყველას შეუძლია თავისი აზრი დააფიქსიროს, თუნდაც გარკვეულწილად ეს იყოს პოლიტიკური. მაგრამ როდესაც მეუფე ამას აკეთებს, რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, რომ ამას გარკვეული რეზონანსი ექნება.
იმაში უცნაური არაფერია, რომ მომავალში შეიძლება უკეთესი ხელისუფლება მოვიდეს, უკეთეს ხელისუფლებას მისცეს ხმა და შესაბამისად, ჩვენ უნდა დავთმოთ ხელისუფლება. ახალი გუნდი უნდა მოვიდეს ისეთი, რომელიც წინ წაიყვანს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით.
დღეს როდესაც ვამბობთ, რომ განგაშის სიგნალი უნდა შემოვკრათ და სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ რაღაცა, შევცვალოთ ხელისუფლება და ა.შ., ეს, რა თქმა უნდა, იმ დემოკრატიულ საწყისებს ეწინააღმდეგება, რაზეც ჩვენი ხელისუფლება დგას.
რა თქმა უნდა, უცნაური არაფერი არ არის, თუ არჩევნების გზით ხელისუფლება არჩევნებზე შეიცვლება. მაგრამ ამ შემთხვევაში, სამწუხაროა, რომ ეს თემა აიტაცეს იმ ოპოზიციურმა ლიდერებმა, რომელთაგანაც ძალიან ხმამაღალი განცხადებები გვახსოვს საპატრიარქოს მიმართულებით.
ყველაზე მსუბუქს ვიტყვი, იმიტომ, რომ ვერ გავიმეორებ ამას, ეს იყო ერთ-ერთი მათგანი რომელიც ადარებდა მეხუთე კოლონას. გვახსოვს ძალიან ბინძური შეფასებები, რომლითაც მოიხსენიებდნენ საპატრიარქოს და დღეს ეს ადამიანები გულზე მჯიღს ირტყავენ, რომ თითქოს მათზე მეტი გულშემატკივარი საპატრიარქოს არა ჰყავს", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…