ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება - პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტში შეხვედრისას ქართული ენისა და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა "ვეფხისტყაოსნიდან" ამონარიდები წაიკითხეს
ჩინეთში მყოფმა ქართულმა დელეგაციამ პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტსა და პარლამენტში შეხვედრები გამართა, სადაც მხარეები პოლიტიკური მხარდაჭერის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.

ქართული დელეგაციის წევრებს პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტში უმასპინძლეს. სასწავლებლის ქართული ენისა და ქართველოლოგიის შემსწავლელი პროგრამის სტუდენტებმა "ვეფხისტყაოსნიდან" ამონარიდები წაიკითხეს.
სწორედ საგანმანათლებლო სფეროში არსებული კავშირების გაღრმავების, გაცვლითი პროგრამებისა და სტუდენტების საჭიროებების შესახებ ისაუბრეს პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას. ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანწილად კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს.
ორმხრივი ურთიერთობების, უფრო კონკრეტულად კი, საპარლამენტო კონტაქტების გამყარების მიმართულებით იმსჯელეს პეკინში კიდევ ერთ შეხვედრაზე, რომელიც ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა. ქართული დელეგაციის წევრებს ჩინეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები შეხვდნენ. ორივე მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერების კუთხით, პოზიტიური როლი შეასრულა რამდენიმე თვის წინ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჩინეთში განხორციელებულმა ვიზიტმა.
ქართული დელეგაცია პეკინში ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელის მიწვევით იმყოფება. ორი დღის განმავლობაში დედაქალაქში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა. ქართველ კანონმდებლებს ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრმა უმასპინძლა.
საქართველო-ჩინეთის ორმხრივი პოლიტიკური მხარდაჭერის დასტურად, მხარეები მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. ისტორიული შეხვედრა გაიმართა ჩინეთის ახალგაზრდობის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან. "ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ 2027 წლის ზაფხულში ჩინეთში დაგეგმილ მსოფლიო ახალგაზრდული განვითარების ფორუმზე ოფიციალური მიწვევაც მიიღო. საინტერესო დისკუსია გაიმართა ასევე ქალთა განათლების ინსტიტუტშიც.
პეკინის შემდეგ, ქართული დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში, ხვალ ქალაქ ჰანგჯოუში გამართავენ შეხვედრებს.
ავტორი: ნანა გოგატაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…