Web Summit არის უმსხვილესი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ტექნოლოგიების, ინოვაციების, სტარტაპების სფეროში ყოველწლიურად დაახლოებით 100 000 პროფესიონალს, ინვესტორს აერთიანებს და აქ საქართველო ეროვნული პავილიონით მონაწილეობს - ირაკლი ნადარეიშვილი
ლისაბონში მიმდინარე Web Summit-ზე საქართველო მეოთხე წელია ეროვნული პავილიონით მონაწილეობს, აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

„ლისაბონში მიმდინარე Web Summit არის უმსხვილესი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ტექნოლოგიების, ინოვაციების, სტარტაპების სფეროში ყოველწლიურად დაახლოებით 100 000 პროფესიონალს, ინვესტორს აერთიანებს და აქ საქართველო მეოთხე წელია, ეროვნული პავილიონითაა წარმოდგენილი“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, რომელიც პორტუგალიის დედაქალაქში Web Summit 2026-ს ესწრება.
გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილია მასშტაბური პავილიონით „StartUP in Georgia” ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სსიპ ინვესტიციების სააგენტოს თანამშრომლობით ხორციელდება.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, სამიტის ფარგლებში უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კორპორაციებთან დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.
„Web Summit-ზე საქართველო წარმოდგენილია ეროვნული პავილიონით - აქ არიან ქართული სტარტაპები. ღონისძიების განმავლობაში იმართება მთელი რიგი დამატებითი ღონისძიებები ქართული სტარტაპებისა და ეკოსისტემის შესახებ.
ჩვენ გვაქვს ორმხრივი შეხვედრები უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კორპორაციებთან, რომლებიც ასევე არიან წარმოდგენილი ამ პლატფორმაზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
Web Summit წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას ინოვაციებისა და ტექნოლოგიური იდეების გასაზიარებლად, პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად და ეკოსისტემების გასაერთიანებლად. სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა ქვეყნისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინოს საკუთარი სტარტაპ ეკოსისტემა, მოიზიდოს საერთაშორისო ინვესტორები და შექმნას ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები გლობალურ მასშტაბზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…